პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც აზარტული თამაშების რეკლამას კრძალავს, თამაშს მილიონამდე ადამიანს უზღუდავს და ითვალისწინებს ონლაინ აზარტულ თამაშების ორგანიზატორი კომპანიების ახლებურად დაბეგვრას.

ცვლილებების ნაწილი, – კერძოდ, აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა, – 2022 წლის პირველი იანვრიდან იყო დაგეგმილი, თუმცა კრიტიკის შემდეგ, 2022 წლის პირველ მარტამდე გადავადდა.


13 დეკემბერს საქართველოს პარლამენტში წარადგინეს კანონპროექტთა პაკეტი, რომელიც სათამაშო ბიზნესს ახალ რეგულაციებს უწესებს სხვადასხვა მიმართულებით.

კერძოდ:

  • სრულად იკრძალება როგორც ონლაინ, ასევე ფიზიკურ სივრცეში არსებული სათამაშო ბიზნესის რეკლამირება (თუმცა სპონსორობა კვლავ დაშვებული იქნება);
  • სრულად იკრძალება 25 წლამდე პირებისთვის თამაში;
  • ონლაინ სათამაშო ბიზნესის დაბეგვრის მექანიზმი იცვლება.

ცვლილებები რამდენიმე კანონში შედის, მათ შორის, ახალი შეზღუდვების პარალელურად, ამ შეზღუდვების დარღვევისთვის დაწესებული ჯარიმები იზრდება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში.

პარლამენტმა ცვლილებები დაჩქარებულად განიხილა.

ვრცლად:


ოპოზიციონერი პარლამენტარების ნაწილი, – გიორგი ვაშაძე, „ლელოს“ წარმომადგენლები, – აცხადებს, რომ ემხრობიან ლუდომანიის პრობლემის მოგვარებას, თუმცა გამოხატავენ შეშფოთებას იმ შესაძლო დარტყის გამო, რაც მედიას მიადგება აზარტული თამაშების აკრძალვით.

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე გამოვიდა ინიციატივით, რომ – რადგან, მისი თქმით, აზარტული თამაშების რეკლამა ტელევიზიების შემოსავლების 25%-ს შეადგენს და ტელემედიისთვის დიდი დარტყმა იქნება, – მოხდეს რეკლამის ეტაპობრივი აკრძალვა:

  • აზარტული თამაშების რეკლამა 1 მარტიდან, სამი თვით, ტელევიზიებში აიკრძალოს დილის 6-დან საღამოს 9 საამდე;
  • პარალელურად მოხდეს ტელევიზიების დავალდებულება, გაუშვან სოციალური რეკლამა, რომელიც აზარტული თამაშების მავნე ზეგავლენას აჩვენებს;
  • თუ წინა ორი შეთავაზება არ იქნება მოწონებული, დაწესდეს დროებითი საგადასახადო შეღავათები მედიებისათვის, სანამ სარეკლამო ბიზნესი არ აღდგება.

ცვლილებების ნაწილი, – რეკლამის აკრძალვა, – პირველი იანვრიდან იყო დაგეგმილი, თუმცა კრიტიკის შემდეგ, დღეს კანონპროექტის მომხსენებელმა დავით სონღულაშვილმა განაცხადა, რომ ამოქმედების ვადა პირველ მარტამდე გადავადდება.