საზოგადოება

ამომრჩევლები, რომლებისთვისაც სულერთია, ვინ გაიმარჯვებს [Video]

6 აგვისტო, 2012 •
ამომრჩევლები, რომლებისთვისაც სულერთია, ვინ გაიმარჯვებს [Video]

60 წლის ნურადინ ნადიბოვი გარდაბნის რაიონის სკვერში მდებარე ჩაიხანის მფლობელია. ღია ცის ქვეშ ყველა მაგიდა დაკავებულია, აზერბაიჯანელი მამაკაცები ლიმნიან ჩაის ერთ ლარად სვამენ, ნარდს თამაშობენ და რაიონის ახალ ამბებს განიხილავენ. ჩაიხანის კლიენტები ამბობენ, რომ ეს არის ადგილი, სადაც ყველა უმუშევარი მამაკაცი თითქმის მთელ დღეს ატარებს. აზერბაიჯანელი ქალები იქ არ შედიან.

ჩაიხანაში ძირითადი სასაუბრო თემა უმუშევრობის გარშემო ტრიალებს. ცვლილებას არც მოახლოებული არჩევნების შემდეგ ელიან და არც დასაქმების პროგრამაზე სმენიათ რამე. ამბობენ, რომ პოლიტიკოსების დაპირებების აღარ სჯერათ.

„აი, ახლაც, როგორც წინა წლებში, არჩევნებამდე დაიწყებენ აქტიურად სიარულს, ამას გავაკეთებ, იმას გავაკეთებ, როგორც ხდება ხოლმე, რა… მერე კი გამარჯობასაც აღარ კადრულობენ,“ – ამბობს გარდაბნის მკვიდრი ელდარ მამედოვი და ჩაიხანაში დისკუსია იწყება.

„რას ამბობ? ძალიან კარგი კაცია ჩვენი დეპუტატი, მარტო წელს რამდენი გააკეთა, თითქმის ყველგან გზა დააგო და ლამპიონები დაამონტაჟა. ღამე რომ გაიაროთ, დღე გეგონებათ, ისეთი განათებულია ქუჩები. ამის გარდა, ქუჩაში უსაფრთხოდ დადიხარ, არ გეშინია, რომ ვინმე დაგაყაჩაღებს,“- ამბობს ჩაიხანის მეპატრონე ნურადინი, რომელიც ამავე დროს გარდაბნის აზერბაიჯანულენოვანი საჯარო სკოლის სამზარეულოში მუშაობს.

„თუნდაც სკოლა ავიღოთ, ეჭვი მეპარება, ასეთი გარემონტებული სკოლა სხვა რომელიმე რაიონში იყოს,“ – ამბობს ის.

საუბარში სხვა მამაკაცი ერთვება და იქვე, ეტლში მჯდომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდა მამაკაცზე მიუთითებს.

„აი, ეს კაცი 11 წელია ამ, ლამის ბრეჟნევის დროინდელ ეტლში ზის, რომელსაც ხან ბორბალი მოძვრება და ხან – სხვა ნაწილი. ის ყოველთვიური 100 –ლარიანი პენსია კი ამ ნაწილების გამოცვლა-შეკეთებაში ეხარჯება. უმწეოთა სიაში ვერ ხვდება, ცოლი აზერბაიჯანის მოქალაქეა და ეუბნებიან, თუ სხვა ქვეყნის მოქალაქეობაზე უარს იტყვის შენი ცოლი, ან განქორწინდები, შემწეობას დაგინიშნავთო. რა მნიშვნელობა აქვს, ვინ იქნება წელს ჩვენი დეპუტატი? ამ კაცს და სხვა მაგისთანა გაჭირვებულებს მაინც არავინ უშველის,“- გვეუბნება გარდაბნელი აზერ ისაევი.

დეპუტატობის ახალ კანდიდატებთან გარდაბნელებს შეხვედრები ჯერ არ ჰქონიათ. ადგილობრივებმა ისიც არ იციან, ვინ იყო მათი რაიონის დეპუტატი მიმდინარე ოთხი წლის მანძილზე.

ზოგიერთი ამბობს, რომ დეპუტატს სახეზე სცნობს, მაგრამ სახელი და გვარი არ ახსოვს, ზოგს კი  გარდაბნის რაიონის გამგებელში, თემურ ფეიქრიშვილში ეშლება. ფეიქრიშვილს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად რამდენიმე დღეში წარადგენს. მოქმედი დეპუტატის – დავით მახნიაშვილის სახელი და გვარი კი უმეტესობას არც ეცნო.

გარდაბნის რაიონის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს გიორგი ხურცილავას, რომელსაც გარდაბნელებთან საუბრის შემდეგ შევხვდით, არ სჯერა, რომ ადგილობრივებმა დეპუტატის ვინაობა არ იციან.

„არ ვიცი, თქვენ ვინ გამოკითხეთ, ალბათ, ზესტაფონელები იქნებოდნენ. ჩვენი დეპუტატი დავით მახნიაშვილი სისტემატურად ხვდებოდა ხალხს. ფეხი ფეხზე გადადებული არც ერთს არ გვაქვს.  ახლა კი, როცა არჩევნები დაინიშნა, ახალი კანდიდატის შეხვედრები უფრო აქტიურ ხასიათს მიიღებს. ვაპირებთ, ასევე, ყველა სოფელში საარჩევნო შტაბი გავხსნათ,“- ამბობს პარტიის თავმჯდომარე.

ხურცილავას განმარტებით, აზერბაჯანულ ენაზე უკვე ითარგმნება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ბროშურა – „ხელშეკრულება საქართველოსთან – მეტი სარგებელი ხალხს“, სადაც მმართველი პარტიის მიღწევებსა და სამომავლო გეგმებზე, მათ შორის 1000-ლარიან ვაუჩერებსა და სადაზღვევო პოლისებზე წერია.

„არჩევნებზე აუცილებლად წავალ და ხმას იმას მივცემ, ვინც ჩემი შვილიშვილის გლანდებისა და პოლიპების ოპერაციას დააფინანებს. იმის გამო, რომ საუბარი უჭირს, წელს სკოლაშიც ვერ მიგვყავს. 1100 ლარი მთხოვეს ოპერაციისთვის, ჯერ ვერ მოვაგროვეთ. ანგარიშფაქტურას მივიტან გამგეობაში და თუ დააფინანსეს, მაგათ დავუჭერ მხარს, მაინც სულერთია ჩემთვის, ვინ იქნება დეპუტატი,“ – ამბობს გარდაბნელი ზაირა ისმაილოვა.

სულერთია, ვინ იქნება რაიონის დეპუტატი ელდარ მამედოვისთვისაც. მას, როგორც სხვა დანარჩენებს, ისიც არ სმენია ჯერ, რომ არჩევნები პირველ ოქტომბერს დაინიშნა.

„ჩვენ ძალიან უბრალო ხალხი ვართ, პოლიტიკა ნაკლებად გვესმის. მხარს იმას დავუჭერთ, ვისაც ერი აირჩევს. ვინც არ უნდა გაიმარჯვოს, კმაყოფილები ვიქნებით. ჯერ არჩევანი არ გამიკეთებია, მაგრამ მაინც წავალთ მე და ჩემი ოჯახი ხმის მისაცემად, ძალიან გვიყვარს არჩევნები, კომუნისტების დროს მუსიკის თანხლებით დავდიოდით ხოლმე,“ – ამბობს მამედოვი.

მმართველი პარტიის გარდა, სხვა დანარჩენ პარტიებს გარდაბნელების მხოლოდ მცირე ნაწილი იცნობს. კოალიცია „ქართული ოცნების“, მისი ლიდერის ბიძინა ივანიშვილისა და გარდაბნის რაიონში კოალიციის მიერ წარდგენილი დეპუტატობის კანდიდატის, მამუკა არეშიძის შესახებ ბევრ მათგანს საერთოდ არ გაუგია. პოლიტიკური ფიგურებიდან კი მხოლოდ მიხეილ სააკაშვილსა და დავით ბაქრაძის სახელები იციან.

გარდაბნის რაიონის ცენტრში, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისის წინ, დიდი ზომის, საღებავგადაცლილი ბანერი საქართველოს და აზერბაიჯანის პრეზიდენტების ფოტოებითა და წარწერით – великая дружба во благо процветания братских народов (დიადი მეგობრობა მოძმე ერების საკეთილდღეოდ) რევოლუციის შემდეგ ჰკიდია.

მასალა მომზადებულია ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის – “რეგიონული საკითხების გაშუქება” – ფარგლებში. მასალის შინაარსი არ გამოხატავს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მოსაზრებებს და შეხედულებებს და მასზე მთლიანად პასუხისმგებელია გაზეთი “ბათუმელები” | ნეტგაზეთი.

მასალების გადაბეჭდვის წესი