მიხეილ სააკაშვილის ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, დამოუკიდებელი სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროს წარმომადგენელმა, ალექსანდრე გეჯაძემ უთხრა, რომ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებაზე ისეთი დასკვნა დადო, რაც შსს-ს აწყობდა. ამის შესახებ ხაჭაპურიძემ დღეს, 22 დეკემბერს, სააკაშვილის სასამართლო სხდომაზე განაცხადა.
ამ განცხადებას წინ უძღოდა ბრალდების მხარის შუამდგომლობა, რომლის თანახმადაც სააკაშვილის საქმეში ახალი გარემოებები გამოიკვეთა, კერძოდ, პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ვიდეოკადრები, რომელიც კლინიკა “ვივამედშია” გადაღებული. სწორედ ამ კადრების საფუძველზე ბრალდების მხარე სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვდა. მათი თქმით, ამ ექსპერტიზით პასუხი უნდა გასცემოდა შეკითხვას – არის თუ არა ექსპრეზიდენტი დაავადებული მძიმე ავადმყოფობით.
ბრალდების მხარე ითხოვდა, ექსპერტიზა ჩაეტარებინა სამ საექსპერტო დაწესებულებას, კერძოდ: სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, დამოუკიდებელ ექსპერტიზის ცენტრ “ვექტორს” და შპს “რეალ ექსპერტს”.
შალვა ხაჭაპურიძემ სამივე ექსპერტიზის ბიუროზე უარი განაცხადა, “ვექტორის” ხელმძღვანელ ალექსანდრე გეჯაძეზე კი თქვა, რომ თავის დროზე თავად ექსპერტმა უარი განაცხადა ამ საქმეში ჩართვაზე იმ მიზეზით, რომ მას შინაგან საქმეთა სამინისტროდან დაურეკავდნენ და იმის დაწერა მოუწევდა, რაც “აწყობდა შსს-ს”. ხაჭაპურიძის თქმით, ამ საუბრის ფარული ჩანაწერიც აქვს:
“მე მსურდა, რომ ის ამ საქმეში ჩართულიყო, თუმცა მან რამდენიმე ადამიანის თანდასწრებით, და ვატყობ მოწმედ მომიწევს ამ ადამიანების მოყვანა, განაცხადა, რომ სიამოვნებით მიიღებდა ამ ექსპერტიზაში მონაწილეობას, მაგრამ თუ შსს-დან დაურეკავენ, დადებს იმ დასკვნას, რასაც დაურეკავენ. ამიტომ მითხრა – შალვა, დიდი ბოდიში, მე შენ პატივს გცემ, ჩვენ ვთანამშრომლობთ და მე არ მინდა გავაკეთო ის, რაც გავაკეთე ტვ პირველის ჟურნალისტის გარდაცვალების ფაქტზე. დავდე ის დასკვნა, რაც აწყობდა შსს-ს.
აქედან გამომდინარე ბატონი გეჯაძის ამ ექსპერტიზაში მონაწილეობა კატეგორიულად მიუღებელია. მე დარწმუნებული ვარ, ბატონი გეჯაძე დაადასტურებს, თუ არადა გაგვაჩნია ფარული ჩანაწერი, როცა მე ის ჩავწერე ამაზე ლაპარაკის დროს. მოგვიწევს დღეს მოვისმინოთ მაშინ ტელევიზიით, რა თქვა გეჯაძემ ბატონ სააკაშვილთან დაკავშირებით”, – განაცხადა ხაჭაპურიძემ.
ნეტგაზეთი ხაჭაპურიძის მიერ გახმიანებული ინფორმაციის გადასამოწმებლად ალექსანდრე გეჯაძეს დაუკავშირდა. მან გვითხრა, რომ ხაჭაპურიძის განცხადების შესახებ “საქმის კურსში არაა” და კომენტარს არ გააკეთებს, სანამ არ მოისმენს ტელევიზიით ან თავად არ გაესაუბრება მას.
რაც შეეხება ბრალდების მხარის შუამდგომლობას, ხაჭაპურიძემ ასევე უარი განაცხადა, მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო ექსპერტიზა ჩაეტარებინათ სამხარაულის ბიუროს და შპს “რეალ ექსპერტს”. სამხარაულის ბიუროს შემთხვევაში მან თქვა, რომ ბიუროს ხელმძღვანელის დანიშვნა-გათავისუფლების საკითხს პრემიერ-მინისტრი განაგებს, რომელიც “24-საათიან რეჟიმში სააკაშვილის დამამცირებელ და აბუჩად ამგდებ განცხადებებს აკეთებს”. “რეალ ექსპერტის” შემთხვევაში კი, ხაჭაპურიძის თქმით, მისი ხელმძღვანელი მაია ნიკოლეიშვილი მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობისას გაასამართლეს და ის ექსპრეზიდენტს “პირად მტრად” მიიჩნევს.
მოსამართლემ გიორგი არევაძემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
დამოუკიდებელი ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე ტვ პირველის ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ ტელეკომპანიამ დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩასატარებლად დაიქირავა. მან ხელი მოაწერა სამხარაულის ბიუროს დასკვნას, სადაც ნათქვამი იყო, რომ ლაშქარავა ნარკოტიკული საშუალებით ზედოზირებით გარდაიცვალა, ხოლო 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფის მიერ მიყენებული დაზიანებები ნაკლები სიმძიმის იყო და არ გამოიწვევდა ლეტალურ შედეგს.
ლექსო ლაშქარავა, რომელიც „პირველის“ ოპერატორი იყო, 2021 წლის 11 ივლისს გარდაიცვალა. მანამდე, 5 ივლისს, თბილისში ძალადობრივი დემონსტრაციის მონაწილეებმა მასზე პროფესიული მოვალეობის შესრულებისას იძალადეს.