სამართალი

სასამართლომ კორტების სპეცოპერაციის საქმეზე ბრალდებულთა განაჩენი გამოაცხადა

30 ოქტომბერი, 2015 •
სასამართლომ კორტების სპეცოპერაციის საქმეზე ბრალდებულთა განაჩენი გამოაცხადა

საქართველოს პროკურატურამ 2006 წლის 2 მაისის ე.წ კორტების სპეცოპერაციის საქმე სპეცოპერაციის დროს დაღუპული ზურაბ ვაზაგაშვილის მამის, იური ვაზაგაშვილის მისივე შვილის საფლავზე აფეთქებიდან მეცამეტე დღეს გამოაცხადა (2015 წლის თებერვალში) გახსნილად.

 

ამ სპეცოპერაციას მოსამართლემ დღეს უწოდა “სისხლიანი სპეცოპერაცია”, რამდენადაც ის, მოსამართლის შეფასებით, განხორციელდა კრიმინალურად. 

 

პროკურატურამ განზრახ მკვლელობის, მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის და განზრახ უკანონო დაკავების ბრალდებებით 2015 წლის თებერვალში დააკავა 11 პირი: შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე ირაკლი ფირცხალავა; შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის  სამძებროს სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე გიორგი ცააძე; შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი გამომძიებელი ლევან ბეროძე; შსს ქ.თბილისის შს მთავარი სამმართველოს სპეცდანიშნულების ჯგუფის ყოფილი უფროსი კახაბერ ნაკანი და მისი ყოფილი მოადგილე გიორგი გულბიანი; სპეცდანიშნულების ჯგუფის წევრები: იასონ მილაძე, ალექსანდრე ციმაკურიძე, ზურაბ ჯოხაძე, დავით ალელიშვილი, სოსო ჩაკვეტაია და ალექსანდრე სანიკიძე. ხოლო ერთი პირის – შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ყოფილ გამომძიებელ გრიგოლ კვინიკაძის მიმართ, რომელსაც დატოვებული აქვს საქართველოს საზღვარი, გამოტანილ იქნა დადგენილება ბრალდების შესახებ. კვინიკაძე ამ დრომდე მიმალვაშია.

 

პროკურატურის ცნობით, მკვლელობა ირაკლი ფირცხალავამ ალექსანდრე ხუბულოვზე შურისძიების მიზნით დაგეგმა, რადგან, გამოძიების ვერსიით, ხუბულოვის ინფორმაციის საფუძველზე მოხდა ფირცხალავას ძმის დაკავება ნარკოდანაშაულზე.

 

საქმის მასალების მიხედვით, “2006 წლის 2 მაისს ხუბულოვი შეხვდა ზურაბ ვაზაგაშვილსა და ბონდო ფუთურიძეს და ვაზაგაშვილის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანით გაემართნენ მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით. ჩოგბურთის კორტების მიმდებარე ტერიტორიაზე, ფირცხალავასაგან რადიოსიგნალით მიღებული ბრძანების შემდგომ, შეიარაღებული სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა მოწოდებისა და გამაფრთხილებელი გასროლის გარეშე  ცეცხლი გაუხსნეს ვაზაგაშვილის ავტომანქანას. თავის მხრივ, ბრალდებულმა  გიორგი ცააძემ განახორციელა საკონტროლო გასროლა ზურაბ ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის მისამართით, რომლებიც   ადგილზე გარდაიცვალნენ. ბონდო ფუთურიძემ კი სიცოცხლისათვის საშიში მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო. ხსენებული სპეცოპერაცია ბრალდებულებმა შენიღბეს როგორც ყაჩაღური თავდასხმის აღკვეთა და შექმნეს ფალსიფიცირებული მტკიცებულებები, თითქოსდა ოპერაციის მონაწილენი თავდასხმისათვის ემზადებოდნენ. შედეგად, ვაზაგაშვილი, ხუბულოვი და ფუთურიძე გამოცხადდნენ ყაჩაღებად, ხოლო შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი- დანაშაულთან ბრძოლის სახელმწიფო მნიშვნელობის საქმეში სამაგალითო უწყებად”.

 

სასამართლომ შეაფასა საქმეში წარმოდგენილი და სხდომებზე გამოკვლეული მტკიცებულები და დადასტურებულად მიიჩნია, რომ 2006 წლის 2 მაისს კორტებთან ჩატარებული ღონისძიება სრულიად შეუსაბამო იყო დაკავების ღონისძიებისათვის გათვალისწინებულ სტანდარტებთან.

 

 

მოსამართლის გადაწყვეტილებით, ირაკლი ფირცხალავა სისხლის სამართლის კოდექსის 369-ე მუხლის მესამე ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (მტკიცებულებათა ფალსიფიკაცია) უდანაშაულოდ იქნა ცნობილი, ხოლო დამნაშავედ იქნა ცნობილი 109-ე მუხლის “ა”, “ზ” და “თ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ბრალდებით (განზრახ მკვლელობა). 

 

 

 

მოსამართლის გადაწყვეტილებით, გიორგი ცააძე სისხლის სამართლის კოდექსის 369-ე მუხლის მესამე ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (მტკიცებულებათა ფალსიფიკაცია) უდანაშაულოდ იქნა ცნობილი, ხოლო დამნაშავედ იქნა ცნობილი 109-ე მუხლის “ა” და “თ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ბრალდებით (განზრახ მკვლელობა). 

 

ორივე მათგანს სასამართლომ 16-16 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.  2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებით, მათ საბოლოოდ,  სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრათ 12-12 წლით თავისუფლების აღკვეთა. 

 

რაც შეეხება, ბრალდებულ კახაბერ ნაკანს, მის მიმართ წარდგენილი ბრალდება ორი პირის განზრახ მკვლელობისათვის, ჩადენილი ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას, ჯგუფურად – გადაკვალიფიცირდა იარაღის გამოყენებით, უფლებამოსილების გადამეტების მუხლზე ( სსკ-ის 333 მუხ.მე-3 ნაწ. „ბ“ ქ/პ, 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია).

 

ბრალდებული ლევან ბეროძე, ცნობილ იქნა დამნაშავედ მტკიცებულებების ფალსიფიცირებისათვის წარდგენილ ბრალდებაში. გრიგოლ კვინიკაძე კი ცნობილ იქნა დამნაშავედ  პირის განზრახ უკანონო დაკავებისათვის.  2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებით, კ. ნაკანს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად 6 წლით, ლ. ბეროძეს 3 წლით, ხოლო გ. კვინიკაძეს 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ. 

 

2006 წელს ჩატარებული “კორტების სპეცოპერაციის” საქმეზე პროკურატურის მიერ 2015 წლის თებერვალში დაკავებული 11 პირიდან 7 ყოფილი სპეცრაზმელია.  გიორგი გულბიანს, იასონ მილაძეს, ალექსანრე ციმაკურიძეს, ზურაბ ჯიხაძეს, დავით ალელიშვილს, სოსო ჩაკვეტაიასა და ალექსანდრე სანიკძეს კვლავ 109-ე მუხლის 2006 წელს მოქმედი რედაქციით აქვთ წაყენებული, თუმცა ეს საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო და 17 აგვისტოს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა შეეცვალათ თავდებობით. ამ ეტაპზე, მოცემულ საქმეზე არსებითი განხილვა გრძელდება და მომდევნო სასამართლო სხდომა 17 ნოემბერს არის ჩანიშნული.

 

წინა ხელისუფლების დროს ჩატარებული გამოძიების შედეგად, ვაზაგაშვილი და ხუბულოვი ემსხვერპლა 2006 წლის 2 მაისს კორტებთან ჩატარებულ სპეცოპერაციას. მაშინდელი გამოძიებით, ისინი ყაჩაღური თავდასხმის განხორციელებას გეგმავდნენ, რა დროსაც მათ მანქანას დაედევნა პოლიცია, რომლის მიმართაც განახორციელეს სროლა, ხოლო პოლიციის მხრიდან საპასუხო სროლის შედეგად დაიღუპა მანქანაში მყოფი ორი პირი, ხოლო ერთი მძიმედ დაიჭრა, მაგრამ გადარჩა.

მასალების გადაბეჭდვის წესი