ახალი ამბები

წიაღის მომპოვებელი რომელი კომპანიები სწირავენ “ქართულ ოცნებას” ასობით ათას ლარს — TI-ის მიმოხილვა

23 ნოემბერი, 2023 • 1259
წიაღის მომპოვებელი რომელი კომპანიები სწირავენ “ქართულ ოცნებას” ასობით ათას ლარს — TI-ის მიმოხილვა

“საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს” ინფორმაციით, იმერეთში, სასარგებლო წიაღისეულის მომპოვებელმა კომპანიებმა, ჯამში, 2 485 931 ლარის პოლიტიკური შემოწირულობა გაიღეს. შემოწირულობის ძირითადი ნაწილი მმართველმა პარტიამ, “ქართულმა ოცნებამ” მიიღო.

ორგანიზაციამ შეისწავლა იმ კომპანიების შემოწირულობები და სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობის საკითხი, რომლებმაც იმერეთში წიაღის მოპოვების ლიცენზია 2019-2021 წლებში მიიღეს.

“იმერეთის რეგიონში სასარგებლო წიაღისეულების მოპოვების 140 ლიცენზიანტიდან (იურიდიული და ფიზიკური პირები) 56 პოლიტიკური შემწირველია ან/და სახელმწიფო შესყიდვების პროცესშია ჩართული. ლიცენზიები მიიღეს მოქმედ ან/და ყოფილ თანამდებობის პირებთან დაკავშირებულმა კომპანიებმაც”, —აცხადებენ ორგანიზაციაში.

თითქმის 2.5 მილიონი ლარის შემოწირულება მოდის 37 ლიცენზიის მქონე 25 კომპანიაზე. რაც შეეხება სახელმწიფო შესყიდვებს, ამ პროცესში 26 კომპანიაა ჩართული, რომლებმაც, ჯამში, 757 566 585 ლარის ხელშეკრულებები მიიღეს.

იმ კომპანიებს შორის, რომლებმაც “ქართულ ოცნებას” ათობით ათასი ლარი შესწირეს, ბევრია ისეთი, რომელიც 2012 წლამდე “ნაციონალური მოძრაობის” შემომწირველი იყო. მაგალითად, ასეთია შპს “ლაიმსთოუნ ჯორჯია”, რომლის მეწილეებს – რამინ დავითაძეს, ზურაბ და ზაურ გაბაიძეებს — ჯამში, 150 000 ლარის პოლიტიკურ შემოწირულება აქვთ გაკეთებული მმართველი პარტიებისთვის — 2020-2021 წლებში “ქართული ოცნების”, 2012 წელს კი “ნაცინალური მოძრაობისთვის”.

კიდევ ერთი კომპანია, რომელთა ხელმძღვანელი პირები ორივე ხელისუფლების დროს იყვნენ პოლიტიკური შემომწირველები, “ჯორჯიან მანგანეზია”. ბესიკ კირთაძემ და ლავრენტი თუთბერიძემ, ჯამში, 117 000 ლარი შესწირეს მმართველ პარტიებს — 2016-2021 წლებში “ქართულ ოცნებას”, 2012 წელს კი — “ნაციონალურ მოძრაობას”.

შპს “კავკასენერგოს” მფლობელმა და დირექტორმა, გიორგი მოლაშხიამაც ჯერ “ნაციონალურ მოძრაობას” შესწირა ფული 2012 წელს, ორი წლის შემდეგ კი “ქართულ ოცნებას”, ჯამში, 100 000 ლარი.

რაც შეეხება სახელმწიფო ტენდერებს, ამ მხრივ, იმერეთში მომუშავე წიაღისეულის მომპოვებელ კომპანიებს შორის აღსანიშნავია შპს “კომპანია ბლექ სი გრუპი”, რომელმაც როგორც “ქართული ოცნების”, ისე “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის დროს, ჯამში, 446 673 230 ლარის სახელმწიფო ტენდერი მოიგო.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” მოუწოდებს სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს და გენერალურ პროკურატურას, შეისწავლოს იმერეთის რეგიონში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის მქონე კომპანიების სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის, ასევე კომპანიებთან დაკავშირებული პირების მიერ გაღებული პოლიტიკური შეწირულებების საკითხი და დაადგინოს, შეიცავს თუ არა კორუფციის შესაძლო ნიშნებს.

კომპანიების სრული სია ნახეთ ბმულზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი