საზოგადოება

რატომ განახლდა საუბარი ომზე ომიდან 4 წლის თავზე

1 აგვისტო, 2012 • • 1530
რატომ განახლდა საუბარი ომზე ომიდან 4 წლის თავზე

საინფორმაციო სააგენტო “ივერონმა” გუშინ, 31 ივლისს გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის ახლომდებარე სოფლების ქართული მოსახლეობა ვითარების გართულების მოლოდინშია. როგორც საინფორმაციო სააგენტო ამტკიცებს, კონფლიქტის ზონის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებმა ადამიანებმა სააგენტოს განუცხადეს, რომ ადგილობრივმა ძალებმა ცხინვალიდან ქალების, ბავშვებისა და მოხუცების გაყვანა დაიწყეს.  როგორც გორის რაიონის სიდიდით პირველი სოფლის, მეჯვრისხევის მკვიდრნი “ივერონთან” საუბრისას აღნიშნავენ, მათ ეს ინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებმა ახლობლებმა და ნათესავებმა მიაწოდეს. 

 

ერგნეთში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში სამუშაო ჯგუფის შეხვედრისას მსჯელობა აღნიშნულ საკითხსაც შეეხო. ოსური დელეგაციის ხელმძღვანელმა ხოხ გაგლოითიმ აღნიშნა, რომ საზოგადოებაში შეშფოთება ნამდვილად შეინიშნება, მაგრამ ამის საფუძველი არ არსებობს. მისი განცხადებით, ასეთი ინფორმაცია ნათესაური კავშირების მეშვეობით ვრცელდება და დაძაბულობას ორივე მხარეს ქმნის. ბოლო ორი თვის განმავლობაში კონფლიქტის განახლების საფრთხის შესახებ ინფორმაცია რამდენჯერმე გავრცელდა. ხოხ გაგლოითი აღნიშნულს საქართველოში არსებულ პოლიტიკურ დაძაბულობას უკავშირებს.

 

ცხინვალის რეგიონიდან ქალებისა და ბავშვების ევაკუაციის, ასევე რუსული მძიმე სამხედრო ტექნიკის გადაადგილების შესახებ ინფორმაცია ბოლო თვეების მანძილზე რამდენჯერმე გავრცელდა, რამაც აჟიოტაჟი არა მარტო კონფლიქტის ზონაში, არამედ სოციალურ ქსელებშიც გამოიწვია. თუმცა არც ერთი მსგავის შემთხვევა არც ერთი მხარის ოფიციალურ წარმომადგენელს არ დაუდასტურებია.

 

ჩვენი ცხინვალელი  წყაროების ცნობით, ავტობუსებით ჯავის მიმართულებით ბავშვები ბოლო დღეებში რამდენჯერმე მართლაც გაიყვანეს, მაგრამ ეს ბავშვები გადათხრილ და მტვრიან ქალაქს ახალგაზრდულ ბანაკებში გაარიდეს.

 

ოსი ჟურნალისტი ზარინა სანაკოევა აცხადებს, რომ მისთვის უცნობია, ასეთი ჭორები საფუძველს საიდან იღებს. მისი თქმით, ანალოგიური ინფორმაცია ერთი თვის წინ ცხინვალშიც ვრცელდებოდა და იქ მცხოვრები ადამიანები საფრთხეს საქართველოს შეიარაღებული ძალებისგან ელოდნენ. დე ფაქტო რესპუბლიკაში პანიკა იმდენად დიდი იყო, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოსახლეობის დაწყნარება სცადა.   

 

„ზუსტად ასეთივე ინფორმაცია ჩვენთანაც გავრცელდა და ახლაც შენარჩუნებულია პანიკა, თუმცა, პრინციპში ის უკვე განელდა. ეს ყველაფერი სადღაც მაისში დაიწყო და მთელი ზაფხული ხალხი დაძაბული იყო, მაგრამ გაურკვეეველია, ეს ხმები საიდან მოდიოდა. ზუსტად იგივეს ამბობდა ყველა, რომ ქართულ მხარეს ტექნიკის გადაადგილება შეინიშნებოდა და ომი იქნებოდა. რასთან არის ეს დაკავშირებული, ამ დრომდე მე ვერ გავიგე,“ –აცხადებს ზარინა სანაკოევა.

 

კოალიცია „დევნილთა უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ზურაბ ბენდიანიშვილი  აცხადებს, რომ ასეთი ინფორმაციის გავრცელება მძიმე მეხსიერების შედეგია. იგი იხსენებს 2004 და 2008 წლის ზაფხულის საომარ მოქმედებებს და ამბობს, რომ ადგილობრივ მოსახლეობაში შიში ისევ არსებობს, თუმცა ეს შიში უსაფუძვლოა, რადგან კონფლიქტის ზონაში არც ტექნიკის გადაადგილება და არც ესკალაცია არ შეინიშნება. 

 

სოციალურ ქსელებში სენსაციის მოყვარულები უკვე იმასაც წერენ, რომ კონფლიქტი 12 აგვისტოს განახლდება. კონფლიქტის შესაძლო განახლების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას დუმილით პასუხობს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ამ მისიას კი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან გაფორმებული აქვს შეთანხმება იმის შესახებ, რომ შეიარაღებული ნაწილების გადაადგილების შემთხვევაში ევროპელი მონიტორები წინასწარ უნდა იყვნენ საქმის კურსში ჩაყენებული. გარდა ამისა, თიბილოვის  ხელისუფლებაც ცდილობს დააწყნაროს საკუთარი მოსახლეობა და აცხადებს, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი