საზოგადოებასამართალი

შავგულიძე EU-სა და ნატოში ინტეგრაციის ხელის შეშლისთვის მოხელეების დასჯის ინიციატივით გამოდის

9 მარტი, 2022 •
შავგულიძე EU-სა და ნატოში ინტეგრაციის ხელის შეშლისთვის მოხელეების დასჯის ინიციატივით გამოდის

პარლამენტის წევრმა შალვა შავგულიძემ დაარეგისტრირა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფო მოხელეების დასჯას ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს ინტეგრაციის ხელის შეშლისთვის.

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, საქართველოს კონსტიტუცია მოითხოვს კონსტიტუციური ორგანოებისაგან, რომ „თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.“

თუმცა, განმარტებითი ბარათის თანახმად, „ამ ფონზე ანომალიად მოჩანს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ბოლოდროინდელი ქმედებები, რომლებიც ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველყოფას კი არ ემსახურება, არამედ პირიქით, ამ საერთაშორისო ორგანიზაციებისაგან, აგრეთვე მათი წევრი და ჩვენი მეგობარი სახელმწიფოებისაგან საქართველოს დაშორებისკენ მიმართულ ნაბიჯებად აღიქმება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ“.

როგორც ბარათშია განმარტებული, წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, უნდა მოხდეს მოხელეთა  იმ ქმედებების კრიმინალიზაცია, რომელიც ხელს უშლის ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრულ ინტეგრაციას.

„ამით ქვეყნის მოქმედ და მომავალ ხელისუფლებებს, აგრეთვე ცალკეულ სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირებს თუ საჯარო მოხელეებს, გაეგზავნებათ მკაფიო მესიჯი, რომ ქვეყნის ბედით თამაში, მისი სტრატეგიული არჩევანისთვის საფრთხის შექმნა და ყველა იმ მიღწევის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება, რომლისთვისაც ამ ქვეყნის სხვადასხვა თაობის მამულიშვილებმა სისხლი დაღვარეს, მხოლოდ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას კი არა, არამედ ყველა იმ პირის ინდივიდუალურ სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობასაც გამოიწვევს, რომელიც საკუთარი მოქმედებით ზიანს მიაყენებს საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს“, – ვკითხულობთ ბარათში.

კანონპროექტის მიხედვით,  ისჯება მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციისათვის ხელის შეშლა. ხელის შეშლად მიიჩნევა: 

  •  ევროპის კავშირის, ევროპის კავშირის წევრი სახელმწიფოს, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ან ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოსათვის დახმარების (მათ შორის, შეღავათიანი კრედიტის) შეჩერებაში, შეწყვეტაში ან პირობით შეთანხმებულ დახმარებაზე (მათ შორის, შეღავათიან კრედიტზე) უარის თქმა, საქართველოს მიმართ სხვა სანქციის გამოყენება, ან საქართველოს ინტერესისათვის სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია;
  •  საერთაშორისო ორგანიზაციის წევრობასთან ან საერთაშორისო ხელშეკრულებაში მონაწილეობასთან დაკავშირებით საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობაში, ან სხვა ქმედებაში, რამაც საერთაშორისო ორგანიზაციის წევრობის შეჩერება, ორგანიზაციიდან გარიცხვა, საერთაშორისო ორგანიზაციის წევრისათვის ან საერთაშორისო ხელშეკრულებაში მონაწილე მხარისათვის გათვალისწინებული სხვა სანქციის გამოყენება, ან საქართველოს ინტერესისათვის სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია;
  •  გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს, ევროპის კავშირის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ან/და ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სანქცირებულ სუბიექტთან, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, შესაბამისი სანქციის საწინააღმდეგოდ, პოლიტიკური, ეკონომიკური ან სხვა სახის ურთიერთობის დამყარებაში.

ზემოთ ჩამოთვლილი პუნქტების დარღვევა ითვალისწინებს  თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ექვს წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

კანონპროექტის მიხედვით, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება ჩადენილი სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

კანონპროექტის კიდევ ერთი მიზანი ქვეყნის ანტისაოკუპაციო კანონმდებლობის აღსრულების უზრუნველყოფა და, შესაბამისად, ანტისაოკუპაციო პოლიტიკის განხორციელებისათვის ხელის შეწყობაა. 

ოკუპაციის საწინააღმდეგო საკანონმდებლო ბერკეტს წარმოადგენს 2008 წლის 23 ოქტომბერს მიღებული საქართველოს კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“, რომლითაც, სხვა ზომებთან ერთად, დაწესდა აკრძალვები და შეზღუდვები ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლასა და ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებით. 

თუმცა განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ 2012 წლის შემდგომ პერიოდში, განსაკუთრებით კი, უკანასკნელ წლებში, „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დაწესებული შეზღუდვებისა და აკრძალვების აღსრულება პრაქტიკულად არ ხორციელდება, რის გამოც აღნიშნული შეზღუდვები და აკრძალვები, ფაქტობრივად, “მკვდარ ნორმებად იქცა“.

ზემოთქმულიდან გამომდინარე,  კანონპროექტის ავტორის აზრით, მიზანშეწონილია შემოღებული იქნეს ისეთი სისხლისსამართლებრივი მექანიზმი, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული შეზღუდვებისა და აკრძალვების დარღვევის ფაქტებზე  ხელისუფლების წარმომადგენლების არასათანადო რეაგირების პრევენციას, გამოვლენას და დასჯას უზრუნველყოფს.

„მიუხედავად იმისა, რომ სისხლის სამართლის კოდექსი ითვალისწინებს „სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების“ ზოგადი ხასიათის შემადგენლობას, რომელიც ამ შემთხვევაშიც შეიძლებოდა ყოფილიყო შემაკავებელი ფაქტორი, პრაქტიკა აჩვენებს, რომ აღნიშნული ნორმა ამ ფუნქციას ვერ ასრულებს.  აშკარად იკვეთება უფრო კონკრეტული, სპეციალური სისხლისსამართლებრივი ნორმის შემოღების აუცილებლობა, რომელიც ეფექტიანი იქნება ზემოთ აღწერილი, მრავალმხრივად საშიში მოვლენის წინააღმდეგ საბრძოლველად.

ამგვარად, წინამდებარე კანონპროექტი მიზნად ისახავს ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციისათვის მოხელეთა ხელისშემშლელი საქმიანობის, აგრეთვე, „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტებზე მათი მხრიდან არასათანადო რეაგირების კრიმინალიზაციის გზით საქართველოს სახელმწიფო ინტერესების დაცვას“, – ვკითხულობთ კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

კანონპროექტის  მიხედვით, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის უმოქმედობა ან არაჯეროვანი მოქმედება, ჩადენილი სამსახურებრივი მოთხოვნის საწინააღმდეგოდ, რამაც  ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

იგივე ქმედება ჩადენილი სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.“.

მასალების გადაბეჭდვის წესი