საზოგადოება

სიმონ ჯანაშია საერთაშორისო კვლევების შესახებ

30 დეკემბერი, 2011 • 3007
სიმონ ჯანაშია საერთაშორისო კვლევების შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოსაზრების შესახებ, რომლის თანახმად, საერთაშორისო კვლევების მეთოდოლოგია “სისულელეა” და დროა, ქვეყანა შიდა შეფასებებზე გადავიდეს, განათლების ექსპერტი და ილიას უნივერსიტეტის პროფესორი, სიმონ ჯანაშია ნეტგაზეთთან კომენტარს აკეთებს.
“საერთაშორისო შეფასებებს, ისევე, როგორც ყველა კვლევას, თან ახლავს კვლევის მეთოდოლოგიის პრობლემებიც. ტესტის საკითხები ყოველთვის არ არის კარგად ადაპტირებული რეალობასთან, რომელშიც მათ იყენებენ. ცნობილია, რომ მოსწავლეები უკეთ პასუხობენ ნაცნობ კონტექსტთან დაკავშირებულ კითხვებს. არსებობს საერთაშორისო ტესტების უხარისხო თარგმანის პრობლემაც. ასევე ცნობილია პრობლემები, რაც უკავშირდება მოსწავლეების შერჩევას და მათ განწყობებს ტესტირებისადმი. ზოგ შემთხვევაში ფუჭია შეჯიბრი სხვა ქვეყნებთან. რთულია, რომელიმე ქვეყანას შედეგების მიხედვით დაეწიო ან გაასწრო, თუ ის ქვეყანა ადგილზე არ დგას.
მიუხედავად ამ მრავალი პრობლემისა, საერთაშორისო კვლევები მაინც გვაჩვენებს ზოგად ტენდენციებს და მრავალი დადებითი მხარე აქვს. ამ კვლევების ძლიერი მხარეა მისი მიუკერძოებლობა პოლიტიკური თვალსაზრისით. ის არ ხორციელდება რომელიმე პოლიტიკური პარტიის დაკვეთით და რთულია მისი შედეგები უარვყოთ.
ღირებულია ინფორმაცია ქვეყნის შიგნით არსებულ მდგომარეობაზე. ყველა საერთაშორისო კვლევა, რაშიც საქართველო მონაწილეობს, გვაძლევს მონაცემებს იმის შესახებ, თუ რა განსხვავება და მსგავსებაა განათლების დონის თვალსაზრისით საქართველოს ქალაქებსა და სოფლებში, მცირე და დიდ სკოლებში, გოგონებსა და ბიჭებს შორის. ასევე ვიღებთ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა გავლენა აქვს განათლების დონეზე ინფრასტრუქტურას, მასწავლებლების განათლებას, ოჯახების დამოკიდებულებას და სხვ. ეს კვლევები ასევე გვაძლევს სასარგებლო ინფორმაციას, თუ რა ცვლილებებს მოაქვს დადებითი შედეგები განათლების ხარისხის თვალსაზრისით საერთაშორისო მასშტაბით.
პრობლემა არა იმდენად თავად კვლევის მეთოდოლოგიაა, არამედ მისი შედეგების ინტერპრეტირება. ეკონომიკურ ჭრილში ინტერპრეტაციამ შეიძლება გავლენა იქონიოს ქვეყნის მიმზიდველობაზე, რადგან ცოდნის ეკონომიკის პირობებში მნიშვნელოვანია განათლებული სამუშაო ძალები.
პოლიტიკურად ეს კვლევები პრობლემურია, რადგან ხშირ შემთხვევაში ადეკვატურად არ ითვალისწინებს კონტექსტს, რომლის შედეგებსაც ის ასახავს. მეორე მხრივ კი, პასუხისმგებლობას საზოგადოება სწორედ დღევანდელ პოლიტიკურ მოღვაწეებს აკისრებს. სწორედ ამიტომაც არის, ჩემი აზრით, დღეს ამგვარი რეაქცია სახელმწიფოს წარმომადგენლებისგან. რთულია პოლიტიკოსმა საზოგადოებას აუხსნას, თუ რატომ არ ჰქონდა 2010 წელს მეცხრეკლასელებს ცუდი შედეგები, მაშინ, როდესაც პოლიტიკური პასუხისმგებლობა მისმა პარტიამ 2003 წელს აიღო. ამის ასახსნელად მათ უნდა განმარტონ, რომელ წელს, რომელ კლასებში დაინერგა ახალი სასწავლო გეგმა, ახალი სახელმძღვანელოები, სწავლების ახალი მეთოდები და სხვ. პოლიტიკურად ამის გაკეთება განსაკუთრებით რთულია საქართველოში, სადაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ბოლო ორი წლის განმავლობაში გადაწყვიტა, ის პასუხისმგებლობებიც თავის თავზე აეღო, რაც სინამდვილეში სკოლას ეკუთვნის. დღევანდელ სამინისტროსთვის რთულია ამ ყველაფრის ახსნა იმიტომაც, რომ დაწესდა მრავალი შეზღუდვა დამოუკიდებელი მკვლევარებისთვის, რომლებსაც შეეძლოთ აეხსნათ ის მიზეზები, რაც ამ შედეგების მიღმა დგას და პასუხისმგებლობა აეღოთ პრობლემის გადაჭრის გზების შემუშავებაზე. შედეგად კი ავადმყოფობის აღიარებისა და მკურნალობის გზების განხილვის ნაცვლად იმ თერმომეტრს ვებრძვით, რომელიც შესაძლოა ზედაპირულ, მაგრამ მაინც მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის ჩვენი მდგომარეობის შესახებ,”–ამბობს სიმონ ჯანაშია.

მასალების გადაბეჭდვის წესი