ახალი ამბები

როგორ მოიგო “ოცნების” უკონკურენტო კანდიდატმა არჩევნები წალენჯიხაში

7 ოქტომბერი, 2021 • 4350
როგორ მოიგო “ოცნების” უკონკურენტო კანდიდატმა არჩევნები წალენჯიხაში

წალენჯიხაში, ჭალე-მუჟავის მაჟორიტარულ ოლქში, “ქართული ოცნების” კანდიდატმა გაიმარჯვა, რისთვისაც ამომრჩეველს მადლობას უხდის.

თუმცა ხსენებული სოფლების მკვიდრებს მაჟორიტარულ ბიულეტენში დიდი არჩევანი არ ჰქონიათ: იქ მათ მხოლოდ ერთი კანდიდატი, მმართველი პარტიის წარმომადგენელი ზაზა უბილავა დახვდათ.

მისმა ორმა კონკურენტმა კანდიდატურა სექტემბერში მოხსნა. ოპოზიციაში ირწმუნებიან, რომ ორივე მათგანი საარჩევნო პროცესს ზეწოლით ჩამოაშორეს.

პარალელურად, როგორც ოპოზიცია, ისე მმართველი გუნდი, ემზადებიან მეორე ტურისთვის წალენჯიხის არაერთ ოლქში, რის შემდეგაც გაირკვევა, კარგავს თუ არა “ოცნება” უმრავლესობას ქალაქის საკრებულოში, არცთუ წარმატებული პირველი ტურის შემდეგ.

“მითხრა, რომ ზეწოლა იყო მისი ოჯახის წევრებზე”

ზაზა უბილავას გარდა, ჭალე-მუჟავის ოლქის მაჟორიტარობისთვის “ნაციონალური მოძრაობისა” და გიორგი გახარიას პარტიის “საქართველოსთვის” კანდიდატები იბრძოდნენ.

გახარიას პარტიას ოლქში ლალი შამუგია ჰყავდა წარდგენილი. ის სკოლის მასწავლებელია. წალენჯიხის მერობის კანდიდატი ამავე პარტიიდან, ხვიჩა მებონია დასძენს, რომ შამუგია პირადად დაუკავშირდა და ამცნო, რომ მისი ოჯახი ზეწოლის ქვეშ იყო.

“მე რამდენადაც მაშინ ქალბატონმა ლალიმ მითხრა, იყო ზეწოლა მისი ოჯახის წევრებზე.

კონკრეტიკისგან თავი მინდა შევიკავოო, თვითონვე მთხოვა, ისევ შიშის გამო და ჩვენც არ დავაძალეთ იმიტომ, რომ ძალიან აღელვებული იყო, ძალიან მძიმე ფსიქო-ემოციური ფონით.

ვისი მხრიდან იქნებოდა, მთავრობის მხრიდან, აბა, სხვა ვისგან უნდა ყოფილიყო ზეწოლა”, — ეუბნება მებონია “ნეტგაზეთს”.

ლალი შამუგია. ფოტო: “საქართველოსთვის”

ლალი შამუგიას მიმართ განხორციელებულ ზეწოლაზე ინფორმაცია ასევე იძებნება ISFED-ისა და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შექმნილ პორტალზე “electionsportal.ge”. ცნობა ვებგვერდზე თავად შამუგიას ნათქვამზე დაყრდნობით არის განთავსებული.

“პარტიის ,,საქართველოსთვის” მაჟორიტარობის კანდიდატის, ლალი შამუგიას თქმით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალე-მუჟავას მაჟორიტარულ ოლქში ზეწოლის შედეგად მოხსნა კანდიდატურა, კერძოდ:

სუს-ის წარმომადგენლები დაემუქრნენ, რომ კანდიდატურის არმოხსნის შემთხვევაში შვილს და სიძეს სამსახურს დაატოვებინებდნენ. ლალი შამუგია არის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის, ჭალეს თემის პირველი საჯარო სკოლის მასწავლებელი”, — ვკითხულობთ ვებგვერდზე.

გახარიას პარტიის პრესსამსახურში ამბობენ, რომ შამუგია მედიასთან კომენტარებს არ აკეთებს. ხვიჩა მებონიას სიტყვებით, შამუგიამ მას უთხრა, რომ ამ საკითხზე რომ ელაპარაკა, შესაძლოა, მეტი პრობლემის წინაშე დამდგარიყო.

“მას თვითონაც ჰქონდა ამ თემაზე გამოქვეყნებული პოსტი… ის პოსტიც გაქრა მერე. ალბათ, თვითონ აიღო ამავე მიზეზით”, — დასძენს ხვიჩა მებონია.

ხვიჩა მებონია

ხვიჩა მებონია

ლალი შამუგიას ფეისბუქ გვერდზე მსგავსი შინაარსის პოსტი მართლაც აღარ იძებნება, თუმცა, სავარაუდოდ, წაშლამდე გააშუქა რამდენიმე მედიასაშუალებამ.

“ბევრჯერ ვმდგარვარ განსხვავებულ პლატფორმაზე, მაგრამ არავინ მძულებია, არავისთვის ავი არ მიქნია, ღმერთია მოწმე. თქვენ ვითომ მშვილდი დამალეთ და სასიკვდილო ისარი ისე მესროლეთ.

ფიზიკურად ვერა, მაგრამ სულიერად მომკალით, პირადი ამბიციების გამო გამწირეთ, ლამის ქვეყნის მტრად გამომაცხადეთ. ვერ გავიგე, ერთი კაფანდარა ქალის ასე როგორ შეგეშინდათ?! განა მარტო მე ვიყავი ქვეყანაზე?! განა სამყაროს ღერძი ვიყავი?!

თქვენ, ჩემო ერთგულო მეგობრებო, გულშემატკივრებო, რომლებიც უმრავლესობა ხართ – მაპატიეთ, რომ იმედები გაგიცრუეთ. მაპატიეთ, რომ ჩემი ცხოვრების შემოდგომაზე არ მეყო ძალა, მედგრად დავხვედროდი ჩემზე მომართულ ქარიშხალს.

ჩემი მიზანი ყველგან და ყოველთვის იყო და იქნება ერის, ქვეყნის სამსახური. ღმერთი დიდია და მოწყალე! წყალნი წავლენ და წამოვლენ, ქვიშანი დარჩებიანო”, — ციტირებს პედაგოგის პოსტს სააგენტო “ipress”.

პოსტში შამუგია არ აკონკრეტებს, ვის მიმართავს და რას გულისხმობს მისკენ მიმართულ “ქარიშხალში”.

ამ პოსტის გამოქვეყნებიდან რამდენიმე დღეში შამუგიამ კიდევ ერთი პოსტი დაწერა და ზოგიერთი ოპოზიციური პარტია გააკრიტიკა. ამის მიზეზი, სავარაუდოდ, პედაგოგზე ზეწოლაში წალენჯიხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის, ლირა ღურწკაიას დადანაშაულებაა. ლალი შამუგია ამბობს, რომ ღურწკაია მისი მეგობარია და პარტიებს მოუწოდა, თავი დაანებონ “სპეკულაციებს”.

“ნეტგაზეთი” დაუკავშირდა მაჟორიტარობის ყოფილ კანდიდატს, თუმცა ამ მოვლენებზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

“რომ არა ზეწოლა, კანდიდატურას არ მოხსნიდა”

ენმ-ის სახელით ამავე ოლქში დავით ხასია იბრძოდა, რომელიც ასევე სკოლის მასწავლებელია. 6 სექტემბერს წალენჯიხის მერობის კანდიდატმა ენმ-დან, გიორგი ხარჩილავამ, სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ხასიამ კანდიდატურა მოხსნა.

“[კანდიდატურის მოხსნაზე განცხადების შეტანამდე] 1 საათით ადრე ვესაუბრე, მერე გამორთული ჰქონდა ტელეფონი და მერე მითხრეს, საოლქოში განცხადება შეიტანაო. მეტი კომუნიკაცია მასთან არ მქონია”, — ეუბნება “ნეტგაზეთს” ავთანდილ გაბელია, ენმ-ის პოლიტსაბჭოს წევრი წალენჯიხიდან.

გაბელიას თქმით, კანდიდატურის მოხსნის შემდეგ ხასიას ტელეფონი გამორთული აქვს. შესაბამისად, მასთან საუბარი არ ჰქონია და არ იცის, რა მოხდა კონკრეტულად.

ავთანდილ გაბელია. ფოტო: livepress.ge

თავად ეჭვი აქვს, რომ მის თანაგუნდელზე ზეწოლა განხორციელდა. მისი სიტყვებით, აღნიშნულზე “სოფელი ლაპარაკობს”:

“პირდაპირ გეუბნებით, რომ ზეწოლა იყო. ისეთი ბიჭია, ასეთ რამეს არ გააკეთებდა. რომ არა ზეწოლა, კანდიდატურას არ მოხსნიდა. სამომავლო გეგმებზე, ყველაფერზე ვლაპარაკობდით. ვისაც თავის [კანდიდატურის] მოხსნა უნდა, ის გეგმებზე არ გესაუბრება”.

დავით ხასიას საკითხით “სამართლიანი არჩევნებიც”(ISFED) დაინტერესდა. ორგანიზაციის ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელის, დავით ლოგუას თანახმად, ხასია ISFED-ის წარმომადგენელს არ შეხვდა და მეზობლებთანაც თავს არიდებდა მოხსნილი კანდიდატურის საკითხზე საუბარს.

“ჩვენ საერთოდ ვერ გავედით ამ ადამიანთან კონტაქტზე.

მეზობლებს დაეკითხა ჩვენი წარმომადგენელი და ისინიც ამბობენ, რომ კი, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ზეწოლა მოახდინეს, საერთოდ არაფერზე საუბრობს ადამიანი და ბოლო პერიოდში არც გვეკონტაქტებაო. ჩანს, რომ ადამიანი დაშინებული არისო.

ამას გვიდასტურებდნენ მისი მეზობლები. როცა ჩვენი წარმომადგენელი მივიდა ადგილზე, ის [ხასია] მას არ შეხვდა”, — დასძენს ლოგუა.

არჩევნები 2021; ფოტო: ბათუმელები

არჩევნები 2021; ფოტო: ბათუმელები

ორივე შემთხვევასთან დაკავშირებით “ნეტგაზეთი” ამ დრომდე ელის პასუხს მმართველი პარტიის პრესსამსახურისგან.

რაც შეეხება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, რომელიც ლალი შამუგიას შესახებ არასამთავრობოების მიერ გავრცელებულ ცნობაში ფიგურირებს: უწყებაში ამბობენ, რომ “მსგავსი დაუსაბუთებელი ბრალდებები” მის “დისკრედიტაციას” ემსახურება.

ISFED-ში აღნიშნავენ, რომ წინასაარჩევნო მონიტორინგის დროს ზეწოლისა და მუქარის არაერთი ფაქტი გამოიკვეთა. დავით ლოგუას თქმით, ორგანიზაციასთან ასეთ შემთხვევებზე არაერთი საუბრობს, თუმცა საჯაროდ გამოჩენა არ სურთ, დამატებით ზეწოლის შიშით:

“ერთი ფაქტი იყო, რომ კონკრეტულ ადამიანს უთხრეს, შენი მეუღლეა მასწავლებელი და თუ გინდა, დარჩეს ამ [პოზიციაზე], მოხსენი კანდიდატურაო. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას მოუწევს თანამდებობის დატოვებაო. მსგავსი ფაქტი იყო არაერთი”.

ასობით ბათილი ბიულეტენი: რა მოხდა არჩევნების დღეს

ოპოზიციონერი კანდიდატების ზემოხსენებული გადაწყვეტილებების ფონზე, “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატი ზაზა უბილავა უკონკურენტოდ დარჩა.

ჭალე-მუჟავის ოლქის სამივე საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველს მაჟორიტარის ბიულეტენში მხოლოდ მისი სახელი დახვდა, საარჩევნო ნომრით “41”.

წყარო: ცესკო

წყარო: ცესკო

შესაბამისად, უბილავამ 100%-ით მოიგო ოლქში. თუმცა სამივე უბანზე საკმაოდ მაღალი იყო ბათილი ბიულეტენების რაოდენობა:

ოქმების თანახმად, ოლქის მე-14 უბანზე 327 ამომრჩეველი მივიდა. აქედან 223-მა ხმა “ოცნების” კანდიდატს მისცა, 101 მაჟორიტარული ბიულეტენი კი გაბათილდა. 21-ე უბანზე მისული 599 ამომრჩევლიდან 432-მა მისცა ხმა მმართველ პარტიას, 160 ბიულეტენი — გაბათილდა. 22-ე უბანზე 156 ამომრჩეველი მივიდა, 86-მა ხმა “ოცნებას” მისცა, 72 ბიულეტენი კი ბათილად ცნეს.

კომისიის წარმომადგენელი აჩვენებს წალენჯიხის მაჟორიტარული ოლქის მე-14 უბანზე ამოსულ ბიულეტენს, რომელზეც მხოლოდ "ოცნების" კანდიდატის სახელია დატანილი. ამომრჩეველმა ბიულეტენი გააბათილა და ზედ დააწერა: "პროტესტი"

კომისიის წარმომადგენელი აჩვენებს წალენჯიხის მაჟორიტარული ოლქის მე-14 უბანზე ამოსულ ბიულეტენს, რომელზეც მხოლოდ “ოცნების” კანდიდატის სახელია დატანილი. ამომრჩეველმა ბიულეტენი გააბათილა და ზედ დააწერა: “პროტესტი”

“ნეტგაზეთმა” ერთ-ერთ(მე-14) უბანზე ხმის დათვლის პროცესის ჩანაწერის ნაწილს უყურა. ჩვენს მიერ ნანახი მონაკვეთების მიხედვით, ბათილი ბიულეტენების დიდი ნაწილი მოდის ოპოზიციის ამომრჩეველზე, რომელთაც პროპორციულ და მერის არჩევნებში სასურველ პარტიებს მისცეს ხმა, მაჟორიტარული კი, სადაც მხოლოდ “ოცნების” კანდიდატის სახელი დახვდათ, სხვადასხვა ფორმით გააბათილეს.

იყო შემთხვევებიც, როცა ორ ბიულეტენში ოპოზიციას ხაზავდნენ, მაჟორიტარულში კი — “ოცნების” უკონკურენტო კანდიდატს.

“ოლქში, სადაც ერთი ადამიანი იყრის კენჭს, ბუნებრივია, ამას არ შეიძლება, დავარქვათ არჩევნები.

ეს არის ზეწოლის, მუქარის შედეგად მიღებული მოცემულობა, რის საფუძველზეც კონკრეტულმა პირმა მიიღო მისთვის გარანტირებული შედეგი”, — ამბობენ ISFED-ში.

"ოცნების" უკონკურენტო კანდიდატი ზაზა უბილავა თავის მხარდამჭერებს მადლობას უხდის.

“ოცნების” უკონკურენტო კანდიდატი ზაზა უბილავა თავის მხარდამჭერებს მადლობას უხდის.

3 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების წინასწარი შედეგები ნათელს ხდის, რომ მმართველ პარტიის პოზიციები წალენჯიხაში გამოწვევის წინაშეა.

არაერთ ოლქში მეორე ტურებია დანიშნული, რაც გადაწყვეტს, დაკარგავს თუ არა “ოცნება” უმრავლესობას ქალაქის საკრებულოში.

მეორე ტური გაიმართება წალენჯიხის მერის არჩევნებშიც, რომლის პირველ ტურშიც “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი ლიდერობს 39.682%-ით. მეორე ადგილზე “ქართული ოცნების” კანდიდატია 38.23%-ით, გახარიას პარტიის წარმომადგენელს კი 19.08% აქვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი