ახალი ამბები

ბოლო სამ თვეში ყველაზე მეტი მნახველი იმერეთს ჰყავდა – შიდა ტურიზმის სტატისტიკა

14 დეკემბერი, 2023 • 1384
ბოლო სამ თვეში ყველაზე მეტი მნახველი იმერეთს ჰყავდა – შიდა ტურიზმის სტატისტიკა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის მე-3 კვარტალში ქვეყნის ფარგლებში, სხვადასხვა მიზნით, თვეში საშუალოდ 1 405 ადამიანი გადაადგილდებოდა. მათ ივლისში, აგვისტოსა და სექტემბერში ქვეყნის მასშტაბით 1767 ადგილი მოინახულეს, აქედან 822 – ტურისტული მიზნით.

აღმოჩნდა, რომ ადგილობრივი ტურისტებისთვის ყველაზე საინტერესო იმერეთის რეგიონია. დაახლოებით იგივე რაოდენობის მნახველი ჰყავს თბილისს. შემდეგ მოდის აჭარა და კახეთი.

საქსტატი მონაცემების მიხედვით, შიდა ტურიზმში ყველაზე აქტიურები 31-50 წლის ასაკის მოსახლეობაა. ადგილობრივი ვიზიტორების 55,3% ქალები არიან, 44,7% კი, კაცები.

რაც შეეხება გადაადგილების მიზანს, ყველაზე მეტი წილი მეგობრებისა და ნათესავების მონახულებაზე მოდის (43,7%). მეტ-ნაკლებად თანაბარი რაოდენობის ადამიანმა იმოგზაურა ქვეყნის შიგნით საყიდლებისა (17,3%) და რეკრეაციული მიზნებისთვის (16,5%).

საინტერესოა ფინანსური მონაცემებიც: 2023 წლის ივლისში, აგვისტოსა და სექტემბერში, ქვეყნის შიგნით გადაადგილებისას, თვეში საშუალოდ 366,2 მილიონ ლარი იხარჯებოდა. საქსტატის ინფორმაციით, ეს მაჩვენებელი დაახლოებით 5,8%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. სამაგიეროდ, თითქმის 12%-ით შემცირდა თითოეულ ვიზიტზე გაწეული საშუალო ხარჯი და 207,3 ლარი გახდა.

რაც შეეხება ხარჯების ტიპს, ამ პერიოდში ყველაზე მეტ ფულს ადამიანები საკვებში, სასმელსა და საყიდლებში ხარჯავდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი