საზოგადოება

კანალიზაცია ლაბორატორიულად სუფთა ზღვაში

10 ივნისი, 2013 • 2657
კანალიზაცია ლაბორატორიულად სუფთა ზღვაში

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ „ტესტირების, სერტიფიკაციის ცენტრმა“ აჭარაში, სანაპირო ზოლში,  რვა ადგილას აიღო ზღვის წყლის  სინჯები. ბარცხანაში, ბობოყვათში, კვარიათში, მწვანე კონცხზე, სარფში, ქობულეთში „ჯორჯიან პალასის“ მოპირდაპირედ, ბათუმში, აკვაპარკის და ცენტრალური პლაჟის მოპირდაპირედ აღებული სინჯების მიკრობიოლოგიური კვლევის შედეგად დადგინდა, რომ მიკროორგანიზმების რაოდენობა წყალში დადგენილ ნორმას არ აღემატება.

 

 

ბათუმის სამი უბანი – ბენზე, ბონი და გოროდოკი ცენტრალურ საკანალიზაციო სისტემას მიერთებული არ არის. შედეგად ამ უბნებიდან კანალიზაციის წყალი ზღვაში ჩაედინება.

 

 

 

კითხვას, ზღვაში კანალიზაციის წყლების ჩადინების მიუხედავად ლაბორატორიული კვლევის შედეგები შეიძლება იყოს თუ არა დადებითი, აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს ხელმძღვანელი ვახო წულაძე, პასუხობს, რომ ზღვას თვითგაწმენდის უნარი აქვს, გარდა ამისა, ერთ კონკრეტულ უბანში, ბარცხანაში ფეკალური სტრეპტოკოკის მაჩვენებელი, სხვა უბნებთან შედარებით, მაღალია.

 

 

„თუ დააკვირდებით ბარცხანის ტერიტორიაზე ფეკალური სტრეპტოკოკის მაჩვენებელი 230-ია, რაც სხვა უბნებთან შედარებით მაღალია. ზღვას თვითგაწმენდის უნარი აქვს, საერთო ჯამში  ეს მაჩვენებელი დასაშვებ ნორმას არ სცდება,“ – ამბობს ვახო წულაძე. 

 

 

მისივე თქმით, „არის ხალხი, რომელიც ამტკიცებს და ჩვენ ვართ ხალხი, რომელიც რაღაცას ვასაბუთებთ. ნებისმიერი თემა შეიძლება გახდეს პოლემიკის საფუძველი. დღეის მდგომარეობით აკრედიტებული ლაბორატორია, რომელსაც აქვს შესაბამისი აკრედიტაცია, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით ახდენს ამ ლაბორატორიული სინჯის აღებას, შემდეგ ანალიზის გაკეთებას. მე ვასაბუთებ ამ ანალიზებზე დაყრდნობით, რომ ზღვაში ბანაობა არის უსაფრთხო“. 

 

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა „ბათუმელებს“  2012 წელს აჭარაში გამოვლენილი ნაწლავური  ინფექციების სტატისტიკა მიაწოდა. ამ სტატისტიკის მიხედვით, 2012 წლის პირველ ხუთ თვეში ინფექციური დაავადებების სტატისტიკა 500-ს არ სცდება, ივნისის თვეში იმატებს  და 784 შემთხვევა ფიქსირდება, ხოლო ივლისში ორმაგდება და 1942 შემთხვევაა დაფიქსირებული,  აგვისტოში – 1740,  ხოლო  სექტემბერში  1021 შემთხვევა ფიქსირდება, ოქტომბრიდან ინფექციური დაავადებების შემთხვევები იკლებს და 600-ზე ნაკლებია.

 

 

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის მარო ჩხაიძის თქმით, შეუძლებელია იმის თქმა, რომ საავადმყოფოში მიმართული ადამიანები სად დაავადდნენ.

 

 

ბათუმში წყლის და საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციის პროექტის ორი ფაზა უკვე დასრულდა. შედეგად ქალაქის ძველი უბნის საკანალიზაციო სისტემა უკვე მიუერთდა გამწმენდ ნაგებობას, მესამე ეტაპი, რომელიც ზემოთ აღნიშნული უბნების საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგების დასრულებას ითვალისწინებს, წლის ბოლოდან დაიწყება და 2017 წლისთვის დასრულდება.

 

 

ზღვის წყლის ხარისხის დასადგენად ლაბორატორიული სინჯები გასულ კვირას ისევ აიღეს. კვლევის ახალი  შედეგები მიმდინარე კვირას გახდება ცნობილი.  

 

მასალების გადაბეჭდვის წესი