რუსლან მელაძე 21 თებერვალს ავღანეთში დაღუპული სამი ჯარისკაციდან ერთ-ერთი მათგანია. ის ბათუმიდან 87 კილომეტრით დაშორებულ მაღალმთიან სოფელში დაიბადა, სადაც 18 წელიწადი ცხოვრობდა, მერე კი, როგორც მისი ოჯახის წევრები ამბობენ, “ცხოვრების მოსაწყობად” ჯარში წავიდა. 2 წელიწადსა და 3 თვეში ყუმბარმტყორცნელი რუსლან მელაძე ავღანეთში ნაღმზე აფეთქდა.
20 წლის რუსლან მელაძე სახლიდან 10 მეტრის მოშორებით, თავისსავე ეზოში, ფერდობზეა დაკრძალული. იქ მარტო მისი საფლავია. რუსლანის დაღუპვის შესახებ ოჯახს 21 თებერვალს, ღამის 12-ის ნახევარზე, ბათუმიდან ჩასულმა პირებმა აცნობეს.
“ვინ იყვნენ, არ მახსოვს, გონება დავკარგე. ალბათ, მისი ნაწილიდან იყვნენ”, – ამბობს ჯარისკაცის დედა ეთერ მეხეშიძე, რომელიც კამერის წინ ტირილის შეკავებას ძალიან ცდილობს.
ხულოში, საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე ღარიბ რაიონში, რომელიც ქართული არმიის კონტიგენტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა, რუსლან მელაძის ავღანეთში დაღუპვა ძალიან რეზონანსული იყო. რუსლან მელაძის დაკრძალვაზე იმდენი ადამიანი მივიდა, რომ ცხედარი ქვემო ვაშლოვნის საჯარო სკოლიდან გაასვენეს.
რუსლანის ოთხი და და მშობლები მის დაღუპვაზე საუბრისას რამდენიმე გარემოებით ინუგეშებენ თავს:
“მადლობა ღმერთს, ჩემი ბიჭი მოღალატე არ ყოფილა”, – ამბობს მამა, როლანდ მელაძე.
“რუსლანი გმირია, ის სამშობლოს კეთილდღეობას შეეწირა. უნდა დაეხმარო დიდ ქვეყანას, რომ მერე ის შენ დაგეხმაროს. ამიტომ არიან ჩვენი ჯარისკაცები ამხელა გზაზე წასულები. დიდი გამბედაობა გჭირდება, რომ იბრძოლო სხვა ქვეყანაში. შენ მიწაზე როცა კვდები, სიამაყით კვდები, სხვა მიწაზე როცა კვდები, კვდები და არ იცი, შენ სამშობლოს ვინ დაიცავს. ეს ორმაგი ტკივილია”, – ეს სიტყვები რუსლანის უმცროს დას, ლიანა მელაძეს ეკუთვნის.
ეთერ მეხეშიძეც იმით ინუგეშებს თავს, რომ მისი ბიჭი გმირია: “ქვემო ვაშლოვნის საჯარო სკოლა იქნება მისი სახელობის, ეზოში გაკეთდება მისი მემორიალი. ასე თქვეს, აქაც უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, გმირულად რომ დაიღუპა, იმიტომო. სახელმწიფოს უყურადღებოდ არ დავუტოვებივართ ერთი წუთით, ყველა ცდილობდა გვერდში დაგვდგომოდა, როგორც გმირს ეკადრება, ისე დაიკრძალოს და პატარებმა რომ იცოდნენ მისი სახელი, ისტორიაში რომ დარჩესო. თბილისიდან დაწყებული, ყველა იყო, მინისტრები. არავინ დარჩენილა მოუსვლელი მთელი საქართველოდან”.
როგორ აღმოჩნდა რუსლანი ავღანეთში და როგორ შეხვდნენ მის გადაწყვეტილებას ოჯახის წევრები?
“არ მინდოდა, ვეხვეწე, ერთი შვილი მყავხარ, არ წახვიდე-მეთქი, მაგრამ ნუ დამაბრკოლებ, ცხოვრება მინდაო, ყველაფერი მე უნდა შევქმნა, უზრუნველყოფილი ვიყოო. და არაფერი აღარ ვუთხარი, წინ ვეღარ გადავდექი… მითხრა, რომ ხელი მოვაწერე და აუცილებლად უნდა წავიდე, ჩემი სამშობლო უნდა დავიცვა, ვაჟკაცურად უნდა ვიცხოვროო. მაინც ვთხოვე, არ წახვიდე, უცბად რამე რომ დაგემართოს, რა გვეშველება-მეთქი. მე გმირულად მოვკვდებიო, გმირი უნდა ვიყოო.
მერე სიგელები ჩამოიტანა გერმანიიდან. ვუთხარი, უნდა დაგაქორწინო-მეთქი. ავღანეთიდან ჩამოვალ და მერეო. შეყვარებულიც ჰყავდა, ქუთაისელი გოგო. ჩემი შვილის ტირილში ისიც მოიყვანეს… ალბათ, საჭიროა ეს მსხვერპლი. არავის ვუსურვებ ამ ტკივილის გადატანას”.
ქალბატონი ეთერი ამბობს, რომ მისი შვილი ჯარისკაცობაზე მე-3 კლასიდან ოცნებობდა:
“მე-3 კლასში იყო, ჯარისკაცის ფორმა რომ მაყიდინა და იმას იცვამდა. მე-12 კლასის გამოსაშვებ საღამოზეც ჯარისკაცის ფორმით მივიდა”.
კითხვაზე, რამდენი ჯარისკაცი იბრძვის ავღანეთში და, ზოგადად, რამდენი ადამიანია ჯარში წასული სოფელ ვაშლოვნიდან, რუსლან მელაძის ოჯახში ამბობენ, რომ “მაგას ვინ დათვლის, ძალიან ბევრი. წასული და მოსული ძალიან ბევრია. აგერ, ჩემი სულ ახლოს მეზობელი მესამედ წევდა და მოვიდა. რა ვიცი, ამას რა პრობლემა შეხვდა, ალბათ, ბედისწერა… კარგად ვარო, გვეუბნებოდა”.
ეთერ მეხეშიძე ამბობს, რომ ავღანეთში შვილთან მეტნაკლებად ჰქონდა კავშირი, შვილს ბოლოს 7 თებერვალს ელაპარაკა: “ტელეფონზე დამიმესიჯა, საიტზე ვარ და ჩართეთ კომპიუტერიო. დავინახე, ძალიან გაზრდილი იყო, ანგელოზი იყო, ტირილი დავიწყე და ვეღარ დაველაპარაკე. დედიკო რატომ ტირის, მე სამთვენახევარში თქვენთან ვიქნებიო. მეორე კვირას კიდევ დამირეკა, მაგრამ ვერ დაველაპარაკე, გაითიშა. თანდათან უფრო უკეთესი ხდებოდა, რომ დარეკავდა, მეუბნებოდა: დედი, მენატრები და ბევრს გკოცნიო”.
მელაძეების ოთხი შვილიშვილიდან ერთი ჯერ კიდევ აკვანში წევს, დანარჩენი სამიდან ორს პოლიციელობა უნდა, ერთს – ჯარისკაცობა. ბებია და ბაბუა ამბობენ, რომ ჯარისკაცი შვილის ავღანეთში დაღუპვის მიუხედავად, ისინი არ ჩაერევიან ბავშვების გადაწყვეტილებაში.
“მე პოლიციელი უნდა გამოვიდე. ფორმა მომწონს, კიდევ თოფი რომ არი. მანქანაც მომწონს პატრულის”, – ამბობს დაღუპული რუსლანის 8 წლის დისშვილი იმედა შავაძე.
“მე ჯარისკაცი უნდა გამოვიდე. იმიტომ მინდა, რომ თოფები აქვან. ტელევიზორში დევნახე, რომ პაწვანები იყვნენ პოლიციელები გამოსული და ქუდები ეიქნიეს”, – ამბობს 5 წლის ლერი შანთაძე, რუსლანის მეორე დისშვილი.
12 წლის ირინა შავაძეს, დაღუპული ჯარისკაცის კიდევ ერთ დისშვილს, რომელიც ასევე პატრულში მუშაობაზე ოცნებობს, კარგად ახსოვს, როგორი იყო რუსლანი:
“ის ჩემი მეგობარი იყო. ძალიან მიყვარდა… პირველი ხელფასით მობილურის “კარტა” მიყიდა, მერე ვარძიაში წაგვიყვანა. სულ ტანსაცმელს ყიდულობდა ჩვენთვის… მე არ მიმხელდნენ რუსლანის სიკვდილის ამბავს… როცა მითხრეს, რომ რუსლანი მოკვდა, გონება დავკარგე”, – ყვება ირინა. ის ერთადერთია, რომელმაც მათთან მისული ჟურნალისტების გაცილება ითავა.
რუსლან მელაძის ცხედარი დედას არ უნახავს:
“ჩემი ბიჭი ბიძებმა ნახეს. მათ მითხრეს, არ გისურვებთ, არ ნახო, როგორიც წავიდა, ისეთი გახსოვდესო”.
რა არის ავღანეთი? – ირინას ამ კითხვაზეც უფიქრია: “ავღანეთი… მე როგორც წარმოდგენილი მაქვს, იქ უმეტესად არიან ჯარისკაცები და ადამიანებს იცავენ ავღანელებისგან. იმათ არ შეუძლიათ, რომ ადამიანი მოკლან”.
უკან დაბრუნებისას სოფელ ხიჭაურში გამოვიარეთ. ამ სოფელში დაღუპვას გადარჩენილი ჯარისკაცის, გელას შესახებ მელაძეების ოჯახში გვიამბეს. ისიც რუსლანთან ერთად იყო ავღანეთში. მელაძეები ამბობენ, რომ გელა მძიმედ ყოფილა დაჭრილი.