საზოგადოება

დისკუსია საფრთხეებზე, თუ რელიგიური შუღლის გაღვივება [Video]

4 აპრილი, 2013 • 1489
დისკუსია საფრთხეებზე, თუ რელიგიური შუღლის გაღვივება [Video]

“ევრაზიის ინსტიტუტის” ხელმძღვანელი გულბაათ რცხილაძე აცხადებს, რომ “ბოლო დროს მომრავლებული რელიგიური სექტების” საქმიანობა პოლიტიკურ ხასიათსაც ატარებს და აუცილებელია ამის შესახებ სახელმწიფოს და საზოგადოებას ინფორმაცია მიეწოდოს.


“ტოლერანტობის ცენტრის” ხელმძღვანელი ბექა მინდიაშვილი კი აცხადებს, რომ საქართველოს კანონმდებლობა ტერმინ “სექტას” არ ცნობს:

 

“არანაირი სამართლებრივი მექანიზმი და სამართლებრივი ჩარევის შესაძლებლობა სახელმწიფოს არ აქვს ამა თუ იმ რელიგიური გაერთიანების საქმიანობაში და ამგვარი შეხვედრები მხოლოდ შუღლს აძლიერებს რელიგიურ ნიადაგზე”, – აცახდებს ბექა მინდიაშვილი.


“საქართველო პლაცდარმად იქცა აზერბაიჯანის, სომხეთის, ირანის, შუა აზიის რელიგიური ლიტერატურით მოსამარაგებლად. ირანელი მოქალაქეები რომ ჩამოდიან საქართველოში, მათ ხელში ჩრიან რელიგიურ, სექტანტურ ლიტერატურას, მიდის დიდი პროპაგანდა. აზერბაიჯანში და ირანში შეშფოთებული არიან, რომ საქართველო გახდა პლაცდარმი მათ ქვეყნებზე სამუშაოდ, როგორც რელიგიური სექტების, ასევე, ამ სექტების მანტიაში გახვეული სხვადასხვა ჯურის სპეცსამსახურებისათვის. გამომდინარე აქედან, ჩვენ ძალიან სიფრთხილე გვმართებს და ამ პრობლემაზე სახელმწიფოს და საზოგადოების ყურადღების გასამახვილებლად შევიკრიბეთ”, – განაცხადა გულბაათ რცხილაძემ. მისი თქმით, უცხო ქვეყნებიდან “სხვადასხვა სექტების” შემოსვლის საფრთხეს ლიბერალური სავიზო რეჟიმი აძლიერებს.


შეხვედრას ესწრებოდა ყოფილი პარლამენტარი ჰამლეტ ჭიპაშვილი, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველოში სხვადასხვა რელიგიური დაჯგუფებების შემოსვლა ადრეული პერიოდიდან დაიწყო:


“შემოსვლის პროცედურები იმდენად მძლავრი იყო ფინანსურად, რომ მას მთელი საზოგადოებაც კი ვერ აღუდგებოდა წინ, იმ პერიოდში ამერიკის ელჩი პარლამენტში მოვიდა და თავს უფლება მისცა ჩვენთვის მოეთხოვა, ბასილ მკალავიშვილის საქციელი დაგვეგმო. დღესაც იგივე გრძელდება, რადგან როგორც ძველი, ახალი ხელისუფლებაც ამ ხალხს ამის გასაქანს აძლევს”.

ყოფილი სახალხო დამცველი ნანა დევდარიანი საქართველოს ტერიტორიაზე ამერიკისა და ირანის დაპირისპირების ფორმებზე საუბრობს:


“დღეს მოიყვანეს მაგალითები, რომ ირანიდან ჩამოფრენილ რეისებს ხვდებიან რაღაც ჯგუფები და ლიტერატურას აჩეჩებენ ხელში, საქართველო გახდა პოლიგონი, რომ ირანიდან ჩამოსულს რაღაც შეაჩეჩოს არა ქართველმა, არამედ ისევ უცხოეთიდან ჩამოსულმა, ხშირად ამერიკის დაინტერესება ირანის მიმართ ამ ფორმებსაც იღებს. შუაგულ თბილისში რაღაც ფარდული დგას, ჯვარი აქვს გამოსახული და სპარსული წარწერებია, ესეც რაღაც რელიგიური ლიტერატურაა, რომელიც მიმართულია ირანის მოქალაქეებზე”, – განაცხადა ნანა დევდარიანმა.


ბექა მინდიაშვილის განცხადებით, “ევრაზიის ინსტიტუტი” და მათი მომხრეები რუსეთზე ორიენტირებული არიან და მათი მხრიდან მსგავსი განცხადებები ამერიკის შეერთებული შტატების დემონიზაციას ისახავს მიზნად:


“სახელმწიფო არ საზღვრავს იმას, თუ რომელია ტრადიციული რელიგიური გაერთიანება და რომელი არატრადიციული, კონსტიტუცია იცავს რელიგიის თავისუფლებას, ამავდროულად, სინოდი, 2011 წლის დადგენილებით, საქართველოში რწმენის თავისუფლებას აღიარებს და აცხადებს, რომ ყველა რელიგიური გაერთიანება და ნებისმიერი მრწამსის ადამიანი უნდა იყოს თანასწორი კანონის წინაშე. ამ ტიპის განცხადებები ხელს უწყობს შეუწყნარებლობის გაღვივვებას. განცხადებები, რომ სექტების მხრიდან საქართველოს საფრთხე ემუქრება და ამ სექტების მიღმა გაურკვეველი ძალები დგანან, ჩვეულებრივი კარგად ნაცნობი შეთქმულების თეორიების თხზვაა. საქართველომ უკვე გამოიარა ეს ეტაპი, ბასილ მკალავიშვილის და შარაძის პერიოდი”, – აცხადებს ბექა მინდიაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი