ახალი ამბები

ნიკა გვარამიამ „რუსთავი 2-ის“ საქმეზე მოსამართლის აცილება მოითხოვა

15 დეკემბერი, 2021 • 1873
ნიკა გვარამიამ „რუსთავი 2-ის“ საქმეზე მოსამართლის აცილება მოითხოვა

„მთავარი არხის“ დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ დღეს თავისსავე პროცესზე მოსამართლის აცილება მოითხოვა.

საქმე, რომელსაც თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს, ეხება ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის” დირექტორობის დროს, გვარამიას მხრიდან სამაუწყებლო კომპანიის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების, სავარაუდოდ, ბოროტად გამოყენებასა და მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობით სავარაუდო გამოყენებას.

გვარამიას თქმით, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე საქმის ერთ-ერთი მოწმის, ზაზა გველესიანის ახლო მეგობარია, რაც არც მოსამართლემ უარყო. გვარამია ასევე აღნიშნავს, რომ გველესიანი ასევე იკავებს თანამდებობას ჰოლდინგში, რომელსაც „რუსთავი 2“ ამჟამად ეკუთვნის და, შესაბამისად, ის საქმეში დაზარალებულის სტატუსითაც არის ჩართული.

ნიკა გვარამიას განმარტებით, მოსამართლე ჩხიკვაძემ გველესიანი მოწმეთა სიიდან ამოიღო. მოსამართლის განმარტებით, ეს მოწმე ბრალდების მხარემ უდავოდ ცნო, შესაბამისად, ის დასაკითხ პირთა სიიდან მოიხსნა. გვარამიამ მოსამართლეს ჰკითხა, თუ რატომ არ განუმარტა მხარეებს აღნიშნულ პირთან კავშირის შესახებ და მისი აცილება მოითხოვა

„რატომ არ განმარტეთ, რომ საქმეში მოწმედ მყოფი პირი არის თქვენი პერსონალური მეგობარი, რომელთანაც გაქვთ პერსონალური ურთიერთობა და ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლის შესაძლებლობა, ეს ერთი. და, ამავდროულად, რომც არ ყოფილიყო ეს პირი მოწმეთა ნუსხაში, იგი წარმოადგენს კომპანიას, რომელიც დაზარალებულად არის ცნობილი ამ საქმეში. რატომ არ განმარტეთ, რომ დაზარალებული არის თქვენი ახლო მეგობარი”,- მიმართა ნიკა გვარამიამ მოსამართლეს“.

მოსამართლე ჩხიკვაძემ განაცხადა, რომ ამ პირთან მართლაც აკავშირებს მეგობრობა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ საქმესთან დაკავშირებით მასთან საუბრობს:

„მეგობრობას აქვს თავის ფორმატი, ეს არ ნიშნავს, რომ მე საქმესთან დაკავშირებით ვინმეს ვესაუბრები. ეს იყო მოცემულობა, რომ სასამართლო განჩინებით მასთან მივიდნენ და ჩართული იყო რაღაც ამოღებაში“ ,- განაცხადა მოსამართლემ.

განხილვის შემდეგ მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და ამის მიზეზად მისი უსაფუძვლობა დაასახელა:

„რაც შეეხება შუამდგომლობას, მხარეს აქვს უფლება, გამოხატოს მისი პოზიცია. სასამართლოს შეფასებით ეს არის მოსაზრება და ვერ გახდება სასამართლო შემადგენლობის აცილების საფუძველი“ ,- განაცხადა მოსამართლემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი