სამართალი

ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს

16 მაისი, 2022 • 6191
ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს
„რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას ბრალდების საქმესთან დაკავშირებით მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის განაჩენი ცნობილია.”მთავარი არხის” დამფუძნებელს 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს.
მოსამართლის განცხადებით, მან გადააკვალიფიცირა გვარამიასთვის პროკურატურის მიერ წარდგენილი ბრალი და საბოლოო ჯამში მედიამენეჯერი დამნაშავედ სცნო სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლის დარღვევაში.

მუხლი 220. უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება – საწარმოში ან სხვა ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი, წარმომადგენლობითი ან სხვა სპეციალური უფლებამოსილების გამოყენება ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, თავისთვის ან სხვისთვის გამორჩენის ან უპირატესობის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, − ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

გვარამასთან ერთად იყო ბრალდებული რ2-ის კიდევ ერთი ყოფილი მენეჯერი კახა დამენია, რომელსაც 50000-ლარიანი ჯარიმა მიუსაჯეს, ბრალდებული „ინტერ მედია პლუსის“ დირექტორი ზურაბ იაშვილი კი მოსამართლემ გაამართლა.
საქმესთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა გუშინ სახალხო დამცველის აპარატმა. ომბუდსმენის აპარატის შეფასებით, ნიკა გვარამიას ქმედება არ იძლევა დანაშაულის შემადგენლობას.

რას ედავებოდნენ გვარამიას

ბრალდებები, რომლებიც ნიკა გვარამიას საქართველოს მთავარმა პროკურატურამ წარუდგინა, ეხება პერიოდს, როდესაც ის ტელეკომპანია „რუსთავი2-ის“ გენერალური დირექტორი(2014-2019)  იყო.

ნიკა გვარამიას პროკურატურამ 2019 წელს ბრალი წაუყენა დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ ქონებრივი უფლების ართლსაწინააღმდეგო გაფლანგვაში, კომერციულ მოსყიდვაში, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებაში, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციასა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში.

ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს“ მიხედვით, რომელმაც საქმის მასალები შეისწავლა, ფაქტობრივი გარემოებები შემდეგნაირად ნაწილდება:

  • ქონებრივი უფლების გაფლანგვის ეპიზოდი

ბრალდების მხარის მტკიცებით, ნიკა გვარამიამ „რუსთავი 2-ის“ გენერალური დირექტორობისას დაარღვია სამსახურებრივი ვალდებულება, არ იმოქმედა კეთილსინდისიერად და კომპანიის ინტერესებიდან გამომდინარე.

კერძოდ, 2015 წლის სექტემბრიდან-დეკემბრამდე პერიოდში კომერციული რეკლამის განთავსების უფლების დათმობის სანაცვლოდ, შპს „ინტერ მედია პლიუსისგან“ მოითხოვა 2014 წელს ანალოგიურ მომსახურებაზე გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში მიღებულ თანხასთან შედარებით მცირე ანაზღაურება.

შედეგად, პროკურატურის ვერსიით, გვარამიამ კომპანიის ფინანსურ დირექტორთან, კახაბერ დამენიასთან ერთად გაფლანგა 2015 წლის 16 იანვრის გენერალური ხელშეკრულებით განსაზღვრული „რუსთავი 2-ის“ კუთვნილი ქონებრივი უფლება და კომპანიამ 6 763 509 ლარის მატერიალური ზიანი განიცადა.

ეს ბრალდება გვარამიას სსკ-ის 182-ე მუხლით ჰქონდა წარდგენილი.

  • კომერციული მოსყიდვის, აგრეთვე ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისა და გამოყენების ეპიზოდი

ბრალდების თანახმად, „რუსთავი 2-ის“ კუთვნილი ქონებრივი უფლების გაფლანგვის სანაცვლოდ, 2017 წლის 21 მარტის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ნიკა გვარამიამ შპს „ინტერ მედია პლიუსისგან“ სარგებლის სახით უძრავი ქონება (ორი ბინა) მიიღო.

პროკურატურისვე ვერსიით, უძრავი ქონების მიღების უზრუნველსაყოფად, 2016 წლის 5 და 25 ივლისს გაფორმდა ყალბი (ფიქტიური) სესხის ხელშეკრულებები. აღნიშნულის საფუძველზე კი, ვითომდა სასესხო ვალდებულების დაფარვის სანაცვლოდ, შპს „ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორმა ნიკა გვარამიას ნასყიდობის ხელშეკრულებით გადასცა ზემოაღნიშნული უძრავი ქონება.

ეს ბრალდება გვარამიას სსკ-ის 221-ე და 362-ე მუხლებით ჰქონდა წარდგენილი.

  • ფულის გათეთრების ეპიზოდი

პროკურატურის თანახმად, მას შემდეგ, რაც ნიკა გვარამიამ უძრავი ქონება მიიღო, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია განიზრახა.

როგორც პროკურატურა ამბობს, „დანაშაულებრივად მიღებული ქონებისათვის კანონიერი სახის მიცემის, მისი ნამდვილი ბუნების, წარმოშობის წყაროსა და საკუთრების შენიღბვის მიზნით ნიკა გვარამიამ 2017 წლის 7 ივლისსა და 26 სექტემბერს უძრავი ქონება 602 521.80 ლარად გაასხვისა, რის შედეგადაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავალი მიიღო.“

ეს ბრალდება გვარამიას სსკ-ის 194-ე მუხლით ჰქონდა წარდგენილი.

გვარამია გამოძიებასა და ბრალდებებს თავიდანვე პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევდა.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა” საქმის შესწავლის შემდეგ მივიდა დასკვნამდე, რომ არ დასტურდება გვარამიას მიერ ქონებრივი უფლების გაფლანგვის, კომერციული მოსყიდვის, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისა და გამოყენების, ასევე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებები.

რომელ ბრალდებებში გამართლდა გვარამია

მოსამართლემ ნიკა გვარამია გაამართლა:

  • სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდების ნაწილში(ყალბი დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადება, გასაღება ან გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია);
  • სსკ-ის 221-ე მუხლის მე-3 ნაწილით წადგენილი ბრალდების ნაწილში(კომერციული მოსყიდვა იმ პირის მიერ, რომელიც საწარმოში ან სხვა ორგანიზაციაში ახორციელებს ხელმძღვანელობით, წარმომადგენლობით ან სხვა სპეციალურ უფლებამოსილებას…);
  • სსკ-ის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით წადგენილი ბრალდების ნაწილში(უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია (ფულის გათეთრება), რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება).

რაში გამტყუნდა, ანუ რის გამო დააპატიმრეს გვარამია

ბრალდებებზე, რომელთა გამოც ნიკა გვარამია დააპატიმრეს, პროკურატურა სსკ-ის 182-ე მუხლით(მითვისება ან გაფლანგვა) დაობდა. საუბარია ე.წ. 2015 წლის ეპიზოდზე და ე.წ. ავტომანქანის ეპიზოდზე.

პირველი, ე.წ. 2015 წლის ეპიზოდი ეხება პროკურატურის ბრალდებას, რომლის თანახმადაც გვარამიამ, კომპანიის ფინანსური დირექტორთან ერთად 6 763 509 ლარი გაფლანგა.

მეორე, ე.წ. ავტომანქანის ეპიზოდში, პროკურატურა დაობდა, რომ ნიკა გვარამია და მისი ოჯახი სარგებლობდნენ 76 ათას ევროს (232 201 ლარი) ღირებულების ავტომანქანით, რომელიც ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ სარეკლამო დროის გამოყენების სანაცვლოდ გაფორმებული იყო შპს „პროესკო მედიას“ სახელზე.

პროკურატურა ამტკიცებდა, რომ ავტომანქანა “გვარამიასა და მისი ოჯახის ფაქტობრივ საკუთრებაში გადავიდა, ხოლო ფორმალურ მესაკუთრედ შპს ,,პროესკო მედია“ დაფიქსირდა”.

“მიუხედავად იმისა, რომ შპს ,,თეგეტა პრემიუმ ვიიქელსი“ კეთილსინდისიერად ასრულებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და სრულად უხდიდა შპს ,,პროესკო მედიას“ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სარეკლამო ღირებულებას, ეს უკანასკნელი, ნიკა გვარამიას დავალებით, არსებითად ამცირებდა ტელეკომპანია რუსთავი 2-სთვის გადასახდელ თანხებს, რითაც მნიშვნელოვანი ზიანი ადგებოდა ტელეკომპანიას”, — აღნიშნავს უწყება.

აღნიშნული ბრალდებები, მოსამართლის გადაწყვეტილებით, სსკ-ის 220-ე მუხლით გადააკვალიფიცირა. აღნიშნული მუხლი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს.

შედეგად, ე.წ. 2015 წლის ეპიზოდზე როგორც გვარამია, ისე დამენია, 50 000-50 000 ლარით დააჯარიმეს. მეორე ეპიზოდზე კი ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

უფრო მკაცრმა სასჯელმა(პატიმრობა) ნაკლებად მკაცრი სასჯელი(ჯარიმა) შთანთქა და საბოლოოდ, გვარამიას ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლისა და 6 თვის ვადით.

ოპოზიციური ტელევიზია „მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია განაჩენის გამოცხადებისთანავე, დღეს, 16 მაისს, სასამართლო დარბაზში დააკავეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი