მას შემდეგ, რაც დასავლეთსა და რუსეთს შორის უკრაინის საკითხზე დაპირისპირება ყოველღიურად ძლიერდება, თურქეთის პრეზიდენტი კიევში ჩავიდა.
აღნიშნულს მოჰყვა თურქესა და უკრაინას შორის მრავალმხრივი თანამშრომლობის დაანონსება, მათ შორის, დრონების ქარხნის მშენებლობა უკრაინაში.
რა პოზიცია აქვს შავი ზღვის რეგიონის ერთ-ერთ მთავარ მოთამაშეს, თურქეთს, უკრაინისა და რუსეთის დაპირისპირებისას, რა მიზანს ემსახურება წინა კვირაში ერდოღანის ვიზიტი კიევში და შეუძლია თუ არა მას შეასრულოს მედიატორის როლი შექმნილი კრიზისის დროს?
კიევში ვიზიტის დეტალები და გაფორმებული შეთანხმებები
3 თებერვალს თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, უკრაინასა და რუსეთს შორის ჯერ კიდევ მიმდინარე კრიზისის ფონზე, უკრაინის დედაქალაქს ოფიციალური ვიზიტით ეწვია.
ვიზიტისასა მხარეებმა ხელი მოაწერეს რვა ორმხრივ შეთანხმებას, მათ შორის, ორ ქვეყანას შორის სამხედრო თანამშრომლობისა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ.
რეჯეფ თაიფ ერდოღანის ვიზიტი უკრაინაში ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30-ე წლისთავს დაემთხვა.
იგი კიევში საკუთარ მეუღლესთან და თურქულ დელეგაციასთან ერთად მას შემდეგ ჩავიდა, რაც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ერდოღანის მიწვევას, ჩასულიყო ანკარაში, რათა რეგიონის სტაბილურობის შესახებ ესაუბრათ, დიპლომატიური უარით უპასუხა. სანაცვლოდ, პუტინი თურქ კოლეგას დაჰპირდა, რომ ანკარაში მაშინ ჩავიდოდა, როდესაც ამის შესაძლებლობას მისცემდა პანდემიური მდგომარეობა და მისი განრიგი.
ერდოღანის ვიზიტისას უკრაინასა და თურქეთს შორის ხელი მოეწერა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას.
ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმების ცერემონიალი/ ფოტო: უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალური ვებ-გვერდი
ამ შეთანხმების გაფორმება ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკებების საგანი იყო ათწლეულების განმავლობაში.
შეთანხმებას, რომელიც გაამარტივებს უკრაინული და თურქული პროდუქციის მიმოცვლას და გაზრდის ვაჭრობის მოცულობას, ხელი მოაწერეს უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიჰალმა და თურქეთის ვაჭრობის მინისტრმა მეჰმეთ მუშმა, თურქი და უკრაინელი პრეზიდენტების თანდასწრებით.
პრეზიდენტების განცხადებით, „ეს ორი ქვეყნის ურთიერთობებში ახალი ნაბიჯია, რამაც ქვეყნებს შორის 10-მილიარდიანი სავაჭრო ბრუნვა სრულიად რეალისტური გახადა“.
„უკრაინელი ექსპორტიორები დაზოგავენ 370 მილიონ დოლარს ყოველწლიურად, რომელიც გადასახადებსა და ტარიფებში უნდა გადაეხადათ. წინასწარი პროგნოზით, აღნიშნული შეთანხმება ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტს წლიურად 2.2 პროცენტით გაზრდის, ხოლო შინამეურნეობების შემოსავალს- წლიურად 2.6 პროცენტით“, – განაცხადა უკრაინის პრემიერმა დენის შმიჰალმა.
მისივე განცხადებით, შავი ზღვის ყველა პარტნიორი ქვეყანა, გარდა რუსეთისა, მათ შორის საქართველო, მოლდოვა, ბულგარეთი, რუმინეთი, თურქეთი და ახლა უკვე უკრაინაც, გაერთიანებულნი არიან მსგავსი წესების მქონე თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებით.
გარდა სავაჭრო სფეროში შეთანხმებისა, მხარეებმა ხელი მოაწერეს მაღალგანვითარებულ ტექნოლოგიებში, ავიაციასა და კოსმოსში თანამშრომლობის შესახებ ჩარჩო-შეთანხმებასაც.
უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ალექსი რეზნიკოვმა შეთანხმებაზე ხელმოწერამდე ცოტა ხნით ადრე განაცხადა, რომ აღნიშნული შეთანხმებით უკრაინაში თურქული უპილოტო საფრენი აპარატების, Bayraktar-ების ქარხანა აშენდება.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებითკი, თავდაცვის ინდუსტრია და ავიაცია არის მთავარი მამოძრავებელი ძალა ორი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორობაში. Baykar (Bayraktar-ების მწარმოებელი კომპანია გააფართოებს უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებას უკრაინაში, უკრაინა კი გააძლიერებს საკუთარ სამხედრო შესაძლებლობებს ამ ახალი ტექნოლოგიებით და შექმნის სამუშაო ადგილებს.
თურქული Bayraktar, უპილოტო საფრენი აპარატი. მისი სხვადასხვა მოდიფიკაცია გამოიყენება დაზვერვითი და მოწინააღმდეგეზე თავდასხმითი მიზნებისთვის.
თურქული Bayraktar-ები განსაკუთრებით პოპულარული გახდა ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ. სამხედრო ანალიტიკოსთა უმრავლესობის თანახმად, აზერბაიჯანულმა მხარემ ომში გარდამტეხი უპირატესობის მოპოვება სწორედ თურქული და უცხოეთიდან მოწოდებული სხვა საფრენი აპარატების დახმარებით შეძლო.
გარდა სავაჭრო და სამხედრო შეთანხმებებისა, ორ ქვეყანას შორის გაფორმდა შემდეგი შეთანხმებები:
- შეთანხმება ახალგაზრდული პოლიტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ;
- ურთიერთგაგების მემორანდუმი უკრაინის სახელმწიფო საგადასახადო სამსახურსა და თურქეთის რესპუბლიკის ხაზინისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურებს შორის ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ;
- ურთიერთგაგების მემორანდუმი უკრაინის სახელმწიფო საბაჟო სამსახურსა და თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის სამინისტროს შორის ერთობლივი საბაჟო საბჭოს შექმნის შესახებ;
- შეთანხმება სამოქმედო გეგმის შესახებ, უკრაინის სახელმწიფო საბაჟო სამსახურსა და თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის სამინისტროს შორის ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორების პროგრამების ურთიერთაღიარების თაობაზე;
- შეთანხმება უკრაინის მინისტრთა კაბინეტსა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის 2009 წლის 4 დეკემბრის სამართალდამცავ სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე;
- ურთიერთგაგების მემორანდუმი უკრაინის სტანდარტიზაციის, სერტიფიცირებისა და ხარისხის პრობლემების სახელმწიფო ცენტრსა და თურქეთის სტანდარტების ინსტიტუტს შორის.
ბალანსის პოლიტიკა კიევსა და მოსკოვს შორის თუ კიდევ ერთი „სავაჭრო კარტი“
ერდოღანმა უკრაინაში ყოფნისას მხარდაჭერა გამოუცხადა ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, მათ შორის- ყირიმის ნახევარკუნძულზეც, რომელიც ამჟამად რუსეთის ფედერაციის მიერაა ანექსირებული.
სირიის არაბთა რესპუბლიკის, ლიბიისა და მთიანი ყარაბაღის შემდეგ, მკვლევართა ნაწილისთვის უკრაინა განიხილება რუსეთ-თურქეთის კომპლექსური მეტოქეობითა და თანამშრომლობით დაბალანსებულ ურთიერთობებში შესაძლო ერთგვარ მეტოქეობის სივრცედ.
თურქეთის მკვლევრის, სანდრო ბაკურაძის განცხადებით, უკრაინაში გააქტიურების სახით ოფიციალური ანკარა ცდილობს კიდევ ერთი „სავაჭრო კარტი“ შეიძინოს, რომელსაც „კარგად გამოიყენებს რუსეთთან სხვა სივრცეებზე ვაჭრობის დროს“.
„ერდოღანი ცდილობს, როგორც ლიბიასთან მიმართებაში მოხდა, უკრაინის სახით კიდევ ერთი სავაჭრო კარტი ჰქონდეს, რომელსაც, მათ შორის, სირიაში გამოიყენებს.
როგორც ირკვევა, რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ასადის მთავრობა იდლიბის პროვინციამდე ადრე თუ გვიან მივა, რომელსაც ახლა ჯიჰადისტები აკონტროლებენ და ლტოლვილების საკმაოდ დიდ წყაროს წარმოადგენს.
აქ ერდოღანი ცდილობს, რომ რაც შეიძლება გადაავადოს ის გარდაუვალი სამხედრო ოპერაცია, რაც იდლიბში დაიწყება“, – აცხადებს ბაკურაძე.
იდლიბის პროვინცია სირიის ჩრდილოეთში, თურქეთის მეზობლად მდებარეობს. სირიის სამოქალაქო ომის დაწყების შემდეგ პროვინციას, მათ შორის, აკონტროლებენ თურქეთთან დაკავშირებული მეამბოხეები, სადაც სირიელი იძულებით გადაადგილებული პირების ბანაკებია განთავსებული.
მისივე განცხადებით, უკრაინის ღიად მხარდაჭერით თურქეთი ასევე ცდილობს დასავლეთი დაარწმუნოს, რომ იგი კვლავ დასავლური სივრცის ნაწილია.
თურქეთის პრეზიდენტმა უკრაინაში ვიზიტამდე ცოტა ხნით ადრე განაცხადა, რომ უკრაინაზე თავდასხმის შემთხვევაში, თურქეთი იმოქმედებს, როგორც ნატოს წევრი ქვეყანა.
უკრაინის მხარდამჭერი რიტორიკის პარალელურად, ერდოღანი ორ ქვეყანას შორის მომრიგებლის ფუნქციის შესრულებას ცდილობს. მან უკრაინასა და რუსეთს თურქეთისთვის მეგობრული სახელმწიფოები უწოდა, რომლებიც შავი ზღვის მხრიდან ესაზღვრება.
Türkiye Karadeniz’den komşu olduğu iki dost ülke arasındaki krizin sonlandırılması için üzerine düşeni yapmaya hazırdır.
Liderler seviyesinde bir zirveye ya da teknik görüşmelere memnuniyetle ev sahipliği yapabiliriz. pic.twitter.com/q89e4ZyNIt
— Recep Tayyip Erdoğan (@RTErdogan) February 3, 2022
თურქეთის პრეზიდენტმა რუს და უკრაინელ კოლეგებს შესთავაზა თურქეთში მაღალი დონის შეხვედრა, რასაც პოზიტიურად შეხვდა უკრაინული მხარე.
სანდრო ბაკურაძის განცხადებით, თურქეთში, ერთი მხრივ, იმედოვნებენ, რომ რუსეთისადმი შედარებით ნაკლებად ხისტი პოზიციის შემთხვევაში, სირიაში რუსეთი ანკარას „მწვანე შუქს“ აუნთებს ქურთების ავტონომიის განადგურებასთან დაკავშირებით.
„მაგრამ ასადის ხელისუფლებასა და რუსეთს ქურთების ავტონომიის გაძლიერება შეიძლება, არ უნდოდეთ, მაგრამ მათ სჭირდებათ ეს ბუფერული ზონა თურქეთთან, ამიტომ ამგვარი მოლოდინი არ არსებობს“, – აცხადებს ბაკურაძე.
მისივე განცხადებით, თურქეთს რეალურად არ შეუძლია იყოს მედიატორი უკრაინასა და რუსეთს შორის, რადგან ამ ქვეყნებზე რაიმე დიპლომატიური ზემოქმედების მოხდენის საშუალება არ აქვს.
„თურქეთს რეალურად არვითარი ბერკეტი არ გააჩნია იმისათვის, რომ თუნდაც რუსეთს ან უკრაინას რაიმე სახის დიპლომატიური გამოსავალი შეთავაზოს.
როცა არ არსებობს ამგვარი ბერკეტი, იქ მსგავსი სახის მოლაპარაკებები სიმბოლურობისთვისაა განწირული. იგივეა, საქართველომ აზერბაიჯანისა და სომხეთის მოლაპარაკებები რომ წამოიწყოს, უბრალოდ ქვეყნების ზომებია განსხვავებული“, – აცხადებს სანდრო ბაკურაძე.
უკრაინასა და რუსეთს შორის ურთიერთობები ბოლოს, განსაკუთრებით იანვრის თვეში დაიძაბა.
დასავლური სადაზვერვო ცნობების მიხედვით, რუსეთი უკრაინაზე თავდასასხმელად ემზადება, რასაც მოსკოვი უარყოფს, თუმცა ფოტო და ვიდეომტკიცებულებები ცხადყოფს, რომ რუსეთი განაგრძობს უკრაინის საზღვართან, მათ შორის ბელორუსის ტერიტორიაზე, სამხედრო მობილიზაციას.
დასავლელი ლიდერების განცხადებით, ყველა ქვეყანას თავად აქვს უფლება აირჩიოს საკუთარი საგარეო და პოლიტიკური კურსი, ხოლო უკრაინაზე თავდასხმის შემთხვევაში, რუსეთს სანქციებით ემუქრებიან.
უკრაინას სამხედრო და ფინანსური დახმარება გაუწიეს დასავლეთის რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის, გაერთიანებულმა სამეფომ, პოლონეთმა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, კანადამ, ბალტიურმა ქვეყნებმა.