სამართალი

შაშკინის ლოგიკა

2 ნოემბერი, 2010 • • 1279
შაშკინის ლოგიკა

 თუკი განათლების სამინისტროს მოთხოვეთ  საჯარო ინფორმაცია, ვერ მიიღეთ, მაგრამ სასამართლოს გადაწყვეტილება არ გამოუტანია, ეს იმას ნიშნავს, რომ მიიღეთ  ინფორმაცია – ასეთია დიმიტრი შაშკინის ლოგიკა ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრს ნეტგაზეთმა 2 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე  ჰკითხა, რა არის იმის მიზეზი, რომ ნეტგაზეთის თანამშრომლები სამინისტროსგან ვერ იღებენ საჯარო ინფორმაციას.

ჩვენ კითხვაზე დიმიტრი შაშკინმა აქცენტი კანონზე გააკეთა და თქვა, რომ რედაქცია საჯარო ინფორმაციას კანონით დადგენილი წესისა და დროის გათვალისწინებით მიიღებს. 

ნეტგაზეთის თანამშრომლებმა ვერც კანონით დადგენილ ვადაში და ვერც შემდეგ  ვერ მიიღეს გამოთხოვილი საჯარო ინფორმაცია.

საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით, ნეტგაზეთის  სამმა თანამშრომელმა (თამარ ჩხეიძე, ლიკა გიგინეიშვილი, ნესტან ცეცხლაძე) განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 22 სექტემბერს მიმართა.

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მიხედვით, ინფორმაციის მიღების მაქსიმალური ვადა 10 დღეა. იგივე  კოდექსი  საჯარო დაწესებულებას ავალდებულებს, ინფორმაციის მომთხოვნს თავისი გადაწყვეტილების შესახებ აცნობოს. მაგალითად, რამდენ ხანში შეძლებს ის ინფორმაციის გაცემას.

კანონით დადგენილი ვადა გავიდა, თუმცა არც ინფორმაცია და არც რაიმე სახის განმარტებითი წერილი, თუ რატომ ვერ აწვდის რედაქციას საჯარო დაწესებულება ამ ინფორმაციას, სამინისტროსგან რედაქციაში ამ დრომდე არ მოსულა.

22 სექტემბერს ნეტგაზეთის თანამშრომლები სამინისტროს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირს სთხოვეს, გაეცათ ინფორმაცია განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინის ყოველთვიული ხელფასისა და პრემიების ოდენობის თაობაზე, ასევე   სამტრედიის სპეცსკოლასთან  და  ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაციები.

10–დღიან ვადაში ინფორმაციის ვერმიღების შემთხვევაში, მოქალაქეებს კანონი უფლებას აძლევს, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის ეს გადაწყვეტილება (ინფორმაციის შეზღუდვა) გაასაჩივრონ ადმინისტრაციული ორგანოს ხელმძღვანელ პირთან.

22 სექტემბრის მიმართვებზე  ნეტგაზეთის ჟურნალისტებს შაშკინისთვის ადმინისტრაციული საჩივარი არ გაუგზავნიათ. თუმცა ერთ-ერთ ასეთ წინა საჩივარზე  დიმიტრი შაშკინს არანაირი რეაგირება არ მოუხდენია.

მაისში ადმინისტრაციული საჩივარი ნეტგაზეთის რედაქტორმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრს მას შემდეგ გაუგზავნა, რაც ამავე სამინისტროს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირისგან ვერ მიიღო ვერანაირი ინფორმაცია მანდატურებთან დაკავშირებით.

დიმიტრი შაშკინს ადმინისტრაციულ საჩივარზე რეაგირება არ მოუხდენია.

ასეთ შემთხვევებში, მოქალაქეებსა და ჟურნალისტებს კანონი სასამართლოში გასაჩივრების უფლებას აძლევს.

სწორედ სასამართლოსკენ მიგვითითა დიმიტრი შაშკინმა:

”იმის გამო, რომ სასამართლომ რაიმე დისციპლინარული პასუხისმგებლობა არ დაგვაკისრა, ეს ნიშნავს, რომ თქვენ მიგიღიათ ეს ინფორმაცია”.

იმისათვის რომ მოქალაქეებმა ასეთი ტიპის სარჩელით სასამართლოს მიმართონ, 100 –ლარიანი საბაჟო მოსაკრებელი უნდა გადაიხადონ.

სწორედ ამ მიზეზით ვერ გასაჩივრდა სასამართლოში მანდატურების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შეზღუდვა.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი