სამართალი

მოსამართლე: ჩემი საჯარო პოზიციის შემდეგ, მეუღლეს საჯარო სამსახურის დატოვება მოუწია

2 აპრილი, 2024 • 1705
მოსამართლე: ჩემი საჯარო პოზიციის შემდეგ, მეუღლეს საჯარო სამსახურის დატოვება მოუწია

რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მადონა მაისურაძე აცხადებს, რომ სასამართლო სისტემაში საკვანძო თანამდებობებზე დანიშნულ პირთა კეთილსინდისიერების ხელახალი შემოწმების მექანიზმზე მისი საჯაროდ დაფიქსირებული პოზიციის შემდეგ მის ქმარს საჯარო სამსახურის დატოვება მოუწია.

„ნეტგაზეთთან“ საუბრისას მოსამართლე მადონა მაისურაძე ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც მედიით გავრცელდა მისი პოზიცია, რომ არ ეწინააღმდეგება ევრორეკომენდაციას, რომელიც სასამართლოს სისტემაში საკვანძო თანამდებობებზე განწესებულ პირთა კეთილსინდისიერების ხელახალ შემოწმებას გულისხმობს, მის მეუღლეს, გიორგი ჩემიას, სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტში, სადაც სპეციალისტად მუშაობდა, განმარტებები მოსთხოვეს და იძულებული გახდა, სამსახური დაეტოვებინა:

„მუშაობდა სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტში სპეციალისტად. ცხადია, ასე პირდაპირ არავის უთქვამს, რომ უნდა წასულიყო, თუმცა პასუხი მოსთხოვეს ჩემს ქმედებებზე და შეიქმნა ისეთი ვითარება, რომ დაწერა განცხადება. ჩემი საჯარო პოზიციის დაფიქსირების შემდეგ განვითარდა ეს მოვლენები“, — გვითხრა მოსამართლემ.

სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაქვემდებარებული ორგანოა და საქართველოს საერთო სასამართლოების მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს. საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარესა და მის მოადგილეებს 3 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თანხმობით. დეპარტამენტის სხვა თანამშრომლებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარე.

რაც შეეხება მადონა მაისურაძეს, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ „მთავარ არხს“ რამდენიმე დღის წინ განუცხადა, რომ თავადაც მზადაა, საჭიროების შემთხვევაში გადამოწმდეს მისი კეთილსინდისიერება:

„როგორც ცნობილია, გასულ წელს მივიღეთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და გაწევრიანების მიზნებისთვის, საქართველოსთან ერთად, სხვა ქვეყნებსაც დაევალა მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმება… მზად ვარ, ჩემი კეთილსინდისიერება გადაამოწმონ” ,— ამბობს მოსამართლე მადონა მაისურაძე „მთავარ არხთან“.

2002-2006 წლებში გიორგი ჩემია იყო ჩოხატაურის რაიონული სასამართლოს მოსამართლე და მივლინებით მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა რუსთავის საქალაქო სასამართლოში; 2006-2010 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე; 2010 წლის ოქტომბრიდან დაინიშნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ.

გიორგი ჩემიას მოსამართლეობის 10-წლიანი ვადა 2012 წელს გაუვიდა. მას 2016 წელსაც სურდა 3-წლიანი გამოსაცდელი ვადით მოსამართლედ დანიშვნა. ჩემიამ კონკურსში მონაწილეობა მიიღო, თუმცა საბჭოს 10 წევრის ხმა ვერ მოაგროვა.

მას განცხადება 5 ვაკანსიაზე ჰქონდა შეტანილი. აქედან ორი- თბილისის სააპელაციო სასამართლოში, ორი -თბილისის საქალაქო სასამართლოში და ერთი – მცხეთაში.

გიორგი ჩემია, რომელიც პირველ ინსტანციაში სანდრო გირგვლიანის საქმის მოსამართლე იყო,  იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლედ არც 2017 წელს დანიშნა.

საერთო სასამართლოების დეპარტამენტმა მოსამართლე გიორგი ჩემიასთან დაკავშირებითდღეს, 2 აპრილს, განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ის წლები მუშაობდა საერთო სასამართლოების დეპარატმენტში, ბოლო პერიოდში კი სისტემატურად არ ცხადდებოდა სამსახურში, ან ნახევარი სამუშაო დღის შემდეგ მიდიოდა სამსახურიდან:

„მას, სხვა თანამშრომლების მსგავსად, შეეთავაზა, რომ სამსახურში დროულად გამოცხადებულიყო და სრული სამუშაო დატვირთვით ემუშავა (კოლეგების თანასწორად), რაზეც მან განაცხადა უარი და თქვა, რომ მისთვის ეს გრაფიკი მიუღებელი იყო და ვერ შეძლებდა ინტენსიურ სიარულს, რის შემდეგაც სამსახურის დატოვების გადაწყვეტილება თავად მიიღო. შესაბამისად, სიცრუეა, რომ იგი ვინმემ აიძულა შეეწყვიტა სამსახურებრივი ხელშეკრულება და ეს არის მიზნმიმართული დისკრედიტაციის მცდელობა.“

ამ თემაზე წაიკითხეთ:

მასალების გადაბეჭდვის წესი