საზოგადოება

რეალურია თუ არა “სამაგალითო მოდელის” შექმნის პერსპექტივა წალენჯიხაში

9 ნოემბერი, 2021 • 1655
რეალურია თუ არა “სამაგალითო მოდელის” შექმნის პერსპექტივა წალენჯიხაში

31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, მედიისა და პოლიტიკოსების ნაწილის ინტერესმა საქართველოს დიდი ქალაქებიდან სწრაფად გადაინაცვლა წალენჯიხისკენ, რომელიც ერთადერთი “ოპოზიციური მუნიციპალიტეტი” იქნება ქვეყანაში.

მინიმუმ ერთი პოლიტიკოსი ამბობს, რომ წალენჯიხაში საცხოვრებლად გადასვლას აპირებს, არასამთავრობო ორგანიზაცია ადგილზე “დემოკრატიის ჰაბს” ხსნის, ბიზნესის სფეროს ზოგიერთი წარმომადგენელი კი მუნიციპალიტეტში საქმიანობის დაწყებაზე ფიქრობს.

რა პერსპექტივა აქვს წალენჯიხას? შეძლებს თუ არა მისი ახლად არჩეული მერი, თანაგუნდელებთან ერთად, შექმნას თვითმმართველობის მოდელი და რეალურია თუ არა ოპტიმიზმი მუნიციპალიტეტის ახალ რეალობაზე იმ პირობებში, როცა თვითმმართველობას საქართველოში გაცილებით მცირე ძალა აქვს, ვიდრე ცენტრალურ ხელისუფლებას?

ცოტა რამ წალენჯიხაზე

თბილისიდან 350 კმ-ით დაშორებული, სამეგრელო-ზემო სვანეთში მდებარე პატარა მუნიციპალიტეტი ორ ქალაქსა (წალენჯიხა, ჯვარი) და 14 სოფელს აერთიანებს.

საქსტატის 2021 წლის მონაცემებით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ფაქტობრივად, ცხოვრობს 23 300 ადამიანი: აქედან 4 600 -ქალაქებში, 18 700 კი — სოფლად.

2021 წლის ოქტომბრის სტატისტიკით, წალენჯიხის რაიონის 7 766 მოსახლე საარსებო შემწეობას იღებს.

მუნიციპალიტეტის წლევანდელი ბიუჯეტი ბოლო ცვლილების შემდეგ 20 857 200 ლარს შეადგენს. აქედან 14 440 600 ლარი საკუთარი შემოსავლებია, 6 616 600 ლარი კი — სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილი ტრანსფერები.

ფოტო: Facebook/წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო 

სოფლის მეურნეობის დარგებიდან წალენჯიხაში ერთ-ერთი წამყვანი თხილის მოყვანა-დამუშავებაა.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ექცევა ენგურის ჰიდროელექტროსადგური.

ტურისტებს შორის პოპულარულია ტობავარჩხილის ტბები, რომლებიც წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტებს შორის მდებარეობს. წალენჯიხაშია მინერალური წყლებით მდიდარი კურორტი სქური და არაერთი ისტორიული ძეგლიც, მათ შორის, ციხეები და სალოცავები.

წალენჯიხაში მოქმედებს რამდენიმე ცნობილი საზოგადო მოღვაწის, მათ შორის, ტერენტი გრანელისა და ლეო ქიაჩელის სახლ-მუზეუმები.

არჩევნები 2021: რა მოხდა წალენჯიხაში

თვითმმართველობის არჩევნების წინა პერიოდში წალენჯიხიდან ისევე ვრცელდებოდა ცნობები არაჯანსაღი წინასაარჩევნო გარემოს შესახებ, როგორც საქართველოს სხვა არაერთი მუნიციპალიტეტიდან.

ერთ-ერთ მაჟორიტარულ ოლქში “ქართული ოცნების” კანდიდატი უკონკურენტოდ დარჩა, რადგან მანამდე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა კანდიდატურები, სავარაუდოდ, ზეწოლის შედეგად მოხსნეს. აღნიშნულზე საუბრობდა როგორც ოპოზიცია, ისე არასამთავრობო სექტორი.

წალენჯიხის მერის არჩევნების პირველი ტური ოპოზიციის კანდიდატმა 1.037%-იანი სხვაობით მოიგო: გაცილებით ნაკლებით, ვიდრე, მაგალითად, ზუგდიდში, სადაც მეორე ტურში, ოფიციალური შედეგებით, სახელისუფლებო კანდიდატმა გაიმარჯვა.

რა მოხდა წალენჯიხაში და როგორ მოიგო ოპოზიციამ მეორე ტური? ოპოზიციაში არ ეთანხმებიან აზრს, რომ ხელისუფლებამ აქ საჭიროდ არ ჩათვალა დიდი რესურსის დახარჯვა და გადაწყვიტა, 1 მუნიციპალიტეტი ოპოზიციისთვის დაეთმო.

“წალენჯიხაში, რომელშიც ეგზიტპოლებიც არ ტარდებოდა თავისი პერიფერიული მდგომარეობის გამო, ხელისუფლებამ პირიქით, ორმაგი რესურსი დახარჯა და აგიხსნით, რატომაც”, — ეუბნება “ნეტგაზეთს” გიორგი ხარჩილავა, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი და წალენჯიხის ახლად არჩეული მერი.

გიორგი ხარჩილავა 

ხარჩილავა ფიქრობს, რომ “წალენჯიხაში გამარჯვება გადამდებია”. ის იხსენებს ვარდების რევოლუციას, როცა “ცვლილებები წალენჯიხიდან დაიწყო და ამ ცვლილებებმა ოლიგარქია, შევარდნაძის რეჟიმი დაამარცხა”.

ახლად არჩეული მერი მიიჩნევს, რომ მუნიციპალიტეტის მნიშვნელობა ამ კუთხით არ დაქვეითებულა და აქ გამარჯვებას პრინციპული დატვირთვა ჰქონდა როგორც “ქართული ოცნებისთვის”, ისე — ცვლილებების მოსურნე წალენჯიხელებისთვის.

“4 კანდიდატი მოიხსნა საარჩევნო პერიოდში ოპოზიციური ფლანგებიდან. ეს ყველაფერი მოხდა რეპრესიული მექანიზმების შედეგად:

პროცესში ჩართული იყო სახელმწიფო მანქანები, ეკონომიკური რესურსები, ადმინისტრაციული რესურსები, ხელისუფლებას მიტმასნილი ადამიანები და შესაბამისი სამინისტროების ადგილობრივი სამსახურები.

არის ზღვარი, რის შემდეგაც გაყალბება შეუძლებელია. ეს ზღვარი წალენჯიხაში ვერ გადაილახა, რადგან ის ადამიანი, რომელიც არ ცვლის არჩევანს, წალენჯიხაში ძალიან ბევრი აღმოჩნდა”.

უკეთესი თვითმმართველობა, ოპტიმიზებული ბიუჯეტი და სხვა — რას ჰპირდება ოპოზიცია წალენჯიხას

არჩევნებამდე წალენჯიხის ადგილობრივი ოპოზიციის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს კოალიციური თანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის მიხედვითაც ახლა მუნიციპალიტეტის მთავრობა უნდა დაკომპლექტდეს.

ენმ-სთან ერთად მემორანდუმის ხელმომწერნი არიან “ევროპული საქართველო”, “ლელო”, “მესამე ძალა” და არასამთავრობო ორგანიზაცია “ხმა”.

გიორგი ხარჩილავა ამბობს, რომ კონკრეტულ სახეებთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობს, თუმცა მოსახლეობას გადაჭრით ჰპირდება “ფართო კოალიციას მთელი თავისი გაგებით”:

“მე ახლა ვმუშაობ ადგილზე თვითმმართველობის სისტემის დახვეწისთვის და იმ სამაგალითო მოდელის წარმოდგენისთვის…

წალენჯიხა უკვე საპილოტე მოდელი ხდება მთელი ქვეყნის მასშტაბით, იდეების გენერირების თვალსაზრისით.

ექსპერტთა ჯგუფთან ერთად ჩვენ ვაპირებთ ახალი მოდელების შემოტანას, დანერგვას და ინიციირებას უკვე საკანონმდებლო ორგანოში”.

წალენჯიხაში გაფორმებული მემორანდუმი კოალიციური თანამშრომლობის შესახებ 

საპასუხოდ კითხვისა, კონკრეტულად როგორ წარმოუდგენია ასეთი მოდელის შექმნა, ხარჩილავა გადაწყვეტილებების მიღებისას ფართო დისკუსიებსა და მედიასთან ღიაობაზე, ასევე, თვითმმართველობისთვის მოსახერხებელი საგადასახადო სისტემების ინიცირებაზე საუბრობს, უფრო მეტ დეტალს კი, მისი თქმით, საზოგადოება ნოემბრის ბოლოს, შესაბამის პრეზენტაციაზე გაიგებს.

“დღევანდელი კანონმდებლობა არის ცენტრალიზებულ ვერტიკალზე აგებული სისტემა. ფაქტობრივად, თვითმმართველობა [დაშორებულია] ადამიანისგან და რეგიონისგან. ის ნაწილი, რომელიც თვითმმართველობას აქვს, ცენტრალიზებულია. დეცენტრალიზაციის თემატიკა წამოვა”, — ამბობს ის.

როგორ აპირებს ახლად არჩეული მერი, გაზარდოს/ჯეროვნად გამოიყენოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი? ხარჩილავა ამბობს, რომ 2022 წლის ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრები უკვე გაწერილია, თუმცა უკვე არსებული პარამეტრების პირობებშიც შესაძლებლად მიაჩნია “სრულიად სხვა სურათის მიღება”.

“ჩვენ ამ კოალიციური საკრებულოთი მოვაშორებთ მას კორუფციულ ნაწილს, ნეპოტისტურ კორუფციას და სატენდერო სქემებს, მივიღებთ გაცილებით ეფექტურად დაყვანილ ბიუჯეტს ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესამდე.

ეს არის ძალიან დიდი გარღვევა და ჩვენი პოლიტიკაც იქნება დაგეგმვაში, ხარჯვითი ნაწილის პრიორიტეტების განსაზღვრაში, მოსახლეობის ჩართულობაში, ქვემოდან ზემოთ.

ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში უნდა შემოვიდეს სისტემა, რაც ნიშნავს ადგილებზე მოქალაქეების თანამონაწილეობას საბიუჯეტო პროცესებში”.

ენგურჰესი

ერთ-ერთი წყარო, რომლითაც ახლად არჩეულ მერს ადგილობრივი ბიუჯეტის გაზრდა წარმოუდგენია, ენგურჰესია. მისი თქმით, იმუშავებს იმისთვის, რომ მუნიციპალიტეტს ხსენებული პროექტიდან მეტი დარჩეს ქონების გადასახადის სახით.

“ეს არის აფასების საკითხი: ენგურისთვის თვითღირებულების, რეალური, საბალანსო ღირებულების დადგენა, რათა ქონების გადასახადის შესაბამისი ანარიცხი მოხვდეს წალენჯიხის ბიუჯეტში.

ამ პროცესს სჭირდება მექანიზმების ამუშავება, აუდიტის მოწვევა, რისი გაკეთებაც საკრებულოს შეუძლია. ჩვეულებრივი გზა არის, რომელსაც საკრებულოს გაივლის:

ენგურჰესის აფასების მოთხოვნა, ამ შედეგების დადება და შესაბამისი ანარიცხების მიღების მოთხოვნა ცენტრალური ხელისუფლებისგან”.

ხარჩილავას თქმით, ამ საკითხზე საკრებულოს მუშაობის პერიოდშიც ნამუშევარი აქვს. როგორც აღნიშნავს, პროცესი ადვილი არ არის, თუმცა რეალურია. საპასუხოდ კითხვისა, ელის თუ არა მსგავს საკითხებზე თანამშრომლობას ცენტრალური ხელისუფლებისგან, ის ამბობს:

“ეს არის დინამიკა მუშაობაში. ინიციატივების განხილვას ვაპირებთ მოქმედ რეჟიმში და ყველაფერს წარმოვაგდენთ საჯაროდ მედიისთვის, ექსპერტთა წრისთვის და დადასტურებულ პასუხს მოველით ყველაფერზე, თუ რატომ “არ…”

ეს არის დინამიკური პროცესი და რადიკალიზაციას არც ველი, ცივილიზებულ კალაპოტში უნდა მიმდინარეობდეს”.

“საინვესტიციო ამინდი”

გიორგი ხარჩილავა ოპტიმისტურად უყურებს იდეებს, რომლებიც ზოგიერთი კომპანიისგან, არასამთავრობო ორგანიზაციისგან თუ კონკრეტული პირებისგან წამოვიდა წალენჯიხაში ოპოზიციის გამარჯვების შემდეგ.

“ლელოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ თქვა, რომ საცხოვრებლად წალენჯიხაში გადადის, ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ მუნიციპალიტეტში ბიზნესის დაწყება არ გამორიცხა, პაატა ბურჭულაძემ კი ადგილზე თავისი ფონდის ფილიალის გახსნის მზაობა გამოთქვა. წალენჯიხის პროექტით დაინტერესებულია პოლიტიკოსი და ბიზნესმენი ცეზარ ჩოჩელიც. მეორე ტურის შედეგების გაცხადებიდან მალევე, არასამთავრობო ორგანიზაცია EECMD-მა თქვა, რომ მუნიციპალიტეტში “დემოკრატიის ჰაბს” ხსნის.

ახლად არჩეული მერი აცხადებს, რომ არაერთგზის იღებს შეთავაზებებს სხვადასხვა ორგანიზაციიდან თუ ბიზნესწრეებიდან.

მისივე სიტყვებით, კონკრეტული ორგანიზაციის იურიდიული მისამართის შეცვლა და წალენჯიხაში გადატანა ადგილობრივ ბიუჯეტზე ერთბაშად არ აისახება, “მაგრამ საინვესტიციო ამინდი უკვე შექმნილია”.

“ის წალენჯიხის ამომრჩეველმა შექმნა თავისი გადაწყვეტილებით”, — ამატებს ხარჩილავა.

ბანერი ოპოზიციის აქციაზე; ფოტო: Facebook/ენმ წალენჯიხა

ხარჩილავას მუნიციპალიტეტში უმუშევრობის გადალახვის ერთადერთ გზად მიაჩნია “კერძო ინვესტიციები სოფლის მეურნეობაში, ბუნებრივ რესურსებსა და სხვა მიმართულებებით”.

“…ძალიან დიდი ქართული კომპანიების მხარდაჭერით შემოთავაზებებს [ვიღებთ]. აქ არის საუბარი როგორც ინტელექტუალურ ინვესტიციებზე და წარმატებული მოდელების დანერგვაზე, ასევე პირდაპირი გაგებით, ფულის ინვესტიციაზე წალენჯიხის სინამდვილეში:

განათლების სფეროში, სპორტში, სოციალურ სფეროში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია პერიფერიულ არეალში მცხოვრები ადამიანებისთვის… ძალიან დიდ წინადადებებზეა საუბარი.

შეთავაზება გვაქვს, დავუშვათ, სოციალური სიდუხჭირის მიმართულებით [მომუშავე] რამდენიმე ორგანიზაციისგან. შემოთავაზება გვაქვს ბიზნესწრეებიდან, ადგილობრივი რესურსების, შესაძლებლობების განხილვაზე”, — დასძენს ის.

ხარჩილავას თქმით, თავად “შემხვედრ წინადადებებს” წარუდგენს დაინტერესებულ პირებს იმ რესურსების გათვალისწინებით, რომელიც წალენჯიხას გააჩნია. ამ კუთხით ის მუნიციპალიტეტის ტურისტულ პოტენციალს გამოყოფს.

რა პერსპექტივა აქვს “წალენჯიხის მოდელს”

როგორ განაგრძობს ცხოვრებას წალენჯიხა? შეძლებს თუ არა ოპოზიცია, მუნიციპალიტეტისგან შექმნას ერთგვარი პოლიტიკური დივიდენდი, რომელიც შემდგომი არჩევნებისათვის დამატებით მხარდაჭერას მოუტანს?

“სწორედაც რომ და მრავალწერტილი. ეს არის ყველაზე შინაარსიანი სასვენი ნიშანი, რომელიც თუნდაც წინასაარჩევნოდ გამომიყენებია”, — პასუხობს “ნეტგაზეთის” ამ კითხვას გიორგი ხარჩილავა.

“სანიმუშო ექსპერიმენტი” შესაძლებლად მიაჩნია პოლიტოლოგ გია ხუხაშვილსაც, თუ ამჟამინდელი მოცემულობა შენარჩუნდა, ოპოზიციის კონტროლირებად ერთადერთ არეალად წალენჯიხა დარჩა და ძირითადი რესურსიც აღნიშნულ მუნიციპალიტეტს მოხმარდა.

“და თუ რაღაც ასეთი სახე მიიღო, რომ კეთილდღეობა და თავისუფლება წალენჯიხაში საგრძნობლად მეტი შედგა, ვიდრე დანარჩენ საქართველოში, ბუნებრივია, ეს იქნება მოდელი, რომელიც ხელისუფლებას წააგებინებს შემდეგ არჩევნებს.

ერთგვარი პოლიტ-ეკონომიკური კონკურენცია გაჩნდება, რაშიც გამარჯვების ძალიან მაღალი შანსი აქვს ოპოზიციას

ხელისუფლებისთვისაც ერთგვარი სტიმული და ბიძგი იქნება, რომ იმათაც იმოქმედონ. ესეც კარგია. თავისთავად, ეს არის კარგი პროცესი”, — დასძენს ის.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, წალენჯიხა ერთადერთი მუნიციპალიტეტია, რომელსაც ოპოზიცია აკონტროლებს. რა მოხდება, თუ შემდგომ არჩევნებზე მისი კონტროლის არეალი გაფართოვდება? შეძლებენ ოპოზიცია და მისი მხარდამჭერი ბიზნესწრეები, ამდენივე რესურსი მიმართონ ერთად აღებული მთელი რიგი მუნიციპალიტეტებისკენ?

გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ ეს მსჯელობა კონტრარგუმენტად ვერ ჩაითვლება, ვინაიდან “კეთილდღეობა არ ნიშნავს მხოლოდ ინვესტიციების მოცულობას”:

“[კეთილდღეობა] თვითონ მმართველობით მოდელსაც ნიშნავს. წარმოიდგინეთ, კონკურენტული გარემო, როცა ბიზნესს არავინ აწუხებს ზედმეტად, არ არის მასზე ზეწოლა, არ არის კონკურენციის შეზღუდვა და მაფიის თარეში; როდესაც არის კონკურენტული, ღია გარემო, რაც ავითარებს ბიზნესს…

თუ ეს სამართლიანი გარემო იქნა შექმნილი, გარდა პირდაპირი ინვესტიციებისა, ეს იქნება უკვე ფაქტორი და ეს იქნება კონტრარგუმენტი.

წალენჯიხა რამდენად პატარაცაა საქართველოს მასშტაბით, ასევე პატარაა საქართველო სამყაროს მასშტაბით. ასე რომ, ჩვენ ნუ ავიღებთ, რომ არარეალისტური იქნება ამ მოდელის გავრცელება მთელ საქართველოზე. რეალისტური იქნება, თუ ხელისუფლება შეიცვალა და პოლიტიკური ნება იქნა”.

გია ხუხაშვილი 

ხუხაშვილის სიტყვებით, “ადამიანებისთვის თევზის მიცემას ყოველთვის ანკესის მიცემა ჯობია”. ეს შედარება პოლიტოლოგმა საჩხერის მაგალითის გახსენებისას გამოიყენა. საუბარია ბიძინა ივანიშვილის მშობლიურ კუთხეზე, რომლის კეთილდღეობასთან დაკავშირებით 2012 წელს გავრცელებულმა ამბებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მაშინ ჯერ კიდევ ოპოზიციაში მყოფ ბიზნესმენთან დაკავშირებით საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაში:

“მე არ მინდა, რომ ეს [წალენჯიხა] დაემსგავსოს საჩხერეს. აქ არის პრინციპის საკითხი. საჩხერის მოდელი ჩემთვის ერთგვარი მახინჯი მოდელია. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანს[ივანიშვილს] ძალიან ბევრი აქვს იქ გაკეთებული და მადლობის მეტი რა უნდა ვუთხრათ, მაგრამ ეს არის ის სიტუაცია, როცა ფულს არიგებ, ინფრასტრუქტურას აშენებენ, მაგრამ არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ხალხი იყოს დასაქმებული, ეკონომიკა აღორძინდეს და რაღაც კვლავწარმოების ელემენტები შეიქმნას”.

სურვილს, წალენჯიხაში უკეთესი თვითმმართველობა და ეკონომიკური კეთილდღეობა მივიღოთ, თვითმმართველობის ექსპერტი და ამავე საკითხებში პრემიერ-მინისტრის ყოფილი მრჩეველი, ირაკლი მელაშვილიც მიესალმება, თუმცა ამჟამინდელი კანონმდებლობა ოპტიმიზმის საფუძველს არ აძლევს.

საქართველოში მოქმედი გადასახადებიდან მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ბიუჯეტში მხოლოდ ქონების გადასახადი რჩება, დანარჩენი — ცენტრალურ ბიუჯეტში მიდის.

ამასთან, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მუნიციპალიტეტებზე ნაწილდება დამატებული ღირებულების გადასახადის(დღგ) 19%. მოქმედი კანონით, ამ 19%-დან წალენჯიხას 0.63% ერგება.

მელაშვილის თქმით, არსებული მოცემულობით, კერძო ინვესტიციების შემთხვევაში სამუშაო ადგილები შეიქმნება, თუმცა წალენჯიხის ადგილობრივი ბიუჯეტი მნიშვნელოვნად ვერ გაიზრდება.

“არსებული კანონმდებლობით, წალენჯიხაში ბიზნესები რომც გახსნან, სამწუხაროდ, ნაკლები შემოსავალი, მხოლოდ ქონების გადასახადი დარჩება წალენჯიხას. ასეთი მდგომარეობა გვაქვს თვითმმართველობის კოდექსით და საგადასახადო კოდექსით.

ჩვენი მუნიციპალიტეტების ბიუჯეტები რომ გაიზარდოს, ამის საფუძველს წარმოადგენს დღგ-ს 19%-დან წილი, რომელიც ნაწილდება მუნიციპალიტეტებზე. დღგ უნდა გაიზარდოს მთლიანად ქვეყანაში.

ასეთი აბსურდული სისტემა გვაქვს, რომ მუნიციპალიტეტის საკუთარი შემოსავლების ზრდა დამოკიდებულია არა იმაზე, მუნიციპალიტეტი როგორ მუშაობს, არამედ იმაზე, მთავრობა როგორ მუშაობს”, — ეუბნება ის “ნეტგაზეთს”.

ირაკლი მელაშვილი

ექსპერტის შეფასებით, მოქმედი კანონმდელობის პირობებში მუნიციპალიტეტს მოტივაცია არ აქვს, მოიზიდოს ინვესტიციები: ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსავლები მნიშვნელოვნად არ იზრდება, ინვესტიციის ფარგლებში აშენებული საწარმოს თუ სხვა ინფრასტრუქტურის ხარჯები კი ისევ მუნიციპალიტეტის გასაწევია.

“წალენჯიხის შემთხვევაში კიდევ ერთი პრობლემა ის არის, რომ ჩვენთან ასევე გათავისუფლებულია გადასახადისგან, 5 ჰექტარზე ნაკლები მიწის ფართობი ვისაც აქვს.

შესაბამისად, ფაქტობრივად, მიწის გადასახადისგანაც, რომელიც ქონების გადასახადის სახეა, როგორც წესი, მუნიციპალიტეტებში არაფერი შედის.

როგორც წესი, 5 ჰექტარზე დიდი ფართობები ძალიან ცოტას აქვს და ვისაც აქვს, განაწილებული აქვს ოჯახის წევრებზე და ამით თავს არიდებს [ამ გადასახადის გადახდას]”, — ამატებს ის.

თვითმმართველობის რეფორმა, როგორც ამოსავალი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს უკვე გაუგებრობას უწოდებს თავის წინასაარჩევნო განცხადებას, რომლის თანახმადაც თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის კანდიდატების გამარჯვება „თავის მოტყუება და დასჯაა“, რადგან მათ ცენტრალური ხელისუფლების გარეშე რაიმეს გაკეთების პერსპექტივა არ ექნებათ.

ღარიბაშვილმა წარმატებები უსურვა გიორგი ხარჩილავას და თქვა, რომ მთავრობა წალენჯიხისთვის იმდენივეს გააკეთებს, რამდენსაც სხვა მუნიციპალიტეტებისთვის.

ირაკლი მელაშვილს ღარიბაშვილის თავდაპირველი განცხადება წინასაარჩევნო სვლად მიაჩნია, ამომრჩეველზე ზემოქმედებისთვის. მისი თქმით, წალენჯიხა სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიიღებს იმდენს, რამდენიც შესაბამისი ფორმულით ეკუთვნის და ამას ვერავინ შეცვლის.

“თუმცა დამატებითი თანხების გაცემაზე, ალბათ, თავს შეიკავებენ”, – დასძენს ექსპერტი.

ირაკლი მელაშვილის ხედვით, თვითმმართველობის ხარისხის გასაუმჯობესებლად წალენჯიხის ოპოზიციურ კოალიციას შეუძლია, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მოქალაქეთა მეტ ჩართულობაზე იმუშაოს.

თუმცა ექსპერტი ფიქრობს, რომ ცალკეულ მუნიციპალიტეტში თვითმმართველობის სანიმუშო მოდელის შექმნა ვერ მოხერხდება მანამ, სანამ “ყველა მუნიციპალიტეტისთვის არ განხორციელდება ფინანსური დეცენტრალიზაცია და საკუთარი შემოსავლების [განკარგვის] საშუალება არ მიეცემათ”.

მისი თქმით, მუნიციპალიტეტებმა დაზუსტებით ისიც კი არ იციან, რომელი იურიდიული თუ ფიზიკური პირები იბეგრებიან მათ საზღვრებში.

“ჩვენ [თვითმმართველობის] კოდექსში ჩავწერეთ 2013 წელს, რომ 2016-17 წლებიდან უნდა მომხდარიყო ფინანსური დეცენტრალიზაცია, მათ შორის, საშემოსავლო გადასახადის გაყოფა, მაგრამ არაფერი შეცვლილა, სამწუხაროდ. ვინც ამ [რეფორმაზე] ვმუშაობდით, ყველანი გაგვისტუმრეს და ცენტრალიზებული სისტემა დატოვეს, რადგან ეს სისტემა არის მთავარი საფუძველი ადმინისტრაციული რესურსისა, რომელსაც იყენებს მთავრობა. დეცენტრალიზაციის არარსებობამ და ამ რეფორმის გაჩერებამ გამოიწვია სწორედ ის, რა მდგომარეობაშიც ვართ დღეს. ეს სისტემა თავის დროზე შეიქმნა ენმ-ის დროს და ისტორიამ ასე იცის. გილიოტინა მოიგონა რობესპიერმა და ბოლოს გილიოტინაზე მასვე მოჭრეს თავი. ახლა ენმ ებრძვის იმ სისტემას, რომელიც თავად შექმნა”.

ექსპერტს მიაჩნია, რომ მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც ახლა ოპოზიციას შეუძლია, პარლამენტში თვითმმართველობის ფუნდამენტური რეფორმის ინიციირებაა:

“თუკი სერიოზულად აიწევა დეცენტრალიზაციის თემა და სერიოზულად დაიწყება ამაზე მსჯელობა, ეს არის ყველაზე მთავარი, რაც შეიძლება, ოპოზიციამ გააკეთოს დღეს მუნიციპალიტეტებისთვის, მათ შორის, წალენჯიხისთვის.

დანარჩენი, ჩემი პატივისცემის მიუხედავად ოპოზიციის მიმართ, უფრო პიარ სვლები არის, ვიდრე ის, რომ რაიმე სერიოზულად, ფინანსური კუთხით შეიცვალოს წალენჯიხაში ოპოზიციის ამ აქტივობების შედეგად”.

მელაშვილი იზიარებს წალენჯიხის მერის პოზიციას, რომ მაგალითად, ენგურჰესიდან მუნიციპალიტეტი უფრო მეტ შემოსავალს უნდა იღებდეს, ვიდრე ახლა იღებს:

“საერთოდ, საქართველოში მთავრობას წესად აქვს, რომ თუკი ლაპარაკია  ბიზნესისთვის რაიმე შეღავათის დაწესებაზე, ეს ხდება ქონების გადასახადის, ანუ მუნიციპალური ბიუჯეტის ხარჯზე.

წალენჯიხის შემთხვევაში რამდენია ასეთი ობიექტი? ენგურჰესი დანამდვილებით ვიცით და დანარჩენი ზუსტად არა, იმიტომ, რომ არავის ახედებენ. [მუნიციპალიტეტებს] არ აქვთ წვდომა [ინფორმაციაზე], ვინ იბეგრება ქონების გადასახადით და ვინ რამდენს იხდის”.

ექსპერტს ეჭვი ეპარება, რომ ცენტრალური ხელისუფლება მსგავს პრეცედენტს დაუშვებს და ენგურჰესის საკითხს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სასარგებლოდ გადახედავს, თუმცა ფიქრობს, რომ მუნიციპალიტეტის მხრიდან მსგავსი საკითხის დასმა საინტერესო პროცესი იქნება.

“არცერთი მუნიციპალიტეტი ამას არ ითხოვდა და თუკი წალენჯიხა მოითხოვს და გაიხსნება ეს პროცესი, ძალიან კარგი იქნება, რათა გამომზეურდეს, რა ხდება ამ სისტემაში”, — აღნიშნავს მელაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი