სამართალი

რატომ არ შეეხო ფორმალური რეფორმაც კი იუსტიციის უმაღლეს საბჭოს

27 სექტემბერი, 2023 • 2211
რატომ არ შეეხო ფორმალური რეფორმაც კი იუსტიციის უმაღლეს საბჭოს

„კლანი“, „კორპორატივიზმი“, „სისტემაში გაბატონებული გავლენიანი ჯგუფი“ – სასამართლოს სისტემაში არსებულ გავლენიანი ჯგუფის აღსაწერად კრიტიკოსები ყველაზე ხშირად სწორედ ამ ეპითეტებს იყენებენ.

საქართველოს სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე მაია ბაქრაძე ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც ამ გავლენიან ჯგუფს დაუპირისპირდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, თუმცა ეს მოსამართლის კარიერის დასრულების ფასად დაუჯდა.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მას უარი უთხრა მოსამართლედ მუშაობის გაგრძელებაზე. სწორედ იუსტიციის უმაღლესი საბჭო არის სასამართლო სისტემაზე გავლენის მოხდენის მთავარი ბერკეტი — სწორედ ის ნიშნავს და ათავისუფლებს მოსამართლეებს, ანაწილებს მათ სამუშაო ადგოლებზე და, შესაბამისად, მართავს სისტემას.

ამასთანავე, ეს არის ერთადერთი ინსტიტუცია სასამართლო სისტემაში, რომელსაც რეფორმა ფორმალურადაც არ შეხებია და ამას „ქართული ოცნებაც“ კი აღიარებს.

როგორ და რისთვის იყენებს საბჭოში არსებული გავლენიანი ჯგუფი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ძალაუფლებას და ამ ვითარებაში რა შეიძლება იყოს გამოსავალი?

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ანატომია

სასამართლოს მმართველობის აღნიშნული მოდელი საქართველოს ნოუჰაუ არ არის და სათავეს მე-20 საუკუნის ბოლოს საფრანგეთიდან იღებს, რის შემდეგად ეს ორგანო ჯერ დასავლეთ ევროპაში, მოგვიანებით კი აღმოსავლეთ ევროპაში, მათ შორის საქართველოშიც დაინერგა.

2007 წლამდე საქართველოში საბჭო არ იყო გადაწყვეტილების მიმღები ორგანო და პრეზიდენტთან არსებულ სათათბიროს წარმოადგენდა, რომელშიც იუსტიციის მინისტრიც შედიოდა. 2007 წელს ჩატარებული რეფორმის შედეგად კი იუსტიციის უმაღლესი საბჭო პრეზიდენტს გამოეყო და ჩამოყალიბდა ორგანოდ, რომელიც სასამართლო ხელისუფლებას უნდა მართავდეს.

იურისტი კახა წიქარიშვილი აცხადებს, რომ ფორმალურად ყველაფერი ევროპული სტანდარტებით გაკეთდა, მოსამართლეებს საბჭოში უმრავლესობა მიენიჭათ, დარჩენილი წევრები კი პარლამენტის დეპუტატებითა და პრეზიდენტის ორი წარმომადგენლით დაკომპლექტდა:

„მიუხედავად ამისა, იუსტიციის საბჭო მხოლოდ ფორმალურად, ფურცელზე იყო დამოუკიდებული. სინამდვილეში ის იუსტიციის მინისტრ ზურაბ ადეიშვილს ექვემდებარებოდა. შედეგად, ზურაბ ადეიშვილი და მასთან დაახლოებული პირები, ვალერიან ცერცვაძე და მიხეილ ჩინჩალაძე იღებდნენ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ასევე საბჭოს წევრები იყვნენ“, — აცხადებს წიქარიშვილი.

მას შემდეგ, რაც 2012 წელს „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, საბჭოში პარლამენტის წევრები საზოგადოების წარმომადგენლებით ჩანაცვლდნენ, რომლებსაც პარლამენტი ირჩევდა, მოსამართლე წევრებს კი  მოსამართლეთა კონფერენციაზე თავად მოსამართლეები უყრიდნენ კენჭს. კახა წიქარიშვილის თქმით, კონცეფციის თვალსაზრისით, მოდელი კვლავ დემოკრატიული იყო, რადგანაც თვითმმართველობას საზოგადოებრივი კონტროლი დაემატა, თუმცა ამჯერადაც რეალური სურათი რადიკალურად განსხვავებული აღმოჩნდა:

„სინამდვილეში მოხდა ის, რომ საბჭოში 2012-2013 წელს ჩატარდა არჩევნები და მასში გაიმარჯვა მოსამართლეთა იმ ჯგუფმა, რომელიც ადეიშვილის დაქვემდებარებაში იმყოფებოდა. აბსოლუტურად ყველა წევრი გაიყვანა იმ ჯგუფმა, ეს არის საბჭოს 8 წევრი, და პლუს, ამას დაემატა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი. შედეგად, 2013 წელს მოსამართლეები უმრავლესობაში არიან საბჭოში და ეს უმრავლესობა ხელში უჭირავთ ადეიშვილის წარმომადგენლებს“ ,— აღნიშნავს წიქარიშვილი ნეტგაზეთთან ინტერვიუში.

ამავე თემაზე წაიკითხეთ: სასამართლო 2012 წლიდან დღემდე – მოვლენათა ქრონოლოგია

მისი თქმით, თუ „ქართული ოცნების“ რიტორიკა თავდაპირველად საბჭოში განვითარებულ მოვლენებზე კრიტიკული იყო, ხელისუფლების „დაპირისპირებამ“ „კლანთან“ მხოლოდ 2015 წლამდე გასტანა:


იუსტიციის საბჭოს მაშინდელი მდივანი ლევან მურუსიძე და პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღრარიბაშვილი, 2015 წელი.

„2015 წელს ქართულმა ოცნებამ შეცვალა პოლიტიკა, დაიწყო თანამშრომლობა ადეიშვილი-ჩინჩალაძე-ცერცვაძის ჯგუფთან და 2015 წელს საზოგადოების წარმომადგენლებმა, რომლებიც იყვნენ საბჭოში, შეიცვალეს პოზიცია და მათ დაიწყეს კლანის ლობირება და მხარდაჭერა საბჭოში“ ,— აცხადებს წიქარიშვილი.

2015-2017 წლები ის პერიოდია, როცა ქართული სასამართლო მოსამართლეთა უვადოდ განწესების მოდელზე გადადიოდა, სამოსამართლეო კორპუსის დიდ ნაწილს კი საქმიანობის 10- წლიანი ვადა ეწურებოდათ. უფლებამოსილი ორგანო, რომელსაც მოსამართლეები უვადოდ უნდა დაენიშნა, სწორედ იუსტიციის უმაღლესი საბჭო იყო, რომელიც ამ დროს, წიქარიშვილის თქმით, უკვე მოქცეული იყო ჩინჩალძე-მურუსიძის „კლანის“ ხელში:

„რა უნდა ექნათ ამ მოსამართლეებს? თუ ისინი კლანის პოლიტიკას წინააღმდეგობას გაუწევენ, დარჩებოდნენ სასამართლო სისტემის გარეთ. ამის მაგალითები გვაქვს. იყვნენ ადამიანები, რომლებიც არ დაემორჩილნენ კლანის პოლიტიკას და აღმოჩნდნენ სასამართლო სისტემის გარეთ“ ,— აღნიშნავს წიქარიშვილი.

„კლანის“ ბერკეტები მოსამართლეებზე

ერთ-ერთი მოსამართლე, რომელსაც ამ პერიოდში უფლებამოსილება არ გაუგრძელეს, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე მაია ბაქრაძე იყო. ბაქრაძემ, რომელიც საბჭოს მხრიდან დისკრიმინაციაზე ამჟამად სტრასბურგში დავობს, თანამოაზრეებთან ერთად, 2013 წელს „მოსამართლეთა ერთობა“ დააფუძნა და სისტემაში მოქმედ გავლენიან ჯგუფს ღიად დაუპირისპირდა:

„2013 წელს ვიყავით ადამიანები, ვისაც გვინდოდა რეალური თვითმმართველობის დამკვიდრება სასამართლო სისტემაში. მიგვაჩნდა, რომ ეს მნიშვნელოვნად გაზრდიდა საზოგადოებრივ ნდობას. თუმცა, რა თქმა უნდა, ამას დაუპირისპირდა ეს ჯგუფი და, სამწუხაროდ, მათთან ერთად მოსამართლეთა ის ნაწილი, რომელთაც ჰქონდათ მინიმუმ დისკომფორტი წარსული საქმიანობის გამო და შიდა დამოუკიდებლობაზე მეტად პასუხისმგებლობის თავიდან არიდების ინტერესი ამოძრავებდათ“, — ამბობს ბაქრაძე.

მისი თქმით, ამ მოსამართლეების „საუკეთესო“ მოკავშირე ის გავლენიანი ჯგუფი აღმოჩნდა, რომელიც მათ ერთგვარ „პატრონობას” ჰპირდებოდა. ყოფილი მოსამართლის თქმით, მას შემდეგ, რაც „კლანმა“ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ხმათა უმრავლესობა მოიპოვა, განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლეებს, რომლებსაც გააჩნდათ სურვილიც და ამბიციაც, რომ რამე შეეცვალათ, აღარ გაუგრძელეს სამოსამართლეო უფლებამოსილება.


მაია ბაქრაძე

მათ შორის იყვნენ „მოსამართლეთა ერთობის“ აქტიური წევრები. მეტიც, მაია ბაქრაძის თქმით, ისინი საბჭომ ახალი ვადით არ დანიშნა დ,ა შესაბამისად, აქ შეწყდა მათ სამოსამართლეო კარიერა. ყოფილი მოსამართლე იხსენებს, რომ ჯერ კიდევ 2013 წელს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლე წევრების დასანიშნად გამართულ არჩევნებში „კლანის“ წევრები მოსამართლეებს ხვდებოდნენ და ჰპირდებოდნენ, რომ მათ დაიცავდნენ როგორც გარე აქტორებისგან,, ასევე შიდა პასუხისმგებლობის ბერკეტებსაც არ გამოიყენებდნენ მათ წინააღმდეგ:

„სამწუხაროდ, მოსამართლეთა უმრავლესობამ აირჩია ეს გზა, გარიგებით ურთიერთობაში შესულიყვნენ კლანის წევრებთან, ეთანამშრომლათ მათთან და ამის სანაცვლოდ ფაქტობრივად დათმეს სასამართლოს მმართველობის გაუმჯობესების ამბიციაც და რიგ შემთხვევაში, პროფესია და აზრის გამოთქმის თავისუფლებაც კი“, — აცხადებს ბაქრაძე.

იურისტი კახა წიქარიშვილი აღნიშნავს, რომ კლანისადმი ლოიალობა განაპირობებს, თუ რომელი მოსამართლე სად აღმოჩნდება კარიერულ კიბეზე, საკადრო გადაადგილებები კი იმის მიხედვით ხდება, თუ ვის რა მიაქვს „კლანის“ მაგიდაზე.

ამ თემაზე წაიკითხეთ: რას ვერ ამბობენ მოსამართლეები?

წიქარიშვილის თქმით, ის მინიმუმი, რაც ყველა მოსამართლეს მოეთხოვება, დუმილია. როგორც ის ამბობს, გავლენიან ჯგუფს შეუძლია „ურჩი“ მოსამართლე რომელიმე მიყრუებულ რაიონში გადაიყვანონ, დაიწყონ დისციპლინური წარმოება მის წინააღმდეგ, ხელი შეუშალონ აპარატის დაკომპლექტებაში და სამუშაო პირობები მკვეთრად გაუუარესონ.

მეორე მხრივ კი, იურისტის თქმით, მათ მიმართ ლოიალური კადრები წაახალისონ და სასურველ ან ზემო ინსტანციის სასამართლოებში განამწესონ. შესაბამისად, წიქარიშვილის თქმით, მოსამართლეებს პირდაპირ „თოფით“ არავინ ადგას თავზე, ამა თუ იმ რიგით საქმეზე რა გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მოსამართლეებისთვის ისედაც ნათელია, რას მოელის მათგან „კლანი“.

ამასთან, ყოფილი მოსამართლე მაია ბაქრაძე აღნიშნავს, რომ ჯგუფი, რომელიც ახლა სასამართლოს მართავს, „ღირებულია და ფასობს“ იმით, რომ ის პროსახელისუფლებო პოლიტიკის გამტარი და დავალებების შემსრულებელია:

„თვითონ სისტემურად როგორ მუშაობს ეს — მოსამართლეთა დანიშვნის ეტაპზევე ისინი ახდენენ მკაცრ გადარჩევას სანდოობის ნიშნით. როგორც ხედავთ, უმეტესად მოსამართლეებად ნიშნავენ ისევ იმ კადრებს, ვინც სასამართლოში მუშაობენ, ვისაც კარგად იცნობენ და ვისაც სუბორდინაციულად მათ დაქვემდებარებაში უმუშავია“, — აცხადებს მაია ბაქრაძე.

მისი თქმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხელშია მოსამართლეთა დანაწილება სასამართლოების, დარგების, ინსტანციებისა და სპეციალიზაციების მიხედვით და საინტერესო კატეგორიები, სადაც დიდი ალბათობაა, რეზონანსული და სენსიტიური საქმეები მოხვდეს, შეიძლება მუდმივად დააკომპლექტონ ისეთი ადამიანებით, ვის „კლანის“ მიმართ ლოიალურობაშიც ეჭვი არ ეპარებათ:

„იქ შემდგომ უკვე ელექტრონული სისტემა გაანაწილებს თუ ხელით განაწილდება საქმეები, სხვაგან ვერსად წავა, იტრიალებს ამ 3-5 ადამიანში, რომელიც ძალიან „სანდოა“. ელექტრონული განაწილების სისტემა ნორმატიულადაც იძლევა ჩარევის შესაძლებლობას. მანიპულაციების მექანიზმები არის მათ ხელში“, — აცხადებს ბაქრაძე.

რეფორმის გარეშე

მიუხედავად ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის ფარგლებში გაცემული რეკომენდაციების შესრულების პროგრესზე ურთიერთსაწინააღმდეგო შეფასებებისა, „ქართული ოცნება“ და ევროკავშირი მინიმუმ ერთ საკითხზე თანხმდება — ქვეყანას იუსტიციის საბჭოს რეფორმა არ განუხორციელებია.

ამის მიზეზად მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებდა, რომ საკითხი ბუნდოვანი იყო და ევროკომისიასთან მეტი კონკრეტიკისთვის დამატებითი კონსულტაციები სჭირდებოდათ. ეს იმ ფონზე, როცა საბჭოს რეფორმირების საჭიროებასა და ამ კუთხით გადასადგმელ ნაბიჯებზე „ვენეციის კომისია“, რომლის დასკვნებთან შესაბამისობაშიც უნდა შესრულდეს აღნიშნული რეკომენდაციები, მის მიერ გამოქვეყნებულ ყველა მოსაზრებაში მიუთითებს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმის აუცილებლობაზე მიუთითა გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ შუალედური შეფასების წარმოდგენისასაც. ვარჰეიმ ხაზი გაუსვა, რომ ევროკომისია საქართველოსგან მოელის მართლმსაჯულების, განსაკუთრებით კი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფრო ფართო რეფორმის გატარებას.

მაია ბაქრაძე აცხადებს, რომ „კლანი“ ცვლილებების მიმართ რეზისტენტულია. მისი თქმით, ევრორეკომენდაციების კონტექსტში გასატარებელი ცვლილებების სამუშაო ჯგუფში სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები ისეთ ცვლილებებზეც წევდნენ წინააღმდეგობას, როგორიც იყო იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ერთი და იგივე კადრების განმეორებით არჩევის აკრძალვა, ძალაუფლების დანაწილება (ერთ მოსამართლეს ბევრი ადმინისტრაციული თანამდებობა რომ არ ეკავოს) და სხვა ადმინისტრაციული ცვლილებები:

„სავარაუდოდ, კანონმდებლები ვერ იღებენ გადაწყვეტილებას სასამართლო ხელისუფლებასთან შეთანხმების გარეშე და ცხადია, სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები არც უჭერდნენ მხარს არანაირ შეთავაზებას სამუშაო ჯგუფში. ეს უკვე შემიძლია დარწმუნებით გითხრათ“ ,— ამბობს ბაქრაძე.

მეორე მხრივ, კახა წიქარიშვილის თქმით, „კლანს“ იმდენად ღრმად აქვს ფესვები გადგმული სასამართლო სისტემაში, ამგვარი საკანონმდებლო ცვლილებები კორპორატივიზმის აღმოფხვრის უდავო წინაპირობა ვეღარ იქნება.

იურისტის თქმით, ე.წ. ორმაგი ორი მესამედის პრინციპიც კი, რომელსაც  ვენეციის კომისია წლების განმავლობაში სთავაზობდ ასაქართველოს, უკვე აზრს კარგავს, რადგანაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ხელისუფლების მიმართ ლოიალური 4 არამოსამართლე წევრი უკვე აირჩიეს. აღნიშნული მოდელის მიხედვით, საბჭოში გადაწყვეტილების მიღებისას საკითხს მხარი უნდა დაუჭიროს როგორც 9 მოსამართლე წევრის ⅔-მა, ასევე 6 არამოსამართლე წევრის ⅔-მა.

ამ თემაზე წაიკითხეთ: რას ცვლის 3 ახალი წევრი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში

„ჩვენ გვაქვს არაორდინალური ვითარება, როდესაც ჩვეულებრივი, ტრადიციული და დემოკრატიული ინსტრუმენტებით ჩვენი სისტემის გაჯანსაღება არის შეუძლებელი იმიტომ, რომ აწყობილია უკვე ჩინჩალაძის მოდელზე. მან დაალაგა თავის მოსამართლეები, თავის პალატები, განაწილების სისტემები და რად გინდა, ერთ კანონში რაღაცას შეცვლი, მერე სხვაგან სხვა ხვრელები გაჩნდება. თან ეს „კლანი“ კანონი სანამ შეიცვლება, მანამდე ერთი წლით ადრე ემზადება, როგორ მოერგოს ახალ კანონს. შესაბამისად, ისინი უფრო მყარდებიან ახალი რეფორმებით არანაირი კანონი მაგას აღარ შველის“, — აღნიშნავს იურისტი.

რაც შეეხება ვენეციის კომისიის დასკვნებში კორპორატივიზმის პრობლემაზე ჩანაწერს, წიქარიშვილი აღნიშნავს, რომ არც ეს არის საქართველოს ლოკალური პრობლემა და მსგავსი ტერმინი კომისიამ სხვა ქვეყნების, მათ შორის უკრაინის, მოლდოვის, ალბანეთის, სლოვაკეთისა და სლოვენიის სასამართლო სისტემების შეფასებისასაც გამოიყენა.

წიქარიშვილის თქმით, ამის შემდეგ ქვეყნებმა დაიწყეს ფიქრი, თუ როგორ აღმოეფხვრათ ეს პრობლემა და უკრაინამ, მოლდოვამ და ალბანეთმა ე.წ. ვეტინგს მიმართეს, რაც მოსამართლეთა კორპუსის ხელახლა შეფასებას გულისხმობს მათი კეთილსინდისიერების შესამოწმებლად:

„ვეტინგი არაორდინალური მექანიზმია და ტრადიციული დემოკრატიის ქვეყნებში არ გამოიყენება, მაგრამ ამის საჭიროება გამოიწვია იმან, რომ წალეკა სისტემები კორუფციამ. ამაზე დაიწყო ვენეციის კომისიამაც ფიქრი და აქედან გაჩნდა კორპორატივიზმის ჩანაწერი“, — ამბობს წიქარიშვილი.

თუმცა, როგორც ყოფილი მოსამართლე მაია ბაქრაძე აცხადებს, საქართველოს ხელისუფლება კორპორატივიზმის საფრთხესაც კი ვერ ხედავს, არათუ პრობლემას აღირებს. ამ პირობებში მართლმსაჯულების რეფორმაზე მომუშავე ექსპერტები ერთადერთ გამოსავლად ხედავენ ძალაუფლების დანაწილებასა და ვითარების სიღრმისეულად შესწავლას „არაორდინალური“ რეფორმის გასატარებლად:

„კანონმდებლობა, რა თქმა უნდა, სრულად ვერ მოაწესრიგებს არსებულ პრობლემას და დიდი წვლილი მოდის ადამიანურ რესურსზე, მაგრამ კანონმდებლობა უნდა იყოს მაქსიმალურად პრევენციული, რათა არ ჩამოყალიბდეს ჯგუფები. იმისათვის კი, რომ არ ჩამოყალიბდეს ასეთი ჯგუფები, გავლენა არ უნდა იყოს ერთი ორი ან/და სამი ადამიანის ხელში.

გადაწყვეტილებების მიმღები ცენტრები უნდა იყოს შიგნით დანაწილებული და როდესაც თანაბრად ექნება ყველა მოსამართლეს შესაძლებლობა, მიიღოს რეალურად თვითმმართველობაში მონაწილეობა და აღარ იქნება ერთი გავლენის ცენტრი, რომელიც ყველა ბერკეტს ფლობს, მათ შორის დანიშვნას, დაწინაურებას, თანაშემწის დანიშვნას“, — ფიქრობს მაია ბაქრაძე.

კახა წიქარიშვილის აზრით კი, ეს შეიძლება იყოს პეციალური საერთაშორისო კომისიის შექმნა, რომელიც საქართველოში ჩამოვა და ვითარებას ადგილზე შეისწავლის, რის შემდეგაც საქართველოზე მორგებულ გადაჭრის გზებს შეიმუშავებს:

„ჩვენ უკვე სანქცირებული მოსამართლეები გვყავს. ვფიქრობ, ერთადერთი გამოსავალია, ევროსტრუქტურებმა გამოყოს სპეციალური კომისია, რომელიც შეისწავლის საქართველოში არსებულ სიტუაციას და დაგვეხმარება გამოსავლის პოვნაში, რადგან ტრადიციული და დემოკრატიული ინსტრუმენტებით ჩვენი სისტემის გაჯანსაღება არის შეუძლებელი. ამ კლანთან უკვე დემოკრატიული მექანიზმებით ბრძოლა და ამგვარად მათი დამარცხება უკვე გახდა ფაქტობრივად შეუძლებელი“ ,— აღნიშნავს კახა წიქარიშვილი.


სტატია მომზადდა ნეტგაზეთის მიერ USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით. პროგრამას ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით.

სტატიის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ნეტგაზეთი და მასში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ასახავდეს ზემოთ ნახსენები საერთაშორისო ორგანიზაციების შეხედულებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი