საზოგადოება

„ლუკმაპური გვინდა“ — გარემოვაჭრეების რეაქცია კალაძის გადაწყვეტილებაზე

26 იანვარი, 2022 • 1805
„ლუკმაპური გვინდა“ — გარემოვაჭრეების რეაქცია კალაძის გადაწყვეტილებაზე

თბილისის მერიას ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიიდან გარემოვაჭრეთა გაყვანა სურს. კახა კალაძის განცხადების მიხედვით, აღნიშნულის წინაპირობა გახდა უკმაყოფილო მოქალაქეთა შეტყობინებები, რომლებიც მეტროს მიმდებარედ ტროტუარების გადატვირთულობაზე ჩივიან.

„ძალიან ბევრი ზარი და შეტყობინება შემოვიდა იმასთან დაკავშირებით, რომ მეტროსადგურ „ვარკეთილის“ ტერიტორიაზე ფეხით გადაადგილება პრობლემას წარმოადგენს.

თემა ეხება გარემოვაჭრეებს, რომელთაც დაკავებული აქვთ ტროტუარი“, — თქვა მერმა 26 იანვარს, ქალაქის მთავრობის სხდომაზე.

კალაძემ დასძინა, რომ მეტროს მიმდებარედ სავაჭრო სივრცეები არსებობს და სამგორის რაიონის გამგებელს დაავალა, მოელაპარაკოს აღნიშნული ობიექტების დირექციას, “რომ იმ მოქალაქეებმა, რომლებიც გარეთ ეწევიან ეკონომიკურ საქმიანობას, შესაბამისი მიზნით გამოყოფილ სივრცეში გადაინაცვლონ”.

ვარკეთილის მეტროს 3 ამოსასვლელი აქვს. წლებია, მიმდებარედ გაშლილ, დიდი თუ მცირე ზომის დახლებზე ადამიანები ხილ-ბოსტნეულს, წვრილ საყოფაცხოვრებო ნივთებსა და ტანისამოსს ყიდიან.


„ნეტგაზეთი“ მეტროს ერთ-ერთ ამოსასვლელთან მომუშავე გარემოვაჭრეებს გაესაუბრა და გარე სივრცეში საქმიანობის მიზეზებზე ჰკითხა. ასევე, დავინტერესდით, რას ფიქრობენ ისინი თბილისის მერის განცხადებაზე.

ადამიანები, რომელთაც ვესაუბრეთ, ორ ძირითად გარემოებაზე ამახვილებენ ყურადღებას: ერთი მხრივ, შიშობენ, რომ სავაჭრო სივრცეებში გადასვლის შემთხვევაში, მომხმარებელი შეუმცირდებათ და იმ მცირე შემოსავალსაც დაკარგავენ, რომელსაც ახლა, მეტროს მიმდებარედ იღებენ.

მეორე მხრივ, მოვაჭრეები საუბრობენ დამატებით გადასახადზე, რომელიც ხსენებულ სივრცეებში საქმიანობას უკავშირდება.

„ვაჭრობა და ლუკმაპური გვინდა. ბაზარში რომ შევიდე, რა საქონელი მაქვს, რომ იქ გადავიხადო გადასახადები?

კაციშვილი არ შემოვა ბაზარში. აქ თუ ვართ, რას ვაკეთებთ, რას ვშოულობთ?” – უთხრა „ნეტგაზეთს“ მაია კემერთელიძემ, რომელიც წლებია, ვარკეთილის მეტროსთან ხილსა და ბოსტნეულს ყიდის.

„სავაჭრო სივრცეში შესული ვიყავი მე თვითონ და რაც აქ მაქვს, ის საქონელი მქონდა გაშლილი. მთელი დღის განმავლობაში 1 კილო ლობიო გავყიდე და ჩეკშიც [გადასახადშიც] არ მეყო ის ფული“, – აღნიშნავს კიდევ ერთი მოვაჭრე გიული გელაშვილი.

კალაძემ თანამშრომლებს დაავალა, „გონივრული ვადა მისცეს“ გარემოვაჭრეებს და დაეხმარონ სპეციალურ სივრცეში გადასვლაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი