ახალი ამბები

საერთაშორისო ორგანიზაციები: მთივლიშვილის წინააღმდეგ პაპუაშვილის განცხადებები მიუღებელია

13 მარტი, 2024 • 1407
საერთაშორისო ორგანიზაციები: მთივლიშვილის წინააღმდეგ პაპუაშვილის განცხადებები მიუღებელია

Media Freedom Rapid Response (MFRR) პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან „მთის ამბების“ ჟურნალისტ გელა მთივლიშვილზე თავდასხმებს ეხმაურება.

MFRR არის ევროპის მასშტაბით მოქმედი მექანიზმი, რომელიც აკვირდება და რეაგირებს პრესისა და მედიის თავისუფლების დარღვევებზე ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, კანდიდატ ქვეყნებსა და უკრაინაში. პროექტი ევროკომისიის თანადაფინანსებით ხორციელდება.

MFRR-ის პარტნიორი ორგანიზაციები შეშფოთებას გამოთქვამენ შალვა პაპუაშვილის მიერ ჟურნალისტის დისკრედიტაციის გამო.

კერძოდ, შალვა პაპუაშვილი განმარტებას ითხოვს იმის შესახებ, თუ რატომ მოხვდა „მთის ამბების“ ჟურნალისტის, გელა მთივლიშვილის საგამოძიებო სტატია ევროკავშირის პრიზის ფინალისტებში. საუბარია შოვში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით გელა მთივლიშვილის მიერ მომზადებულ საგამოძიებო მასალაზე.

პაპუაშვილის მოსაზრებით, მთივლიშვილის სტატია „ტყუილებით სავსე“ იყო და როცა ასეთი მასალა ევროკავშირის კონკურსის ფინალში ხვდება, მნიშვნელოვანია, რამდენად აიღებს ამაზე პასუხისმგებლობას ევროკავშირი.

MFRR აღნიშნავს, რომ პაპუაშვილის და სხვათა განცხადებები საქართველოში დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ, ცილისწამების უფრო ფართო ტალღის ფონზე ხდება.

MFRR-ის შეფასებით, მსგავსი განცხადებები წარმოადგენს „მთის ამბების“, გელა მთივლიშვილის და უფრო ფართოდ, ქართული დამოუკიდებელი მედიის სანდოობის შერყევის მცდელობას.

MFRR ხაზს უსვამს, რომ ეს არ არის პირველი ასეთი ინციდენტი პაპუაშვილთან დაკავშირებით. MFRR-ს განცხადებაში მაგალითად მოჰყავს OC Media-სთან დაკავშირებული შემთხვევა, როცა 2023 წლის სექტემბერში პარლამენტის თავმჯდომარემ საჩივრის წერილი მისწერა მინიმუმ ერთ დონორ ორგანიზაციას, რომელიც მხარს უჭერს მედიასაშუალებას, მას შემდეგ, რაც მათ უარი თქვეს მის მიერ დაწერილი თვალსაზრის გამოქვეყნებაზე. მათი შეფასებით, პაპუაშვილმა ამ შემთხვევაშიც მოახდინა მედიის დისკრედიტაცია და ხელი შეუწყო მის მიმართ უნდობლობის ზრდას.

„MFRR-ის პარტნიორები გმობენ პაპუაშვილის ან სხვა საჯარო მოხელეების ამგვარ ძალისხმევას. მთივლიშვილის წინააღმდეგ კომენტარები მიუღებელია, განსაკუთრებით, თუ გავითვალისწინებთ პაპუაშვილის მაღალ თანამდებობას საქართველოს პარლამენტში.

სამწუხაროდ, დეზინფორმაცია და დისკრედიტაციის კამპანიები ჟურნალისტების წინააღმდეგ აშკარა საფრთხეს უქმნის საქართველოში მედიის თავისუფლებას, საქართველოს მედიის ადვოკატირების კოალიცია შეშფოთებას გამოთქვამდა, რომ პაპუაშვილის ბოლო კომენტარების შემდეგ ეს „სისტემური“ გახდა“, – ნათქვამია MFRR-ის განცხადებაში.

MFRR ახსნებს კიდევ ერთ შემთხვევას, როცა ჟურნალისტ თეა გილიგაშვილის წერილის ასლი, რომლითაც მან პარლამენტიდან საჯარო ინფორმაცია გამოითხოვა, „ქართული ოცნების“ კუთვნილ ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნდა და პარტიამ მისი მოთხოვნის ლეგიტიმურობა ეჭვქვეშ დააყენა.

MFRR-ის განცხადებაში ასევე მოყვანილია შემთხვევა, როცა აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა ლადო მგალობლიშვილმა „ბათუმელების“ ჟურნალისტის, თედო ჯორბენაძის მიერ საბჭოსთვის გაგზავნილი წერილი საჯაროდ გამოაქვეყნა, ჟურნალისტი „ტყუილში“ დაადანაშაულა და არც მისი პირადი მონაცემების დამალვა სცადა.

MFRR-ის პარტნიორები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყონ ქვეყნის მედიის თავისუფლად ფუნქციონირების უფლება, პოლიტიკოსებისგან დამამცირებელი ან შეურაცხმყოფელი კომენტარების გარეშე.

„ეს განსაკუთრებით ეხება მაღალ თანამდებობებზე მყოფ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ მნიშვნელოვანი როლი საზოგადოებაში, როგორიცაა პაპუაშვილი, რომლებსაც აქვთ დამატებითი პასუხისმგებლობა, თავი შეიკავონ ჟურნალისტებზე პირადი თავდასხმებისგან.

განცხადების ხელმომწერი ორგანიზაციები მოუწოდებენ მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობას, რომლის წევრიც არის პაპუაშვილი, დაუყოვნებლივ დაგმონ პარლამენტის თავმჯდომარის მიერ დაწყებული ცილისწამების კამპანია.

ჩვენ ასევე მოვუწოდებთ პარტია „ქართულ ოცნებას“, წარუდგინოს მკაფიო სახელმძღვანელო პრინციპები თავის წევრებს, რათა მომავალში მსგავსი ინციდენტები არ მოხდეს“, – ნათქვამია MFRR-ის განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ:

  • პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი – International Press Institute (IPI)
  • პრესისა და მედიის თავისუფლების ევროპული ცენტრი – European Centre for Press and Media Freedom (ECPMF)
  • ჟურნალისტები ევროპული ფედერაცია – European Federation of Journalists (EFJ)
  • თავისუფალი პრესა შეზღუდვების გარეშე – Free Press Unlimited (FPU)
  • OBC Transeuropa (OBCT)

ამ თემაზე

რატომ ესხმის თავს ხელისუფლება გელა მთივლიშვილს შოვის სტიქიის გაშუქების გამო

პაპუაშვილის განცხადებები ახალისებს ძალადობის სახიფათო ფორმებს – „მთის ამბები“

მასალების გადაბეჭდვის წესი