საზოგადოება

ლექსო ლაშქარავა UNESCO-მ მოკლულ ჟურნალისტთა სიაში შეიყვანა

7 იანვარი, 2022 •
ლექსო ლაშქარავა UNESCO-მ მოკლულ ჟურნალისტთა სიაში შეიყვანა

UNESCO-მ ლექსო ლაშქარავა მოკლულ ჟურნალისტთა სიაში შეიყვანა.  მსოფლიოში 2021 წელს მოკლულ 55 ჟურნალისტზე  UNESCO-მ გუშინ გამოაქვეყნა ცნობა.

ლაშქარავას შესახებ სიაში  მითითებულია როგორც “ახალი მოთხოვნა”, ისევე როგორც 2021 წელს მოკლულ სხვა ჟურნალისტებზე.   ლექსო ლაშქარავას დაღუპვაზე UNESCO-ს პასუხი საქართველოს მთავრობიდან  ჯერჯერობით არ მიუღია.

„მოვუწოდებ [საქართველოს] ხელისუფლებას, რათა მათ უზრუნველყონ, რომ ლექსო ლაშქარავას სიკვდილის გამოძიება იყოს სრულფასოვანი და გამჭვირვალე“, – ამბობს UNESCO-ს გენერალური დირექტორი ოდრი აზულაი 

საქართველოში მოკლულ ჟურნალისტთა UNESCO-ს სია

ლექსო ლაშქარავა, რომელიც „პირველის“ ოპერატორი იყო, 2021 წლის 11 ივლისს გარდაიცვალა. მანამდე, 5 ივლისს, თბილისში ძალადობრივი დემონსტრაციის მონაწილეებმა მასზე პროფესიული მოვალეობის შესრულებისას იძალადეს.

TV პირველის ოპერატორის, ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების უშუალო მიზეზი ჯერაც დაუზუსტებელია –  დღემდე არ დასრულებულა  გამოძიება. 

თუმცა საქართველოს ხელისუფლებამ მისი გარდაცვალებისთანავე გაავრცელა წინასწარი ვერსიები, რაც ძალიან ჰგავდა ე.წ. რეპუტაციულ მკვლელობას.

როგორ მოკლეს მეორედ ლაშქარავა მისი გარდაცვალების მიზეზის დადგენამდე

რეაქცია საქართველოში

იუნესკოს 2021 წლის მოკლული ჟურნალისტების სიაში ლაშქარავას შეყვანას გამოეხმაურნენ საქართველოშიც. პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ “იუნესკო საგამოძიებო ორგანო არ არის”:

„იუნესკო აწარმოებს სიას, როდესაც ხდება ჟურნალისტების გარდაცვალება. ამ შემთხვევაში, როგორც ვნახე, მთავრობაშია მოკითხული, რა ვითარება იყო ამასთან დაკავშირებით. შინაგან საქმეთა სამინისტრო და პროკრატურა გააკეთებს განცხადებას”, – განაცხადა პაპუაშვილმა. 

ტვ პირველის წამყვანი ინგა გრიგოლიაც გამოეხმაურა ამ საკითხს. ლაშქარავა სწორედ ტვ “პირველის” ოპერატორი იყო. გრიგოლიას თქმით, მას სჯერა, რომ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა ლაშქარავა ამ სიიდან ამოიღონ.

სხვა ჟურნალისტები სიაში საქართველოდან 

იუნესკოს მოკლული ჟურნალისტების სიაში საქართველოდან, ლაშქარავას გარდა, კიდევ ოთხი  ჟურნალისტი ჰყავს შეყვანილი. სამი მათგანი – ალექსანდრე კლიმჩუკი, გიგა ჩიხლაძე, ასევე ჰოლანდიელი ოპერატორი სტან სტორიმანსი-  2008 წლის ომში მოკლეს. სიაში არის გიორგი სანაიაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი