საზოგადოება

რატომ იგვიანებს სასწრაფო დახმარება რეგიონებში [Video]

8 აგვისტო, 2012 • 2992
რატომ იგვიანებს სასწრაფო დახმარება რეგიონებში [Video]

იმის მიუხედავად, რომ სასწრაფოს გამოძახება 113 ნომერზე დარეკვით ისევ არის შესაძლებელი, ნებისმიერ ზარი მაინც შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 112 -ის ნომერზე შედის.

112-ის სამსახურში განმარტავენ, რომ მოსახლეობა 113-ზე დარეკვას არის მიჩვეული და გარკვეული პერიოდის შემდეგ ეს ნომერი საერთოდ გაუქმდება.  

სასწრაფოს გამოძახების სისტემა საქართველოს რეგიონების მოსახლეობისთვის დაახლოებით 2 თვეა შეიცვალა: თუკი მანამდე მოქალაქე სასწრაფოს გამოძახებისთვის ადგილობრივ ოფისს უკავშირდებოდა ტელეფონით, ამჯერად მოქალაქის მიერ 113-ზე ან 112-ზე განხორციელებული ზარი საქართველოს ყველა ქალაქიდან და სოფლიდან თბილისში, საგანგებო სიტუაციების სამსახურში შედის, რა დროსაც ხდება მოქალაქის ანკეტური გამოკითხვა და ამის შემდეგ თბილისიდან შეტყობინება ეგზავნება სასწრაფო დახმარების შესაბამის რეგიონულ ოფისს.

„როდესაც თბილისის ცენტრალური ოფისიდან შეტყობინებას ვიღებთ, ჩვენი ბრიგადა მაშინვე გადის. თუმცა ძალიან ხშირად მოსახლეობა უკმაყოფილო გვხვდება იმის გამო, რომ სასწრაფო იგვიანებს. ვფიქრობ, თბილისიდან შეტყობინების გადმოცემა ჩვენთან გვიანდება, სხვა რა მიზეზი უნდა იყოს, არ ვიცი,“ – ამბობს ფოთის სასწრაფო დახმარების ცენტრის ოპერატორი თამუნა ხუბულია “ნეტგაზეთთან” საუბარში.

112-ის ცენტრში ამბობენ, რომ როგორც კი შეტყობინება შედის გამოძახების შესახებ, რეგიონულ სამსახურებს მაშინვე, დაყოვნების გარეშე გადასცემენ, თუმცა  თბილისის ცენტრალური ოფისის ოპერატორები გამოძახების დროს დეტალურად ავსებენ სატელეფონო კითხვარს.

როდესაც კითხვარი ივსება, აუცილებელი პირობაა, დაფიქსირდეს პაციენტის ძირითადი ჩივილი, გონზეა თუ არა ის, სუნთქავს თუ არა, ასაკის და სხვა მსგავსი ინფორმაცია. მიღებული ინფორმაციით დგინდება, რამდენად გადაუდებელია მდგომარეობა.

ცენტრში დეტალური ინფორმაციის მიღებას იმით ხსნიან, რომ არის შემთხვევები როდესაც ცენტრში ცრუ და არამიზნობრივი გამოძახებები შედის, ამას გარდა, მათივე განმარტებით, კითხვარის შევსებით პაციენტი თავს იგრძნობს სამედიცინო დახმარების პროცესში ჩართულად, საშუალება მიეცემა, გამოთქვას სურვილები და შენიშვნები მომსახურების გაუმჯობესებაზე.

მოსახლეობა მიიჩნევს, რომ კითხვარების შევსებას დიდი დრო მიაქვს მაშინ, როდესაც პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება და ყოველ წამს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

29 ივნისს ქუთაისში ერთ-ერთი გამოძახების დროს მისული პაციენტის ახლობლებმა სასწრაფო დახმარების ექიმი ცემეს, რის შედეგადაც ექიმმა თვალი დაკარგა.

პაციენტის ოჯახის წევრებისა და მეზობლების ცნობით, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ნახევარ საათზე მეტით დაიგვიანა, ამასობაში კი პაციენტი გარდაიცვალა.

მივიდა თუ არა სასწრაფო დახმარების მანქანა გამოძახების ადგილზე დროულად, დღემდე სადავოა. გარდაცვლილი პაციენტის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ სასწრაფომ ნახევარი საათით დააგვიანა. ქუთაისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში კი ამბობენ, რომ თბილისიდან შეტყობინების მიღებიდან ერთ წუთში ჯგუფი ადგილზე გავიდა.

“როგორც კი ზარი შემოდის, მაშინვე, წამებში შედის რეგიონის სამსახურში შეტყობინება. ნებისმიერი ჩანაწერის ამოღება არის შესაძლებელი. მოქალაქეს ყოველთვის ჰგონია, რომ სასწრაფო აგვიანებს, ხშირად 5 წუთი ერთ საათად ეჩვენებათ და ეს გასაგებიცაა. თუმცა ქვეყნაში ერთი მართვის ცენტრი უნდა იყოს. ყველაფერს აქვს თავისი მინუსები, ამ შემთხვევაში, ბევრად მეტი დადებითია,”- ამბობს შსს-ს საჯარო სამართლის იურიდიული პირის, 112-ის დირექტორი, მამუკა კომახია.

ქუთაისის სასწრაფოს თანამშრომლის, ირმა სარალიძის თქმით, როდესაც ჯგუფი ადგილზე მივიდა და გარდაცვლილი პაციენტი დახვდათ, მოსახლეობისგან გაიგეს, რომ იმავე კორპუსში სასწრაფოს დაგვიანების გამო პაციენტის გარდაცვალების სხვა შემთხვევაც იყო დაფიქსირებული.

„მთლად თვალის დათხრა არა, მაგრამ ჩვენც ძალიან ხშირად გვაქვს მსგავსი შემთხვევები, განსაკუთრებით თუ პაციენტის გარდაცვალება დაფიქსირდა,“- ამბობს მარინე წულეისკირი, ზუგდიდის სასწრაფო დახმარების ცენტრის უფროსი.

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების რეგიონული ოფისების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მას შემდეგ, რაც გამოძახების სისტემა ცენტრალიზებული გახდა, თავი იჩინა არასწორი მისამართების გადაცემის პრობლემამ.

„როდესაც თბილისში მისამართს აწერინებენ, შეიძლება უბნის ისეთი დასახელება უთხრან, რაც მხოლოდ სოფლის მოსახლეობისთვის არის გასაგები.
ეს  პრობლემებს იწვევს პაციენტის მოძებნის დროს, გვიწევს გავარკვიოთ,“- ამბობს
ახალციხის სასწრაფო დახმარების სამსახურის თანამშრომელი კონსტანტინე დგებუაძე “ნეტგაზეთთან”საუბარში.

ექიმთა თქმით, ყოფილა შემთხვევები, როცა ამ ფაქტორის გამო, განსაკუთრებით ღამის საათებში, მისამართი 15 წუთის მანძილზე უძებნიათ.

რეგიონებში მოსახლეობა სასწრაფოს დაგვიანების კიდევ ერთ მიზეზეზე, სასწრაფო დახმარების ბრიგადების არასაკმარის რაოდენობაზე საუბრობენ:

ქუთაისის მკვიდრი მაია ბურჯანაძე ამბობს, რომ ახლობელი ქალბატონი ხელში ჩააკვდა, რადგან სასწრაფომ თითქმის ერთი საათით დააგვიანა გამოძახების ადგილზე მისვლა.

“როცა დავრეკეთ სასწრაფოში, ასე გვითხრეს, ყველა ბრიგადა გაშვებულია და როცა გათავისუფლდება რომელიმე, მოვაო. სასწრაფოს მოსვლამდე 15 წუთით ადრე პაციენტი ხელში ჩამაკვდა,“ – ამბობს მაია ბურჯანაძე.

ის, რომ ზოგიერთ რაიონში სასწრაფო დახმარების მანქანების მწირი რაოდენობაა, ამაზე 112-ის დირექტორიც საუბრობს.

“ზოგ რაიონს ჰყავს ოთხი მანქანა, რომლებიც შეიძლება დაკავებული იყოს და, შესაბამისად, რაიმე შეფერხება გამოიწვიოს. მაგალითად, თუ რომელიმე პაციენტის მდგომარეობა უფრო რთულია, სასწრაფო გადაწყვეტილებას იღებს, სად წავიდეს. ჩვენ რეგიონებში ხშირად გავდივართ, რომ სწორედ ასეთ ხარვეზებს გავეცნოთ ადგილზე, რათა შემდეგ ისინი აღმოიფხვრას,” – ამბობს ის.

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურის წარმომადგენლების თქმით, სასწრაფოს დაგვიანება შესაძლოა ისეთი ფაქტორებით იყოს გამოწვეული, რაშიც მათ სამსახურს ბრალი არ მიუძღვის:

„მაგალითად, სოფლების ადგილმდებარეობა, მოუწესრიგებელი გზები. ჩვენ ანაკლიაშიც დავდივართ გამოძახებაზე და გზაში 30-35 წუთი მაინც გვჭირდება, “- ამბობს ზუგდიდის სასწრაფოს თანამშრომელი მარინე წულეისკირი.

კითვაზე, რატომ გახდა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების გამოძახება ცენტრალიზებული, 112 -ის დირექტორი, მამუკა კომახია პასუხობს, რომ 112 -ის მიზანია საგანგებო სიტუაციების მოსახლეობისთვის მარტივად ხელმისაწვდომი დახმარების აღმოჩენა.

“მაგალითად, თუ სადმე დიდი ავტოსაგზაო შემთხვევა იყო, მოქალაქეებს ერთდროულად პოლიციაც უნდა გამოეძახა და სასწრაფოც. შედეგად, ოპერატიულობის ხარისხი დაბალი იყო. გარდა ამისა, ეს ერთიანი და ადვილად დასამასხოვრებელი ნომერი კომფორტულია ტურისტებისთვისაც,”- ამბობს კომახია.

112 საერთო ევროპული SOS ნომერიც არის, რომელიც 1991 წელს ევროსაბჭოს გადაწყვეტილებით გამოცხადდა. საგანგებო სიტუაციათა სამსახურების ნომერი – 911 საერთოა აშშ-შიც.

მასალა მომზადებულია ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის – “რეგიონული საკითხების გაშუქება” – ფარგლებში. მასალის შინაარსი არ გამოხატავს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მოსაზრებებს და შეხედულებებს და მასზე მთლიანად პასუხისმგებელია გაზეთი “ბათუმელები” | ნეტგაზეთი.

მასალების გადაბეჭდვის წესი