საზოგადოებასამართალი

შსს ლაშქარავაზე ექსპერტიზის დასკვნის მხოლოდ ნაწილს ასაჯაროებს

7 იანვარი, 2022 • 2279
შსს ლაშქარავაზე ექსპერტიზის დასკვნის მხოლოდ ნაწილს ასაჯაროებს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ლექსო ლაშქარავას საქმეზე  ექსპერტიზის დასკვნის ნაწილი მას შემდეგ გაასაჯაროვა, რაც ცნობილი გახდა, რომ UNESCO-მ ის მოკლული ჟურნალისტების სიაში შეიყვანა.

7 იანვარს შსს-ს გავრცელებული მასალებით ცნობილი ხდება, რომ სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიურომ დასკვნა 30 დეკემბერს მიიღო და ის 37 გვერდისგან შედგება.  ხელმისწავდომი მხოლოდ 6 გვერდი გახდა.

დასკვნის გასაჯაროებული  ნაწილის მიხედვით, ტელეკომპანია „პირველის” ოპერატორის გარდაცვალების უშუალო მიზეზი ნარკოტიკული საშუალებით ზედოზირება გახდა.

ნაწყვეტი სამხარარაულის ბიუროს ექსპერტიზიდან

დოკუმენტში ასევე საუბარია იმ დაზიანებებზე, რომლებიც ლაშქარავამ 5 ივლისს მიიღო – კერძოდ, ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფების თავდასახმის დროს. მათ შორის, სისხლნაჟღენთებზე, მოტეხილობებზე და თავის ტვინის შერყევაზე.

ექსპერტიზა ამბობს, რომ დაზიანებები ნაკლებად მძიმე იყო.

„დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით. ცოცხალ პირთა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზისას სხეულის დაზიანების ხარიხის განსაზღვრის დროს დაზიანებები ერთობლიობაში აღებული ატარებენ ნაკლებად მძიმე დაზიანების ნიშნებს და არ იმყოფებიან კავშირში დამდგარ შედეგთან“.

ნეტგაზეთი ასევე დაუკავშირდა დამოუკიდებელ ექსპერტს, ალექსანდრე გეჯაძეს,  რომელიც ოჯახის თანხმობით ჩაერთო საქმეში. მან თქვა, რომ შეაფასებს ექსპერტიზას მხოლოდ მას შემდეგ გააცნობს, რაც შინაგან საქმეთა სამინისტრო დოკუმენტს სრულად გასააჯაროებს.


ლექსო ლაშქარავა, რომელიც „პირველის“ ოპერატორი იყო, 2021 წლის 11 ივლისს გარდაიცვალა. მანამდე, 5 ივლისს, თბილისში ძალადობრივი დემონსტრაციის მონაწილეებმა მასზე პროფესიული მოვალეობის შესრულებისას იძალადეს.

დღემდე არ დასრულებულა  გამოძიება. 

თუმცა საქართველოს ხელისუფლებამ მისი გარდაცვალებისთანავე გაავრცელა წინასწარი ვერსიები, რაც ძალიან ჰგავდა ე.წ. რეპუტაციულ მკვლელობას.

როგორ მოკლეს მეორედ ლაშქარავა მისი გარდაცვალების მიზეზის დადგენამდე

დღეს ასევე ცნობილი გახდა, რომ UNESCO-მ ლექსო ლაშქარავა მოკლულ ჟურნალისტთა სიაში შეიყვანა.  ამ გადაწყვეტილებას „ქართულ ოცნებაში“ კრიტიკით შეხვდნენ. “იუნესკო საგამოძიებო ორგანო არ არის” – თქვა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა.

ლექსო ლაშქარავა UNESCO-მ მოკლულ ჟურნალისტთა სიაში დაამატა

მასალების გადაბეჭდვის წესი