საზოგადოება

უსაფრთხო სკოლის სახელით დაწყებული კონტროლი

13 ოქტომბერი, 2011 • 1640
უსაფრთხო სკოლის სახელით დაწყებული კონტროლი

ეს განათლების რეფორმის ყველაზე მტკივნეული ნაწილია. იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2009 წელს ყველა მიმართულებით იყო დანაშაულის კლება. სამწუხაროდ, ეს არ შეეხო არასრულწლოვანთა შორის დანაშაულს. ამიტომაც შეიქმნა მანდატურის სამსახური. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც ამ პრობლემის მოსაგვარებლად გადავდგით,” -განაცხადა დიმიტრი შაშკინმა ერთ-ერთ ინტერვიუში.

მინისტრის სიტყვებს არ ადასტურებს ოფიციალური სტატისტიკა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში 2006 წელს არასრულწლოვნებს შორის მომხდარი დანაშაულის 997 ფაქტი დაფიქსირდა, 2007 წელს – 674, 2008 წელს  759-მდე გაიზარდა, 2009 წელს – 595, 2010 წლისთვის კი 543 დანაშაულის ფაქტი დაფიქსირდა.

სამაგიეროდ არსებობს კვლევები, რომელიც 2006 და 2007 წლებში სკოლებში უსაფრთოებას სწავლობს. 2006 და 2007 წლებში საერთაშორისო საგანმანათლებლო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კველევების ”PIRLS” და “TIMSS” მიხედვით საქართველოს სკოლებში უსაფრთხოების მაჩვენებელი მაღალი იყო.

აღნიშნული კველევები, საშუალო სკოლებში კითხვის უნარებს (PIRLS, მეოთხე კლასელებში), მათემატიკის და ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ცოდნას (TIMSS, მეოთხე და მერვე კლასელებში) აფასებს. ეს კვლევები უკვე 20 წელია, ტარდება და ძალიან დიდი ავტორიტეტით სარგებლობს მსოფლიოში. კვლევის ადგილობრივ ადმინისტრირებაზე სახელმწიფოა პასუხისმგებელი და 2006 და 2007 წელს გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ჩაატარა.

მოსწავლეთა ცოდნისა და უნარების შეფასებას თან ახლავს მოსწავლეების, მასწავლებლებისა და დირექტორების გამოკითხვა. გამოკითხვის ერთ-ერთი ნაწილი სკოლებში უსაფრთხოების ხარისხს ეხება. 2006 წელს მეოთხე კლასელების წიგნიერების შეფასების (PIRLS) ფარგლებში გამოკითხეს მეოთხე კლასელი მოსწავლეები და დირექტორები. 2007 წელს ჩატარებულ კვლევაში კი მეოთხე და მერვე კლასელი მოსწავლეები და მასწავლებლები.

წიგნიერების კვლევაში (PIRLS, 2006) მეოთხე კლასელებისთვის განკუთვნილ კითხვარში, მოსწავლეს ეკითხებიან, ყოფილან თუ არა მსხვერპლი ან მოწმე ქურდობის, დაშინებისა და დამცირების ან ფიზიკური ზიანის მიყენების. ამ მაჩვენებლის შედეგების მიხედვით, საქართველო, 45 მონაწილე ქვეყანას შორის, მეოთხე ადგილზეა შვედეთის, ნორვეგიის და დანიის შემდეგ.

მათემატიკისა და მეცნიერებების კვლევაში (TIMSS, 2007) მოსწავლეს ეკითხებიან, ყოფილა თუ არა ქურდობის, მუქარის, გარიყვის, დამცირების მსხვერპლი ბოლო თვის განმავლობაში. ამ საზომის მიხედვით, მერვე კლასელებში საქართველო მეორე ადგილზეა შვედეთის შემდეგ. უსაფრთხოდ აფასებს სკოლას მასწავლებლების (87% მაღალი უსაფრთოხების და ) და დირექტორების (73%) უდიდესი ნაწილი. დაბალი უსაფრთხოების ინდექსის მქონე სკოლებში მოსწავლეების და მასწავლებლების 2 პროცენტი მოდის.

ამ შედეგების მიუხედავად, 2007 წლიდან სამინისტრომ უსაფრთხო სკოლის პროგრამაზე მუშაობა დაიწყო. მაგრამ 2010 წლის გაზაფხულამდე ”უსაფრთხო სკოლის” პროგრამის ფარგლებში მნიშვნელოვანი ღონისძიებები არ გატარებულა. პროგრამის ბიუჯეტი ორი წლის განმავლობაში 50 ათასი ლარი იყო და 2009 წელს განულდა.

ნათია ანდღულაძე, რომელიც 2007-2009 წლებში სამინისტროს კვლევების სამმართველოს უფროსი იყო, თვლის, რომ სკოლების უსაფრთხოების გაძლიერებაზე განსაკუთრებული ძალისხმების მიმართვის საჭიროება სისტემაში არ არსებობდა და ეს რამდენიმე ურბანული სკოლის პრობლემა იყო. “2007 წელს სამინისტრომ კვლევა ჩაატარა, შემდეგ ადგილობრივი და უცხოელი სპეციალისტები მოიწვია. ყველა გვირჩევდა, უარი გვეთქვა კონტროლზე ორიენტირებულ (სათვალთვალო კამერები, მეტალის დეტექტორები და მისთანები) პოლიტიკაზე და თუ სკოლებში უსაფრთოხების გაძლიერების მიმართულებით რამის გაკეთებას ვაპირებდით, აქცენტი ზრუნვაზე ორიენტირებულ სტრატეგიაზე გაგვეკეთებინა. მაგრამ ასეთი სტრატეგიის განხორციელებას მნიშვნელოვანი ინვესტიციები სჭირდებოდა. როგორც ჩანს, წინა მინისტრებმა გადაწყვიტეს, რომ მნიშვნელოვანი ცვლილებების საჭიროება არ იდგა. 2007 წელს ჩატარებული კვლევაც არ გვიჩვენებდა, რომ საქართველოში სკოლაში უსაფრთხოება განსაკუთრებული ზომების მიღებას საჭიროებდა. ის პოლიტიკა, რაც 2010 წელს დაიწყო მანდატურების სკოლებში შეყვანით, მედიის მიერ ატეხილი ისტერიით სარგებლობს, ბავშვების უსაფრთხოებას შირმად იყენებს და საგანმანათლებლო სისტემაში სრული კონტროლის მოპოვების მიზნით ტარდება”.

2010 წლიდან მოყოლებული უსაფრთხო სკოლის პროგრამის მასშტაბები გაიზარდა და ახალი სახე შეიძინა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში უსაფრთხო სკოლის შესახებ 2010–2011 წლებში შემუშავებულ კონცეფციაში შევიდა “სასკოლო მანდატურის ინსტიტუტის შექმნა; სკოლების დაყოფა სამი სასწავლო საფეხურის მიხედვით; ვიდეოთვალის მეშვეობით სკოლის ტერიტორიაზე უსაფრთხო ზონების შექმნა; მოსწავლეთათვის საკრედიტო საბარათე სისტემის შემოღება და მისი მიბმა პორტალზე; და მოსწავლეთა ცნობიერების ასამაღლებლად პროკურატურის, პოლიციისა და იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლების მიერ ადამიანის უფლებებსა და სხვა სამართლებლივ საკითხებზე შეხვედრების ორგანიზება”.

უსაფრთხო სკოლის” პროგრამისთვის 2010 წელს ბიუჯეტიდან 2,400,500 ლარი გამოიყო. საწყის ეტაპზე მანდატურები 7 საპილოტე სკოლაში შევიდნენ, 2010 წლის სექტემბრიდან კი მადატურები თბილისის მასშტაბით ყველა სკოლაში და საქართველოს ქალაქების სკოლებში ეტაპობრივად შევიდნენ. 2011 წელს მანდატურის სამსახურისთვის, ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა 7,388,000 ლარამდე გაიზარდა. მანდატურის სამსახურს სკოლებში შინაგანაწესის შესრულება დაევალა.

მეცნიერებისა და განათლების სამინისტროს პრესამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, რეფორმის შედეგად უსაფრთხოების თვალსაზრით დღეს სკოლებში მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა. მოსწავლეები არა მხოლოდ სკოლაში დადიან, მთლიანად აღმოიფხვრა, მაგალითად, ისეთი მანკიერი პრაქტიკა, როგორციაა ბავშვებს შორის ფულის გამოძალვა და ა.შ.

მაგრამ სამინისტროს მიერ სკოლებში ძალადობის შემცირებაზე გაკეთებული განცხადებების დამადასტურებელი მონაცემები არ არსებობს. არსებობს ცალკეული ორგანიზაციების მცდელობა, შეაფასონ მანდატურის სამსახურის შემოღების გავლენა სკოლაზე. მაგრამ ასეთი კვლევების განხორციელება სამინისტროს ახალი რეგულაციებით არის შეზღუდული.

განათლების პოლიტიკის სპეციალისტი ნათია ანდღულაძე თვლის, რომ “სკოლაზე კონტროლის ასეთი გაძლიერება არ ტოვებს პოზიტიური ცვლილების შესაძლებლობას. ის აკნინებს მასწავლებლის, განსაკუთრებით, კარგი მასწავლებლის და დირექტორის უნარს, შეცვალოს მისი და მის ირგვლივ არსებული საგანმანათლებლო პროცესი. ამიტომ რეფორმის ყველა დანარჩენ კომპონენტს მხოლოდ ფასადის შეცლის ეფექტი ექნება. მაგრამ თუ ეს ყველაფერი დიდხანს არ გაგრძელდა, შეიძლება, მანდატურის “ეპოქის” ეფექტი პოზიტიურიც აღმოჩნდეს, რადგან ყველანი ცოტა ხნით საბჭოთა კავშირში დაგვაბრუნა და გაგვახსენა, რატომ არ გვინდოდა იქ დარჩენა”.


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და შსს აკადემიის რექტორმა ხატია დეკანოიძემ  საჯარო სკოლების მომავალ 205 მანდატურს  სერტიფიკატები გადასცეს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და შსს აკადემიის რექტორმა ხატია დეკანოიძემ საჯარო სკოლების მომავალ 205 მანდატურს სერტიფიკატები გადასცეს

მასალების გადაბეჭდვის წესი