საზოგადოება

ებრაელებისგან დაცლილი “ებრაელების უბანი” ქუთაისში [Video]

17 აპრილი, 2012 •
ებრაელებისგან დაცლილი “ებრაელების უბანი” ქუთაისში [Video]

ქუთაისში, სადაც 30 ათასამდე ებრაელი ცხოვრობდა, დღემდე “ებრაელების უბანს” ეძახიან გაპონოვის ქუჩასა და მწვანეყვავილას შორის დასახლებას, თუმცა ქალაქში დღეს მხოლოდ 70-მდე ებრაული ოჯახია შემორჩენილი.

“კოსტავას ქუჩაზე, სადაც ვცხოვრობ, რომ გამოვიდოდი ადრე, ვერ ავუდიოდი სალმის მიცემას, მაშინ სულ ებრაელები იყვნენ, ახლა ჩემს ქუჩაში არავინაა ებრაელი, მარტო ჩემი ოჯახია დარჩენილი,” – ამბობს ჰამლეტ ფიჩხაძე.

ხშირია შემთხვევა, როცა სინაგოგაში 10 კაცის შეკრებაც კი ვერ ხერხდება, რის გამოც ვერ აღევლინება საერთო საჯამაათო ლოცვა.

“ებრაელი კაცი ვალდებულია, რომ ყოველდღე ილოცოს, მაგრამ ჩვენი ხუთწიგნეულის გამობრძანება ხდება შაბათს, ორშაბათს და ხუთშაბათს. იმისათვის, რომ შედგეს საერთო საჯამაათო ლოცვა, ათი ადამიანი აუცილებლად უნდა იყოს. ხდება ხოლმე, რომ ვერ იკრიბება ათი ადამიანი, მაგრამ რა ვქნათ? – ჩვენთვის ვლოცულობთ მაინც”, – ამბობს დავით ბუზიაშვილი, ქუთაისის სინაგოგის ერთ-ერთი მლოცველი.

“ადრე სინაგოგაში საერთოდ არ დავდიოდი, ახლა დავდივარ, რადგან მრევლი ძალიან ცოტაა და ვალდებულად ვთვლი ჩემს თავს, ვიყო ჩემი ერის წარმომადგენლებთან, როცა საჭიროა. შენ თუ გინდა, რომ შენსას სცენ პატივი, მაშინ უნდა შეუწყო ამას ხელი”, – ამბობს ჰამლეტ ფიჩხაძე.

ქუთაისში სამი სინაგოგაა [ებრაული სალოცავი ადგილი] და არც ერთი რაბინი [მოძღვარი]. რაბინი თბილისიდან ქუთაისში მნიშვნელოვანი დღესასწაულების დროს ზოგჯერ ახერხებს ხოლმე ჩასვლას.

“ქუთაისი ცნობილი იყო რაბინებით, მათ ისრაელში და აშშ-ში ძალიან დიდ პატივს სცემდნენ”, – ამბობს ჰამლეტ ფიჩხაძე.

ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქუთაისელი რაბი – მოშე დავარაშვილი, 1918 წელს დამოუკიდებელი საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს წევრადაც კი აირჩიეს.

ქუთაისში ყველაზე ძველი, 1853 წელს აშენებული სინაგოგა მწვანეყვავილაზე ამ დროისთვის უმოქმედოა. 1886 წელს აიგო გაპონოვის ქუჩაზე [ბორის გაპონოვი იყო ქუთაისელი ებრაელი, რომელმაც ებრაულ ენაზე თარგმნა “ვეფხისტყაოსანი”] 350 მლოცველზე გათვლილი სინაგოგა. ამავე ქუჩაზეა განთავსებული 1912 წელს აშენებული კიდევ ერთი სინაგოგა, რომელსაც თან ახლავს სხვა დამხმარე ნაგებობებიც, სადაც ასწავლიდნენ ივრითს [ებრაულ ენას], ატარებდნენ სხვადასხვა იუდეურ რიტუალებს. აქვე იყო ფურნე, სადაც ცხვებოდა მაცა [უფუარი პური] ფესახისთვის, იგივე პასექისთვის [დღესასწაული, რომელიც ეძღვნება უფლის მიერ ებრაელთა გამოხსნას ეგვიპტელთა მონობიდან]. დღესდღეობით ქუთაისელი ებრაელებისთვის მაცა ფესახისთვის ისრაელიდან იგზავნება.  

ამავე სინაგოგის შენობის კომპლექსში ცალკე ადგილია გამოყოფილი ბოინისთვის [საქონლის და ფრინველის საკლავი ადგილი], რომელსაც ემსახურება შოხეტი [სპეციალისტი, რომელიც კლავს].

“ჩვენი შოხეტი თბილისში ცხოვრობს, ის ორ კვირაში ერთხელ ჩამოდის და მასზე დაკისრებულ მოვალეობას ასრულებს. სხვა შემთხვევაში ჩვენ ხორცს, როგორც საკვებს, არ ვიყენებთ. რაც შეეხება რძის ნაწარმს, მხოლოდ ქარხნული წესით გამოშვებულ რძის პროდუქტებს მივირთმევთ”, – ამბობს “ნეტგაზეთთან” საუბარში მოსე ბალუაშვილი, ქუთაისელ ქართველ-ებრაელთა სათვისტომოს თავმჯდომარე.

მისივე თქმით, ებრაელების პირველი დიდი ტალღა ქუთაისიდან ისრაელში 1970-ან წლებში გაემგზავრა.

“კომუნისტური პრესის ქვეშ ცხოვრება ძალიან რთული იყო ხალხისთვის და ებრაელებმა მაშინ მოახერხეს და გაარღვიეს რკინის ფარდა. თითქმის ნახევარმა ებრაელობამ დატოვა საქართველო და წავიდნენ. მეორე ნახევარი კი დარჩა და არც აპირებდა წასვლას, მაგრამ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ეკონომიურად ცხოვრება ძალიან გაჭირდა აქ და ისინიც წავიდნენ ძალაუნებურად”, – ამბობს ჰამლეტ ფიჩხაძე.

ებრაელების სასაფლაო საფიჩხიაზე
ებრაელების სასაფლაო საფიჩხიაზე
ქუთაისში, ქალაქის ერთ-ერთ უძველეს უბანში, საფიჩხიაზე დარჩა ისრაელში დაბრუნებული ებრაელების წინაპართა საფლავები.

”საფლავები, ძირითადად, მოუვლელია, რადგან მათი პატრონები დიდი ხნის წასულები არიან. შებამისი სამსახურები ცოტა ხნის წინ დაგვპირდნენ რეკონსტრუქციას და ვნახოთ, რა იქნება”, – ამბობს მოსე ბალუაშვილი.

ქუთაისში საფლავების მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელი მერიის მიერ დაფუძნებული კომპანია “ქართული ტრადიციები – 2011”-ია. კომპანიის დირექტორი ზვიად ბეშკენაძე ამბობს, რომ ისინი თანაბრად უფრთხილდებიან როგორც ქართველების, ისე ებრაელების საფლავებს, თუმცა ფაქტია, რომ ებრაელების სასაფლაოზე, რომელთა პატრონები უკვე აღარ ცხოვრობენ ქუთაისში და მათ ვეღარ უვლიან, დამტვრეულია საფლავის ქვები, მორღვეულია რკინის ღობეები და დაფარულია ეკალ-ბარდით.

ქუთაისში ებრაელები მე-17 საუკუნიდან დასახლდნენ, თუმცა მათი რაოდენობა განსაკუთრებით მე-19 საუკუნის ბოლო და მე-20 საუკუნის დასაწყისში გაიზარდა. ისინი აქტიურად მოღვაწეობდნენ ქალაქის საზოგადოებრივ ცხოვრებაში, თუმცა ერთ-ერთი მათგანი – “ილო ფოტოგრაფი” [ხახანაშვილი] ქუთაისის ნამდვილი კოლორიტი გახდა.

“ილომ 1940-50-იანი წლების პერიოდში დაიწყო ფოტოგრაფობა და თავისი ადგილი დაიკავა საზოგადოებაში. იმ დროს თითქმის ყველა ცნობილი ადამიანი ილოს სტუდიაში იღებდა სურათს, არ ჰქონდა მნიშვნელობა წოდებას, ის ყველასთან სიყვარულით ურთიერთობდა”, – ამბობს მერაბ ქაჯაია, იგივე “პიკასო” “ნეტგაზეთთან” საუბარში.

სწორედ “პიკასოს” ინიციატივით გაიხსნა 2003 წელს ილოს ყოფილ ფოტოსტუდიაში მისივე მუზეუმი, რომელიც რამდენიმე ხნის წინ დაიწვა და ამ დროისთვის არ ფუნქციონირებს. შენობის წინ კი დღემდეა ძეგლი, რომელიც ქუთაისში “ილო ფოტოგრაფს” დაუდგეს.

ილო ფოტოგრაფის ძეგლი
ილო ფოტოგრაფის ძეგლი
მასალა მომზადებულია ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის – “რეგიონული საკითხების გაშუქება” – ფარგლებში. მასალის შინაარსი არ გამოხატავს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მოსაზრებებს და შეხედულებებს და მასზე მთლიანად პასუხისმგებელია გაზეთი “ბათუმელები” | ნეტგაზეთი.

მასალების გადაბეჭდვის წესი