სამართალი

ვინ არის და ჰქონდა თუ არა ინტერესთა კონფლიქტი გვარამიას საქმის მოსამართლეს?

17 მაისი, 2022 • 2268
ვინ არის და ჰქონდა თუ არა ინტერესთა კონფლიქტი გვარამიას საქმის მოსამართლეს?

„ნიკა გვარამიას განაჩენი გამოუტანა მოსამართლემ, რომელსაც ამ საქმის განხილვის უფლებაც კი არ ჰქონდა“, — ამბობს ნიკა სიმონიშვილი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) დირექტორი.

მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ „რუსთავი 2-ის“ აწ უკვე ყოფილი და მთავარი ოპოზიციური არხის მოქმედი დირექტორი დამნაშავედ ცნო უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში — საქმეში, რომელშიც ერთ-ერთი მოწმე [მოგვიანებით მოწმეთა სიიდან ამოღებული] და დაზარალებული კომპანიის თანამშრომელი მოსამართლის ახლო მეგობარია. სავარაუდო ინტერესთა კონფლიქტის მიუხედავად, მოსამართლე ჩხიკვაძემ თვითაცილებაზე უარი განაცხადა.

ვინ არის ლაშა ჩხიკვაძე?

ლაშა ჩხიკვაძე თბილისის საქალაქო სასამართლო სისხლის სამართლის საქმეთა, საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლეა. 2019 წლის 11 ოქტომბრიდან ის დანიშნულია უვადოდ, საპენსიო ასაკის მიღწევამდე. 2013 წლამდე თბილისის საქალაქო სასამართლოში გადმოყვანამდე ჩხიკვაძე რუსთავის საქალაქო სასამართლოს, სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოსა და მარნეულის რაიონული სასამართლოს მოსამართლე იყო.

სასამართლო სისტემაში გადასვლამდე ლაშა ჩხიკვაძე სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა და ფინანსთა სამინისტროების გენინსპექციაში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში.

გახმაურებული საქმეები

2013 წლის 28 ოქტომბერს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის გადაწყვეტილებით ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე, თავდაცვის ყოფილ მინისტრ ბაჩო ახალაიას და მასთან ერთად ბრალდებულებს, 3 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ.

ლაშა ჩხიკვაძე იყო თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას საქმის მოსამართლე საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეში. 2015 წელს მან უგულავას 9-წლიანი პატიმრობა შეუფარდა, რომელიც 2012 წელს მიღებული ამნისტიის აქტის საფუძველზე 4 წლამდე და 6 თვემდე შემცირდა.

მოსამართლემ დაუსწრებლად გაამართლა ყოფილი თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი, რომელსაც ამავე საქმეზე ჰქონდა ბრალი წაყენებული.

ლაშა ჩხიკვაძე, ასევე, არის თავდაცვის ყოფილ მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილის მიმდინარე საქმის მოსამართლე. უკრაინაში ომში მყოფი ირაკლი ოქრუაშვილი 21 მარტს სასამართლოში დაიბარეს.

„ამასწინათ, უკრაინაში ომში ყოფნის დროს რომ ჩამინიშნა პროცესი [მოსამართლე ჩხიკვაძემ], პოსტით ვიხუმრე, ჩამოვიდე და დავესწრო თუ გავუშვა „რუსკი კარაბლის“ მიმართულებით-მეთქი. წაუკითხავს, „იკაცა“ და ადვოკატის პირით, მუქარანარევი ტონით შემომითვალა, „ჩვენც ხალხნი ვართ“ და ნუ გაგვაბრაზებსო. ეჰ ჩემო ლაშა, ნეტავ მართლა რამეს წყვეტდე და მთლად შენზე იყოს დამოკიდებული ჩემი თუ გვარამიას საქმის ბედი“, — დაწერა ირაკლი ოქრუაშვილმა Facebook-ზე.

ის ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილს მოსამართლე ჩხიკვაძე კომპრომატებით ჰყავს დაშანტაჟებული.

„რამდენიმე წლის წინ ავტოავარიაში კაცი რომ მოკალი და საქმე ჩაგიფარცხეს. ისიც ვიცით, შენს ძმას შსს დროდადრო ნარკოტიკზე თუ მსგავსზე რომ იჭერს და უშვებს“, — ამბობს ოქრუაშვილი.

თავად მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე ამბობს, რომ მისი ძმა სხვა ქვეყნის მოქალაქეა და 6 წელია, საზღვარგარეთ იმყოფება.

ავარიის საქმე

ავარიის შემთხვევით მოსამართლე ჩხიკვაძეზე შესაძლო ზეწოლის შესახებ ჯერ კიდევ 2015 წელს, გიგი უგულავას საქმის განხილვისას საუბრობდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, 2015 წლის 22 იანვარს, თბილისში, გორგასლის ქუჩაზე ერთმანეთს ექვსი ავტომობილი შეეჯახა, რომელთგან ერთ-ერთს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე მართავდა. ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურა ლაშა ჩხიკვაძეს საგზაო შემთხვევის „ჩაფარცხვის“ სანაცვლოდ გიგი უგულავას საქმეზე სასურველი განაჩენის გამოტანას სთხოვდა. იუსტიციის საბჭოს მაშინდელმა მდივანმა ლევან მურუსიძემ, ისევე როგორც პროკურატურამ, დაადასტურეს ლაშა  ჩხიკვაძის ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილეობის ფაქტი, თუმცა მოსამართლეზე ზეწოლა კატეგორიულად უარყვეს. პროკურატურის განცხადებით, გამოძიების შედეგად ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე პირთა მხრიდან რამე ბრალეული ქმედების არარსებობის გამო 2015 წლის 8 მაისს საქმეზე გამოტანილი იქნა დადგენილება გამოძიების შეწყვეტის შესახებ.

„იმის დაკავშირება, რომ მოსამართლე მოყვა ავარიაში და ეს გავლენას მოახდენს მის მიერ განსახილველ კონკრეტულ საქმეზე, პრინციპულად დაუშვებელი და აბსურდულია. მესმის, რომ პოლიტიკური დივიდენდების აღება სურთ, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს სასამართლოს ხარჯზე. ავტოსაგზაო შემთხვევა კი ყველას შეიძლება მოუვიდეს“, — განაცხადა ლევან მურუსიძემ.

2015 წლის ავარიის ინციდენტზე ლაშა ჩხიკვაძემ დღეს „მთავარ არხთან“ ასეთი კომენტარი გააკეთა:

„ავტოავარია იყო. ეს არ არის დასამალი ფაქტი. მსხვერპლი მოხდა იმიტომ, რომ 6 ავტომანქანა დაიმტვრა სხვადასხვა მიზეზით. მე ვერ გეტყვით, გამოძიება დასრულდა თუ არა. იმ გამოძიებაში მე ვარ მოწმის სტატუსით, როგორც სხვა“.

შესაძლო ინტერესთა კონფლიქტი 

ნიკა გვარამიას საქმე ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის” დირექტორობის დროს, გვარამიას მხრიდან სამაუწყებლო კომპანიის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობით გამოყენებას ეხებოდა. ამ საქმის განმხილველი მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე კი „რუსთავი 2-ის” მფლობელი ჰოლდინგის დირექტორის, ზაზა გველესიანის ბავშვობის მეგობარია. გველესიანი საქმეში ერთ-ერთ მოწმედ ფიგურირებდა, თუმცა მოსამართლემ მოწმეთა სიიდან ამოიღო.  გვარამია ამბობდა, რომ გველესიანი ასევე იკავებდა თანამდებობას ჰოლდინგში, რომელსაც „რუსთავი 2“ ამჟამად ეკუთვნის და, შესაბამისად, ის საქმეში დაზარალებულად მოიაზრებოდა. ამ მიზეზით გვარამიამ თავისსავე პროცესზე მოსამართლის აცილება ჯერ კიდევ 2021 წლის ბოლოს მოითხოვა, თუმცა ჩხიკვაძემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

„მეგობრობას აქვს თავის ფორმატი, ეს არ ნიშნავს, რომ მე საქმესთან დაკავშირებით ვინმეს ვესაუბრები“, — თქვა მაშინ მოსამართლემ. ლაშა ჩხიკვაძე გველესიანთან მეგობრობას დღესაც ადასტურებს: „მე არც სხდომაზე დამიმალავს, რომ ზაზა გველესიანი არის ჩემი ბავშვობის მეგობარი. ბუნებრივია, ვმეგობრობთ“, — ამბობს იგი.

საია აცხადებს, რომ ზაზა გველესიანს, როგორც „რუსთავი 2-ის“ მფლობელი ჰოლდინგის დირექტორს, პირდაპირი ფინანსური ინტერესი გააჩნია საქმის შედეგის მიმართ, შესაბამისად, პრობლემურად მიიჩნევს, რომ მოსამართლემ თავი არ აიცილა მაშინვე, როდესაც შეიტყო რომ საქმე „რუსთავი 2-ს ეხებოდა და მისი მეგობარი ზაზა გველესიანი ბრალდების მხარეს მოწმეთა სიაში ჰყავდა. პროცესზე წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან ირკვეოდა, რომ ჩხიკვაძეს და გველესიანს მჭიდრო კომუნიკაცია ჰქონდათ საქმის მიმდინარეობის პერიოდშიც.

„მართალია, ამგვარი შემთხვევების დროს კანონი პირდაპირ არ უთითებს სავალდებულო აცილების გარემოებებზე მაგრამ განსაზღვრავს, რომ მოსამართლე ვერ მიიღებს მონაწილეობას სისხლის სამართლის პროცესში, თუ არსებობს გარემოება, რომელიც საეჭვოს ხდის მის ობიექტურობასა და მიუკერძოებლობას.

გარდა ამისა, საქართველოს სამოსამართლეო ეთიკის წესების მიხედვით, მოსამართლე უნდა შთააგონებდეს საზოგადოებრივ რწმენას მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის, სამართლიანობისა და მიუკერძოებლობისდმი, ამასთანავე მოსამართლეს ეკრძალება პროცესის მხარეებთან ან საქმით დაინტერესებულ პირებთან ცალ-ცალკე (ex parte) შეხვედრა ან ნებისმიერი სხვა ფორმით კომუნიკაცია სასამართლოში ან მის გარეთ, საქმის სასამართლოში შესვლის მომენტიდან საქმეზე გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე“, — აცხადებს საია და დასძენს, რომ ხსენებული გარემოებები აჩენდა ეჭვს მოსამართლის ობიექტურობასა და მიუკერძოებლობის შესახებ.

„მთავარი არხის“ დირექტორს, ნიკა გვარამიას, 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. წარდგენილი ბრალდებების ერთ ნაწილში გვარამია გამართლდა, ერთ-ერთი ბრალდების შემთხვევაში დაჯარიმდა, კიდევ ერთი, ე.წ. ავტომანქანის ეპიზოდის შემთხვევაში კი — თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

რის გამო დააპატიმრეს გვარამია — მოკლედ

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი