საზოგადოება

შესაძლოა, „ენკამ“ ნამახვანჰესის შენება გააგრძელოს — „ეს იყო წინასაარჩევნო პოპულიზმი“

15 ნოემბერი, 2021 • 9330
შესაძლოა, „ენკამ“ ნამახვანჰესის შენება გააგრძელოს — „ეს იყო წინასაარჩევნო პოპულიზმი“

თითქმის 2 თვის თავზე იმ დღიდან, როდესაც ნამახვანჰესის ინვესტორმა კომპანია „ენკამ“ მთავრობას ოფიციალურად აცნობა გადაწყვეტილება ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ, ცნობილი ხდება, რომ ინვესტორმა, შესაძლოა, პროექტის მშენებლობა გააგრძელოს.

„რიონის ხეობის მცველები“, რომლებიც ხეობაში ნამახვანჰესის წინააღმდეგ პროტესტს აგრძელებენ, აცხადებენ, რომ თუკი „ენკა“ პროექტში დარჩება, ეს დაადასტურებს, რომ კომპანიამ „წინასაარჩევნო პოპულიზმში“ მიიღო მონაწილეობა.

ქრონოლოგია და თურნავას ახალი განცხადება

2021 წლის 22 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ კომპანია „ენკამ“, რომელიც რიონის ხეობაში ნამახვანჰესს აშენებდა, საქართველოს მთავრობას აცნობა გადაწყვეტილება ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ.

გასულ კვირას „ნეტგაზეთს“ ეკონომიკის სამინისტროში განუცხადეს, რომ 22 სექტემბრის შემდეგ „ენკასა“ და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს შორის 2 შეხვედრა გაიმართა ნეიტრალურ ტერიტორიაზე – არც საქართველოში და არც თურქეთში.

შეხვედრების მიზანი, სამინისტროს თანახმად, არის „მოლაპარაკება და მხარეების მიერ ერთმანეთთან პოზიციების გაცვლა“.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა

ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ ცნობის გაგზავნიდან დაახლოებით 7 კვირაში პროექტის შესაძლო მომავლის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი.

კერძოდ, ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ 15 ნოემბერს მთავრობის კანცელარიაში ბრიფინგზე ჟურნალისტების კითხვაზე პასუხად თქვა, რომ „ენკასთან“ მოლაპარაკებები გრძელდება და დასძინა:

„თანაბრად განიხილება ახლა, ამ ეტაპზე, როგორც პროექტის გაგრძელება მათ მიერ, ასევე, მათი მხრიდან პროექტიდან გასვლა გარკვეული პირობებით“.

თურნავას თქმით, „ორივე შემთხვევაში ეს უნდა იყოს ჩვენი ეკონომიკის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება“ და ამ საკითხზე ეკონომიკის სამინისტრო იუსტიციის სამინისტროსთან ერთად მუშაობს.

მინისტრს სხვა დეტალები არ დაუზუსტებია. მხოლოდ განაცხადა: „ჩვენი ამოცანაა, რომ ამ კომპანიასთან ჩვენი შეთანხმება მოხდეს ამა თუ იმ ფორმით, არბიტრაჟის გარეშე“.

ამასთან, ნათია თურნავამ თქვა, რომ კომპანიის მხრიდან მსგავსი „შემხვედრი სურვილიც სახეზეა“.

რიონის ხეობა

„საარჩევნო პოპულიზმი“

„ჩვენ თავიდანვე ვეჭვობდით, რომ რაღაცაში იყო საქმე“, – ასე ეხმაურება „ნეტგაზეთთან“ საუბარში მინისტრ თურნავას კომენტარს „რიონის ხეობის მცველების“ ლიდერი ვარლამ გოლეთიანი.

გოლეთიანის მონათხრობის თანახმად, კომპანიის 22 სექტემბრის განცხადებაში ხეობაში  არსებითად არაფერი შეცვლილა:

„ყველაფერი ადგილზეა: კომპანიის კუთვნილი ტექნიკა, „კემპინგი“ რომ აქვთ მოწყობილი… ეს ყველაფერი ხელუხლებლად დევს. პოლიციაც ისევ იქ დგას. ამიტომ გვაქვს ეჭვი, რომ აქ შეიძლება ნებისმიერ დროს შემობრუნდეს პროცესი [და მშენებლობა გაგრძელდეს“, – ამბობს იგი.

გოლეთიანის შეფასებით, ხეობიდან ტექნიკის გაყვანის გაჭიანურება უცნაურია კომპანიის მხრიდან: „თუკი გასვლას გადაწყვეტილად აპირებს კომპანია, ჩემი აზრით, ის არ დაელოდება, როდის მოთოვს ხეობაში და დემონტაჟის პროცესი გართულდება“.

მისი თქმით, ეს გარემოება იმაზე მეტყველებს, რომ „რაღაც გადათამაშება შეიძლება მიდიოდეს“:

„რა კონფიგურაციით დალაგდება, – „ენკა“ იქნება თუ სხვა ჩამნაცვლებელი მოვა „ნამახვანჰესის“ აშენების მიზნით, – ეგ არ ვიცით, მაგრამ დღევანდელი განცხადებიდან ირკვევა, რომ თავად „ენკაც“ შეიძლება დარჩეს პროექტში“, – გვეუბნება ვარლამ გოლეთიანი.

აქტივისტის შეფასებით, ინვესტორის შესაძლო დარჩენა „რიონის ხეობის მცველებისთვის“ წარმოუდგენელი იყო, განსაკუთრებით, კომპანიის მიერ სტამბოლის საფონდო ბირჟაზე გაკეთებული განცხადების შემდეგ, მაგრამ, – „როგორც ჩანს, ასეთებიც შეიძლება მოხდეს“.

ვარლამ გოლეთიანი. ფოტო: სოფო აფრიამაშვილი/ნეტგაზეთი

გოლეთიანი „ნეტგაზეთთან“ საუბარში ამბობს, რომ თუკი 22 სექტემბრის განცხადების მიუხედავად, – და გოლეთიანი ხაზს უსვამს, რომ ეს გადაწყვეტილება არჩევნებამდე დაახლოებით 10 დღით ადრე გამოცხადდა, – საბოლოოდ მაინც დადასტურდა, რომ „ენკა“ პროექტში რჩება, „გამოდის, რომ კომპანიასაც მონაწილეობა მიუღია წინასაარჩევნო პოპულიზმში“.

„თუკი მართლაც ასე დადასტურდა და „ენკა“ დარჩა პროექტში, გამოდის, რომ წინასაარჩევნო თამაშში აჰყვა ხელისუფლებას და შეთანხმებულად მოქმედებდნენ თავიდანვე“, – ამბობს გოლეთიანი.

„მნიშვნელოვანია ხელახალი შეფასებები“

სოციალური სამართლიანობის ცენტრის (ყოფილი EMC-ის) მკვლევრის, გიორგი ცინცაძის თქმით, მინისტრის 15 ნოემბრის კომენტარი ადასტურებს, რომ პროექტის ბედი კვლავ არ გადაწყვეტილა და არსებული პროექტის გაგრძელებაც განიხილება.

„მიუხედავად იმისა, რომ პროცესი დიდი ხანია ჩიხშია შესული, სახელმწიფო უარს ამბობს გამოსავლის მოძებნაზე და ამის მაგივრად დახურულ კარს მიღმა ცდილობს იმ პროექტის შენარჩუნებას, რომელმაც პროცესი ამ მდგომარეობამდე მიიყვანა“, – ამბობს გიორგი ცინცაძე „ნეტგაზეთთან“ საუბარში.

ამ ვითარებაში, მკვლევრის თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, არ შეფერხდეს არსებული პროექტის დოკუმენტაციის გადახედვა და დასრულდეს პროექტის სხვადასხვა ნაწილის ხელახალი შეფასება. ეს პროცესი კი ევროკავშირის ენერგოგაერთიანების მედიაციით მიმდინარე მოლაპარაკებებს უკავშირდება.

გიორგი ცინცაძე, „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ მკვლევარი. ფოტო: „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“

„ხეობაში „რიონის ხეობის მცველების” წინააღმდეგობა ნარჩუნდება, პროექტის გარშემო არსებული კითხვების დიდი ნაწილი კი კვლავ პასუხგაუცემელი რჩება. ამასთან, კვლავ არ დაწყებულა საკვანძო საჩივრის განხილვა მშენებლობის ნებართვის ბათილობის შესახებ“, – ამბობს ორგანიზაციის წარმომადგენელი.

გიორგი ცინცაძე ასევე საუბრობს „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ საჩივარზე, რომლითაც ორგანიზაცია ითხოვდა ნამახვანჰესის მშენებლობის ნებართვის გაბათილებას. აღნიშნული ნებართვა, „ენკას“ 22 სექტემბრის განცხადების მიუხედავად, კვლავ ძალაშია. ორგანიზაცია მას უკანონოდ მიიჩნევს.

საჩივარი 28 სექტემბერს წარედგინა ეკონომიკის სამინისტროს და მასზე გადაწყვეტილება, მკვლევრის თქმით, 28 ოქტომბერს უნდა გამოცხადებულიყო, თუმცა „ამ დრომდე არც გადაწყვეტილება დამდგარა და არც მისი მიღების ვადა გახანგრძლივებულა“.


„ნეტგაზეთი“ დაუკავშირდა „ენკას“ თბილისის ოფისს ეკონომიკის მინისტრის განცხადებაზე დამატებითი კომენტარის მისაღებად, თუმცა კომპანია ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს და აცხადებს, რომ მთავრობასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

პროექტის შესახებ:

ნამახვანის პროექტი ორი, 333 და 100 მგვტ სიმძლავრის ჰესის მშენებლობას გულისხმობდა მდინარე რიონზე.პროექტის ღირებულება დაახლოებით 830 მილიონი აშშ დოლარი იყო.

კონტრაქტი მთავრობას გაცილებით მეტ პასუხისმგებლობას აკისრებდა სხვადასხვა სცენარის განვითარების შემთხვევაში, ვიდრე ინვესტორს – კონტრაქტის თანახმად, ხელშეკრულების გაწყვეტის შემთხვევაში, კომპანია პოტენციურად უკეთეს ვითარებაში აღმოჩნდებოდა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „ნეტგაზეთის“ საჯარო ინფორმაციაზე მოთხოვნის პასუხად ოქტომბერში დაადასტურა, რომ ნამახვანჰესის პროექტთან დაკავშირებით კანონმდებლობით გათვალისწინებული დასკვნა გაცემული არ ჰქონია.

მასალების გადაბეჭდვის წესი