სამართალი

ვინ არის მოსამართლე ნინო შჩერბაკოვი, რომელმაც ნატა ფერაძეს პატიმრობა შეუფარდა

2 თებერვალი, 2024 • 14279
ვინ არის მოსამართლე ნინო შჩერბაკოვი, რომელმაც ნატა ფერაძეს პატიმრობა შეუფარდა

ნინო შჩერბაკოვი, რომელმაც დღეს სტალინის გამოსახულებიანი ხატის შეღებვის საქმეზე ნატა ფერაძეს ხუთდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა, ის მოსამართლეა, რომელმაც დააჯარიმა მარტის აქციების დროს დაკავებული ჟურნალისტები: ზურა ვარდიაშვილი და ბექა ჯიქურაშვილი.

კიდევ ერთი ჟურნალისტი, რომლის საქმესაც აღნიშნული მოსამართლე განიხილავდა, „მთის ამბების“ დამფუძნებელი გელა მთივლიშვილია. მთივლიშვილი რამდენიმე დღის წინ თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების საწინააღმდეგო აქციაზე დააკავეს იმ დროს, როცა, მისი განცხადებით, პროფესიულ საქმიანობას ახორციელებდა, სასამართლომ კი 2000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

შჩერბაკოვი სამოსამართლეო საქმიანობას 2020 წლის დეკემბრიდან ასრულებს. ის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის წევრია, 2023 წლის ნოემბერში კი იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ დანიშნა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ბიოგრაფიიდან ვიგებთ, რომ 38 წლის მოსამართლემ თბილისის საქალაქო სასამართლოში სტაჟირება 2008 წელს დაიწყო.

2009-2016 წლებში ნინო შჩერბაკოვი მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში სხდომის მდივნისა და მოსამართლის თანაშემწის პოზიციაზე, 2014 წელს კი ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით. 2016-2018 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მთავარი კონსულტანტი – მწერალი თანაშემწე. 2018-2019 წლებში კი მუშაობდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში, მწერალ-თანაშემწის პოზიციაზე.

2023 წლის დეკლარაციის მიხედვით, რომელიც 2022 წლის პერიოდს მოიცავს, მოსამართლე ნინო შჩერბაკოვს უძრავი ქონება არ აქვს. მის სახელზე დეკლარაციაში მხოლოდ ავტომობილი „ჰიუნდაი ელანტრა“ ფიქსირდება, რომელიც დოკუმენტის მიხედვით, მოსამართლემ 2019 წელს 6 800 აშშ დოლარად შეიძინა. ბოლო დეკლარაციის მიხედვით, მოსამართლეს ანაბარზე განთავსებული აქვს 15 995 აშშ დოლარი და 3 000 ლარი.

ნატა ფერაძის საქმე

მატრონა მოსკოველის სტალინის გამოსახულებიან ხატზე საღებავის შესხმის საქმეზე სამოქალაქო აქტივისტ ნატა ფერაძეს 5-დღიანი პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქოს სასამართლოს მოსამართლე ნინო შჩერბაკოვმა მიიღო.

„ციხეში მიშვებენ. სასამართლომ დაადგინა“, — დაწერა ნატა ფერაძემ სოციალურ ქსელში.

სტალინის გამოსახულებიანი მატრონა მოსკოველის ხატისთვის საღებავის შესხმის ფაქტზე შსს-მ სამართალწარმოება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დაიწყო, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

ამ საქმეზე ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენება ყველაზე მკაცრი სასჯელი იყო, რისი გამოყენებაც მოსამართლეს შეეძლო (მაქსიმუმ 15 დღე). როგორც წესი, მოსამართლეები მიმდინარე საქმეებზე აქტივისტებს მსგავსი მუხლით ასანქცირებენ ხოლმე.

„აქამდე [სასამართლოში] ჯარიმას იყენებდნენ [აქტივისტების წინააღმდეგ]. ნახეს, რომ ჯარიმის თანხა გროვდებოდა, ეს არ გვაფერხებდა და ახლა დაშინების მეთოდზე გადავიდნენ. თან „ალტ-ინფოს“ უგორებენ [კოჭს], რომ აი, ციხეში ვსვამთ თქვენი წმინდა სტალინის შელახვისთვის“, — განაცხადა ნატა ფერაძემ დაკავებისას.

ამ თემაზე წაიკითხეთ: ხატს, რომელზეც სტალინია გამოსახული, სავარაუდოდ, საღებავი შეასხეს

მარტის აქციებზე დაკავებული ჟურნალისტების საქმე

გამოცემა „პუბლიკის“ რედაქტორი ზურა ვარდიაშვილი, რომელიც 2 მარტის ღამით რუსთაველის გამზირზე დააკავეს, სასამართლოში 30 მარტის 11:00 საათზე იყო დაბარებული. მისი პროცესი თითქმის 15-საათიანი ლოდინის შემდეგ, შუაღამისას, 01:55 საათზე დაიწყო და 04:40 საათამდე გასტანა. საბოლოოდ, ვარდიაშვილს მოსამართლე შჩერბაკოვმა უთხრა, რომ მის საქმეზე გადაწყვეტილება 18 აპრილს, 17:00 საათზე გამოცხადდებოდა.

2 მარტის აქციაზე კიდევ ერთმა დაკავებულმა, “ტაბულას” ჟურნალისტმა ბექა ჯიქურაშვილმა კი 14 საათი გაატარა სასამართლოში. პროცესი ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ დაიწყო. ვარდიაშვილის მსგავსად, არც ჯიქურაშვილის საქმეზე გამოუცხადებიათ გადაწყვეტილება იმავე დღეს. “14 საათის შემდეგ გამაგებინეს, რომ 19-ში გამოცხადდება ეს განაჩენი”, – თქვა ბექა ჯიქურაშვილმა.

როგორც „რადიო თავისუფლება“ სხდომის გაშუქებისას წერდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ძირითადად სამი მტკიცებულება წარმოადგინეს წვრილმანი ხულიგნობისა და დაუმორჩილებლობის მუხლებით დაკავებული ჟურნალისტების წინააღმდეგ:

  • პოლიციელის მიერ შედგენილი დაკავების ოქმი
  • იმავე პოლიციელის მიერ შედგენილი სამართალდარღვევათა ოქმი
  • იმავე პოლიციელის, როგორც მოწმის ჩვენება

ზურა ვარდიაშვილის დაკავება. ფოტო: კადრი “მთავარი არხიდან”

შინაგან საქმეთა სამინისტრო ვარდიაშვილს და ჯიქურაშვილს წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდა. სასამართლოზე გამოკითხული პოლიციელები აცხადებდნენ, რომ ვარდიაშვილი და ჯიქურაშვილი იგინებოდნენ (ე.წ. რუსული კანონის მიმართულებით) და „პოლიციის კანონიერ მოთხოვნას არ ემორჩილებოდნენ“. თავად დაკავებული ჟურნალისტები აღნიშნულ ბრალდებას უარყოფდნენ.

საბოლოოდ სასამართლომ ორივე მათგანს 2 200-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

როგორც, „რადიო თავისუფლება“ წერდა, ჯიქურაშვილის ოქმში პოლიციელს არ ჰქონდა მითითებული, რა ჩათვალა ლანძღვად და გინებად:

ჯიქურაშვილის ადვოკატი: ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმში როცა წერენ ლანძღვას და გინებას, უნდა ეწეროს ის სიტყვები, რაც პოლიციელმა შეაფასა…

შსს-ს თანამშრომელი: გინება უნდა გვეწეროს სიტყვასიტყვით?

ადვოკატი: უნდა ეწეროს, რა სიტყვა შეფასდა გინებად…

შსს-ს თანამშრომელი: ეს არის გინების შემცველი სიტყვა… შევიგინო?

აზუსტებს მოსამართლე: თქვენ იცით გინების შინაარსი, თქვენ, როგორც მანდილოსანი, არ ასახელებთ კითხვის შინაარსს?

შსს-ს თანამშრომელი: დიახ…

ამასთან, „რადიო თავისუფლება“ აღნიშნავს, რომ ზურა ვარდიაშვილს სასამართლომ არ დაუკმაყოფილა მთავარი მოწმის, საპატრულო პოლიციის უფროსის, ვაჟა სირაძის დაკითხვის შუამდგომლობა. ჟურნალისტი ამბობდა და ნეტგაზეთის მიერ გადაღებულ ვიდეოშიც ჩანდა, რომ მისი დაკავების გადაწყვეტილება მიიღო უშუალოდ საპატრულო პოლიციის უფროსმა, რაც მათ შორის პატრულის იმ თანამშრომელმაც დაადასტურა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს მოწმე იყო.

სტრასბურგში გასაჩივრებული საქმე, რომელიც შჩერბაკოვმა განიხილა

Ნინო შჩერბაკოვმა 2023 წლის მარტში ე.წ. რუსული კანონის წინააღმდეგ სხვა დაკავებულების საქმეებიც განიხილა. Მათ შორის საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ბენეფიციარი გიორგი მექვაბიშვილის საქმეცაა, რომლის სახელითაც ორგანიზაციამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს საჩივრით მიმართა.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ აქციის დაშლისას გიორგი მექვაბიშვილი სხვა პირის მიმართ სამართალდამცავი უწყების წარმომადგენელთა სავარაუდო ძალადობრივ მოპყრობას ტელეფონით იღებდა და სამართალდამცავებს მოუწოდებდა, რომ არ ეძალადათ აქციის მონაწილეზე, რა დროსაც იგი პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი განკარგულებისა ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლების საფუძველზე დააკავა.

თუმცა, საიას თქმით, პოლიციელების განმარტებით, მომჩივანი დააკავეს იმის გამო, რომ ის არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას, გაეთავისუფლებინა გზის სავალი ნაწილი, იმის მიუხედავად, რომ მომჩივანი ტროტუარზე გადაადგილდებოდა. მომჩივანმა 35 საათზე მეტი გაატარა დროებითი მოთავსების იზოლატორში, ხოლო სახელმწიფოს არ დაუსაბუთებია დაკავების ვადის გახანგრძლივების მიზეზები. Საიაში ამბობენ, რომ ამ საკითხით არც მოსამართლე დაინტერესდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვისას.

„მომჩივნის ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემა 1984 წელს მიღებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის საფუძველზე განხორციელდა, რის შედეგადაც მას 2000 ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა დაეკისრა. აღსანიშნავია, რომ სასამართლოს მიერ მიღებული დადგენილება შაბლონური სახისაა და არ ითვალისწინებს საქმის ინდივიდუალური გარემოებების სათანადო ანალიზს. მიუხედავად საქმეში არსებული არაერთი ხარვეზისა, ხსენებული დადგენილება სააპელაციო სასამართლომაც ძალაში დატოვა.

საქმეში ნათლად გამოიკვეთა ქვეყანაში არსებული არაერთი სისტემური გამოწვევა, მათ შორის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის სამართლებრივი გარანტიების დაბალი სტანდარტი, ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებული შაბლონური/დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებების პრაქტიკა, დაუსაბუთებლად პირის დაკავება, რომლებიც ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით განმტკიცებულ გარანტიებს“ ,— აცხადებენ საია-ში.

ამ თემაზე წაიკითხეთ „ნეტგაზეთის“ სტატია: საბჭოთა კანონმდებლობა აქტივისტების წინააღმდეგ — როგორ კლავენ პროტესტს საქართველოში

მომჩივანი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსათვის წარდგენილი საჩივრით ევროპული კონვენციის მე-5 (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება), მე-6 (საქმის სამართლიანი განხილვის უფლება), მე-10 (გამოხატვის თავისუფლება) და მე-11 (შეკრების თავისუფლება) მუხლების დარღვევის დადგენას ითხოვს.

ცარიელი ფურცლების და წარწერის „ირაყლი“ გამო დაკავებული უფლებადამცველების საქმე

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო შჩერბაკოვმა ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ თანამშრომელი საბა ბრაჭველი 500 ლარით დააჯარიმა ბანერისთვის, რომელზეც ეწერა „ირაყლი“. მან ასევე 500 ლარით დააჯარიმა „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ თავმჯდომარე ედუარდ მარიკაშვილი, რომელსაც დაკავების მომენტში ხელში მხოლოდ ცარიელი ფურცელი ეკავა.

რეპორტაჟში, როემლიც „პუბლიკამ“ დაკავებული უფლებადამცველების პროცესიდან მოამზადა, ვკითხულობთ,  რომ შსს-ს საქმის მასალებში ჩადებული ჰქონდა ფოტო, რომელზეც ასახულია მარიკაშვილი ხელში ბანერით „ირაყლი“. მარიკაშვილი კი გამოცემის ცნობით, ამბობდა, რომ ეს ფოტო უშუალოდ მის დაკავებამდე დიდი ხნით ადრეა გადაღებული, დაკავების მომენტში კი ხელში ცარიელი თაბახის ფურცელი ეჭირა.

მოსამართლე შჩერბაკოვამ  ამ დღეს დაკავებულ კიდევ ორ აქტივისტს დააკისრა 500 ლარიანი ჯარიმა. შჩერბაკოვმა ყველა მათგანი ხულიგნობის მუხლით სამართალდამრღვევად მიიჩნია, პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის მუხლით კი ადმინისტრაციული წარმოება შეწყვიტა. რაც შეეხება კიდევ ერთ დაკავებულს, ნოდარ სიხარულიძეს, მოსამართლის გადაწყვეტილებით, ის ორივე მუხლით გამტყუნდა და 2 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.

აღნიშნული გადაწყვეტილების ბუნება წინააღმდეგობაში მოდის სტრასბურგის სასამართლოს მსჯელობასთან, რომლის გათვალისწინების ვალდებულებაც ქართულ სასამართლოებს აკისრიათ. კერძოდ, „პანორამა თბილისის“ საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ ეროვნულმა სასამართლომ გაუმართლებლად ჩამოაშორა ფრაზის — „პანორამა არა *ლე“ — ვულგარული ბუნება კონტექსტს, ასევე, მისი გამოყენების მიზანს, და მხოლოდ ფორმაზე გააკეთა აქცენტი.

აღნიშნული სიტყვა, სტრასბურგის სასამართლოს ინტერპრეტაციით, „მოსარჩელეების მიერ გამოყენებული იყო, როგორც სტილისტური იარაღი მათი მხრიდან პროექტის აშენების შესახებ პროტესტის უკიდურესად მწვავედ გამოსახატავად“ და ამ მსჯელობის გათვალისწინებით, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა მე-11 მუხლის, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების დარღვევა საქართველოს წინააღმდეგ.

ამ თემაზე წაიკითხეთ „ნეტგაზეთის“ სტატია — „პანორამა არა *ლე“ და „ირაყლი“ — როგორ უგულებელყო სასამართლომ სტრასბურგის პრაქტიკა

მთავრობის განკარგულებების საჯაროობის საქმე

კიდევ ერთი საქმე, რომელიც ნინო შჩერბაკოვმა განიხილა, მთავრობის განკარგულებების საჯაროობას ეხება.

კერძოდ, საქართველოს მთავრობამ 2020 წლის მარტიდან შეწყვიტა ვებგვერდზე განკარგულებების გამოქვეყნება, თუმცა, როგორც „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტში“ IDFI აცხადებენ, ამას უწყებას კანონი ავალდებულებს.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ IDFI-მ განცხადებით მიმართა მთავრობას და მოითხოვა განკარგულებების საჯარო ინფორმაციის სახით გაცემა, მაგრამ არც ამ მოთხოვნას და არც შემდგომ წარდგენილ საჩივარს არ მოჰყოლია რაიმე რეაგირება.

IDFI აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში დავის განხილვა 2 -წელიწად-ნახევარი გაჭიანურდა, მაშინ, როდესაც ორგანიზაციის თქმით, კანონმდებლობით საქმის განხილვა არ უნდა აღემატებოდეს 2 თვეს, ხოლო განსაკუთრებით რთული კატეგორიის საქმეებზე- 5 თვეს:

„2023 წლის 19 მაისს მოსამართლე ნინო შჩერბაკოვმა, რომელსაც მიმდინარე წლის დეკემბერში ეწურება 3- წლიანი გამოსაცდელი ვადა, მთავრობას არ დააკისრა მისსავე რეგლამენტით დადგენილი ღია და საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულება“, — აცხადებდნენ ორგანიზაციაში.

გელა მთივლიშვილის საქმე

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო შჩერბაკოვმა ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი 2 ათასი ლარით დააჯარიმა.

გელა მთივლიშვილი პოლიციამ 23 იანვარს თბილისში, კეკელიძის 1-ში ხატიაშვილების გამოსახლებისას, იმ დროს დააკავა, როცა პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა და ერთ-ერთი მოქალაქის დაკავებას იღებდა.

გელა მთივლიშვილს პოლიცია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევას ედავებოდა, რაც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

მთივლიშვილი უარყოფს პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას. პირიქით, მისი განცხადებით, დაკავების შემდეგ პოლიციის თანამშრომლები მანქანაში გუდავდნენ, აგრესიულად ექცეოდნენ და სიტყვიერ შეურაცხყოფასაც აყენებდნენ.

გელა მთივლშივილმა გამოაქვეყნა ვიდეომასალა, სადაც ჩანს, რომ პროფესიული მოვალეობის შესრულებისას პოლიციამ სრულიად უმიზეზოდ დააკავა. ჟურნალისტი ამბობს, რომ აღნიშნულ საქმეს ყველა ინსტანციაში გაასაჩივრებს, შემდეგ კი საქმეს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოშიც წაიღებს. მთივლიშვილი ასევე მოითხოვს სამართალდამცავთა პასუხისგებაში მიცემას მის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემის გამო.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი ილონა დიასამიძე „ნეტგაზეთთან“ საუბარში აცხადებს, ნინო შჩერბაკოვი მარტის აქციებზე დაკავებულების პროცესებზე გაიცნო. ადვოკატის თქმით, ყველა სხდომა შუაღამემდე გაგრძელდა, თუმცა ამის საჭიროება არ იყო:

„ამას რატომ აკეთებს, არავინ არ იცის. ამაზე სამართლებრივი რეგულირება არ არსებობს“, — ამბობს იურისტი.

ილონა დიასამიძის თქმით, მეორე, რაც განასხვავებს ამ მოსამართლეს სხვებისგან, არის ის, რომ მტკიცების ტვირთს განსხვავებულად განმარტავს.

კერძოდ, ადვოკატის თქმით, შჩერბაკოვი დადგენილებაში უთითებს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაში ბრალდებულმა პირმა ვერ დაარწმუნა, რომ არ არის სამართალდამრღვევი:

„კანონმდებლობით, პირი რომ არის სამართალდამრღვევი, უნდა დაადასტუროს ოქმის შემდგენმა. ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირი არ არის ვალდებული ამტკიცოს, რომ არ ჩაუდენია სამართალდარღვევა.

როდისმე ამ მოსამართლის პროცესს თუ დაესწრებით, ნახავთ, რომ შეიძლება მოსამართლე არც კი დაინტერესდეს, რა მიიჩნია ოქმის შემდგენელმა პირმა ბილწსიტყვაობად, ასეთ კონკრეტიკაში არც კი შედის ეს მოსამართლე. მაგრამ, სამწუხაროდ, აპელაციაც იზიარებს მის გადაწყვეტილებებს“, — ამბობს დიასამიძე.

ამასთან, საიას იურისტი აღნიშნავს, რომ შჩერბაკოვა სწორედ 2023 წლის 7-8 მარტიების აქციების შემდგომ განწესდა უვადო მოსამართლედ. 3-წლიანი გამოსაცდელი ვადის ამოწურვის შემდეგ შჩერბაკოვი უვადო მოსამართლედ 2023 წლის ნოემბერში დანიშნეს.

განახლება: 2023 წლის 2 ივნისს  სხვა უფლებადამცველებთან ერთად, პარლამენტის წინ ასევე დააკავეს„ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის“ იურისტი შოთა თუთბერიძე, რომელიც დაკავების მომენტში პარლამენტის კიბეებთან იჯდა ბანერით ხელში. თუთბერიძე დანარჩენი დაკავებულებისგან განსხვავებით, მოგვიანებით ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, მისი საქმე მოსამართლე კობა ჩაგუნავამ განიხილა და 500 ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა.


სტატია მოამზადა ნეტგაზეთმა USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით. პროგრამას ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით.

სტატიის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია  ნეტგაზეთი  და მასში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა, არ ასახავდეს ზემოთ ნახსენები საერთაშორისო ორგანიზაციების შეხედულებას.

USAID

მასალების გადაბეჭდვის წესი