საზოგადოება

ვირუსი, რომელიც თითქმის ყველას აქვს

2 ივლისი, 2013 • 19382
ვირუსი, რომელიც თითქმის ყველას აქვს

მაკა გეგეჭკორი, რომელიც ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ექიმი-რეპროდუქტოლოგია. ამბობს, რომ  ბოლო დროს რეპროდუქციულ ცენტრში ბევრი, განსაკუთრებით ახალგაზრდა წყვილი მიდის სპეციალისტთან სქესობრივი ცხოვრების დაწყებამდე სხვადასხვა ინფექციაზე გამოსაკვლევად.

 

“ეს არის საკითხისადმი ცივილური დამოკიდებულება,“ – ამბობს რეპროდუქტოლოგი.

 

რა ხდება მაშინ, როდესაც ადამიანი არ იკვლევს, აქვს თუ არა სქესობრივი გზით გადამდები რაიმე ვირუსული ინფექცია?

 

სპეციალისტები ამბობენ, რომ მკურნალობის ჩაუტარებლობის შემთხვევაში ვირუსებს სერიოზული გავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანის რეპროდუქციულ უნარზე და  დედისა და ბავშვის ჯანმრთელობაზე – ეს ინფექციები არის ერთ-ერთ მიზეზი უშვილობის, როგორც ქალებში, ასევე – მამაკაცებში.

 

დღეს სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები (სგგი) 30-ზე მეტ სხვადასხვა ინფექციას მოითვლის. ათეულობით წლების წინ კი მხოლოდ 4 ინფექცია – სიფილისი, გონორეა, საზარდულის ლიმფოგრანულომატოზი და რბილი შანკრი იყო აღწერილი. აქედან დღესდღეობით სიფილისი და გონორეაა მეტნაკლებად ცნობილი, დანარჩენი ორი  ტროპიკული ქვეყნებისთვის არის დამახასიათებელი.  

 

რაც შეეხება სხვა ინფექციებს, ბევრი მათგანი არ წარმოადგენს სასქესო ინფექციას, თუმცა ისინი სქესობრივი გზით გადადის. ყველაზე გავრცელებულ ვირუსულ ინფექციებს – ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი (აივ), პაპილომა ვირუსი (ის ზოგჯერ საშვილოსნოს ყელის კიბოს გამომწვევია), ჰეპატიტი B და ციტომეგალოვირუსი (CMV) განეკუთვნება.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემით, მსოფლიოში მოსახლეობის 90%-მდე სწორედ ამ ვირუსის მატარებელია. ჯანმოს ინფორმაციითვე, ევროპაში 2,5% ახალშობლი ციტომეგალოვირუსითაა დაინფიცირებული.

 

ციტომეგალოვირუსი ჰერპესის ჯგუფის ვირუსულ სასქესო ინფექციებს განეკუთვნება, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ვირუსად მიიჩნევა. თუმცა სპეციალისტები მის მიმართ შიშს საზოგადოებაში გადაჭარბებულს უწოდებენ.

 

მისი გადადება, სქესობრივი გზის გარდა, ჰაერ- წვეთოვანი, კონტაქტური გზებითა და დედის რძითაც არის შესაძლებელი. სწორედ იმის გამო, რომ მისი გადაცემის გზა სხვა ვირუსებთან შედარებით ბევრად მრავალფეროვანია, მისით დასნებოვნების პროცენტიც ამიტომ არის ძალიან მაღალი.

 

„ციტომეგალოვირუსი კლასიკური ოპორტუნისტული, ანუ მშვიდობიანი ინფექციაა. პრაქტიკულად არ ახასიათებს კლინიკური ნიშნები.  საშიშია ორსულობის დროს  პირველადი დაინფიცირება.  იმ შემთხვევაში კი, თუ ინფექცია უკვე გადატანილია, ეს ნიშნავს, რომ ანტისხეულები მის მიმართ არსებობს და საშიშროებას ნაყოფისთვის აღარ წარმოადგენს,“ – ამბობს მაკა გეგეჭკორი.  

 

ზოგადად, ჰერპესის ჯგუფის ინფექციები, რომელსაც ციტომეგალია განეკუთვნება, არასდროს ტოვებენ ორგანიზმს. ისინი გარკვეულ  ქსოვილებში მუდმივად არსებობენ. მაგალითად, (CMV) ციტომეგალოვირუსი სანერწყვე ჯირკვლებში „დეპონირდება“.

 

იმის გასარკევად, თუ რამდენად საშიშია ეს ვირუსი ჯანმრთელობისთვის, აუცილებელია მისი ლაბორატორიული ტესტი. ეს ტესტი ადგენს, პროცესი ქრონიკულია თუ მწვავე.  იმის მიუხედავად, რომ ორსულისთვის მხოლოდ მწვავე ინფექცია წარმოადგენს საშიშროებას, ქრონიკული  მარკერების მომატებაც, ექიმების თქმით, ხშირად შიშს იწვევს პაციენტებში.

 

„ჰერპეს- ჯგუფის ვირუსების მიმართ განსაკუთრებული შიში პაციენტებისგან და სიფრთხილე ექიმებისგან მთლად უსაფუძვლო არ არის. ორსულობის დროს პირველად ინფიცირებას ბევრი არასასურველი გამოსავალი ახლავს თან  –  თვითნებური აბორტი, განვითარების მანკები, ნაადრევი მშობიარობა, საშვლოსნოსშიდა ზრდაში ჩამორჩენა, მკვდრადშობადობა, თანდაყოლილი ინფექცია, სიყრუე, სიბრმავე, ამიტომ სიტუაციის სწორ შეფასებას დიდი მნიშვნელობა აქვს,“- ამბობს ექიმი რეპროდუქტოლოგი მაკა გეგეჭკორი.

 

CMV-ის მკურნალობა საკმაოდ რთულია. თუმცა მისი მკურნალობა მაშინ არის საჭირო, როდესაც ადამიანს იმუნოდეფიციტი აქვს. სხვა შემთხვევაში ჯანმრთელი ორგანიზმი თავად უმკლავდება ინფექციას. განსხვავებით ციტომეგალოვირუსისგან, მარტივი ჰერპესის ვირუსი გამოირჩევა ხშირი რეციდივებით, ახასიათებს სეზონურობა და ვითარდება სტრესის დროს.

 

ერთადერთი პრევენცია, რომელსაც  სპეციალისტები სქესობრივი გზით გადამცემი ვირუსული ინფექციების თავიდან ასაცილებლად პაციენტებს სთავაზობენ, კონდომის გამოყენება და დაუცველი სქესობრივი კავშირებისგან თავშეკავებაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი