საზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

მზია ლომიძე – ქართველი პედაგოგი თბილისსა და ცხინვალს შორის

28 აგვისტო, 2020 • 1843
მზია ლომიძე – ქართველი პედაგოგი თბილისსა და ცხინვალს შორის

ავტორი: ირინა იანოვსკაია, ცხინვალი


რამდენიმე კვირის წინ ცხინვალში ეთნიკურად ქართველი “დამსახურებული პედაგოგი”, მზია ლომიძე გარდაიცვალა. 

მზია ლომიძე კახეთში, ყვარლის რაიონში დაიბადა. წლინახევრის ასაკში დაობლდა და მასზე მზრუნველობა დეიდამ, თამარ კახიძემ იტვირთა, რომელმაც დანარჩენ ორ დასთან და ძმასთან ერთად, თბილისში, საკუთარ სახლში წაიყვანა. 

მზია ლომიძემ თბილისში ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა “ნიჭიერთა ათწლედი” დაამთავრა.

თბილისში; მზია ლომიძის არქივიდან

გარშემომყოფები მას მსოფლიო დონის საოპერო მომღერლის კარიერასაც უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა თბილისის საოპერო თეატრში რამდენიმეწლიანი მუშაობის პერიოდში მომავალი ქმარი, ეთნიკური ოსი თემურ ჩოჩიევი გაიცნო და რამდენიმე წელიწადში ოჯახი საცხოვრებლად ცხინვალში გადავიდა.

თბილისში; მზია ლომიძის არქივიდან

თბილისში; მზია ლომიძის არქივიდან

მზია ლომიძემ ცხინვალის მუსიკალური სასწავლებელში ვოკალის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა, სადაც სიცოცხლის ბოლომდე, 2020 წლის ივლისამდე ასწავლიდა.

“ჩემი პირველი ვოკალის მასწავლებელი იყო, რომელმაც საოპერო ხელოვნება შემაყვარა. მისი კლასების გავლის შედეგ მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი, რომ საოპერო მომღერალი ვიქნებოდი. მისი ყოველი გაკვეთილი დღესასწაული იყო. ის ჩემი არა მხოლოდ მასწავლებელი იყო, ფაქტიურად დედასავით მყავდა. სახელითაც არასოდეს მომმართავდა, მუდამ “შვილოს” მეძახდა.

ერთ დღეს, მორიგი გაკვეთილის შემდეგ, მითხრა -” იცოდე, თუ ვოკალს თავს დაანებებ, ღმერთი დაგსჯისო”.  ეს რაღაც ნიშანივით იყო ჩემთვის. დღეს, როდესაც უკვე ასეთ შედეგებს მივაღწიე, ვხვდები, რომ ეს არათუ რაღაც წყევლა, როგორც ერთ დროს მეგონა, დალოცვა იყო მისგან. ცხოვრების მადლობელი ვარ, რომ მას შემახვედრა”, – გყივება მისი მოსწავლე გევორგ გრიგორიანი, ბელგიის სამეფო ოპერის სოლისტი, რომელიც მზია ლომიძის ხსოვნის საპატივსაცემოდ საკონცერტო საღამო გამართვასაც გეგმავს.

 

თბილისში; მზია ლომიძის არქივიდან

“დედამ და მამამ ერთმანეთი თბილისში გაიცნეს. მამამ ცხინვალის პედაგოგიურ ინსტიტუტში მათემატიკის ფაკულტეტის დასრულების შემდეგ ასპირანტურაში თბილისში ჩააბარა, სადაც დედა გაიცნო. 

რაღაც პერიოდი ჩრდილოეთ ოსეთში მოუწიათ ცხოვრება სამსახურის გამო და მერე ისევ თბილისში დაბრუნდნენ. მამა თბილისის პოლიტექტნიკური ინსტიტუტის პროფესორი იყო. ცხინვალში თბილისის პოლიტექტნიკური ინსტიტუტის ფილიალის გახსნის შემდეგ ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის დეკანად დანიშნეს და ამის შემდეგ საცხოვრებლად ჩვენ საბოლოოდ ცხინვალში გადავედით”, – გვიყვება მზია ლომიძის შვილი ნინო ჩოჩიევა.

ცხინვანლში მზია ლომიძემ მუსიკალურ სასწავლებელში დაიწყო ვოკალის მასწავლებლად მუშაობა, თუმცა თბილისთან კავშირს დიდხანს ინარჩუნებდა.

“ურთიერთობების გაფუჭება კი 90-იან წლებში დაიწყო. მახსოვს, მე და დედა მეჯვრისხევში დაგვაკავეს, მაშინ თბილისიდან ცხინვალში ვბრუნდებოდით, დედა მაშინვე გამოუშვეს, მე კი არ მიშვებდნენ და მეკითხებოდნენ, ვინ იყო ჩემთვის ვინმე რეზო ჩოჩიევი. გაგვიმართლა, რომ ის, ვინც დაგვაკავა, წარმოშობით კახეთიდან იყო და აღმოჩნდა, რომ კარგად იცნობდა დეიდაჩემს. მხოლოდ ამის შემდეგ გაგვათავისუფლეს.

შემდეგ კი სულ უფრო უარესი ფაქტები ხდებოდა ქართველებსა და ოსებს შორის. მახსოვს ქართულ-ოსური ომი 1991 წელს, როდესაც დედა ძმასთან და დებთან ცხინვალიდან ტელეფონით საუბრობდა. დედა ყოველთვის იცავდა ოსებს და ამბობდა, რომ ქართველები შევიდნენ ცხინვალში და არა ოსები- თბილისში, და არწმუნებდა, რომ მათ სიმართლე არ იცოდნენ”.

2008 წლის ომმა მზია ლომიძე თბილისსს და ახლობლებს ფაქტიურად სამუდამოდ დააშორა.

მზია ლომიძის შვილი 2008 წლის აგვიტოს ომს იხსენებს:

“სარდაფი ჩვენს სახლს არ აქვს, ამიტომაც 2008 წლის აგვისტოში, ხუთდღიანი ომის დროს, მე, ჩემი შვილი, დედა და მამა პირველ სართულზე ვიყავით, სადაც გვქონდა სამზარეულო და მამას კაბინეტი. ეს ყველაზე უსაფრთხო ადგილი იყო სახლში. დედა გვამშვიდებდა, რომ გადავრჩებოდით. საბედნიეროდ, ასეც მოხდა”.

“ცხინვალის მუსიკალურ სკოლაში ოს კოლეგებს შორის მზია ერთადერთი ქართველი იყო. ყველას ძალან უყვარდა და პატივს სცემდა. ის ყოველთვის ამბობდა, რომ უცხოდ არასოდეს უგრძვნია თავი ამ გარემოში”, – გვიყვება მზია ლომიძის მეგობარი ციალა კახნიაშვილი, რომელიც ასევე ცხინვალში ცხოვრობს.

მზია ლომიძის დაკრძალვას ოთხი შვილიდან ორი ვერ დაესწრო. პანდემიის გამო დახურული საზღვრების გამო, მისი შვილები რუსეთიდან ვერ ჩამოვიდნენ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი