საიას თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, იმ მუხლებზე, რომლითაც ლექსო ლაშქარავაზე თავდავმსხმელები სასჯელს იხდიდნენ, წესით ამნისტია არ უნდა გავრცელებულიყო.
„დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლექსო ლაშქარავას წინააღმდეგ ჩადენილ ძალადობაში მხილებულმა მსჯავრდებულებმა ციხე დატოვეს.
სასამართლო მათ მიმართ გამოყენებულ სანქციაში ისედაც ლმობიერი იყო და საქმის განხილვისას მოუხსნა ერთი მუხლი, რომელიც უფრო მძიმე სანქციას ითვალისწინებდა. ამის გამო მათ ციხე 2025 წლის ზაფხულში უნდა დაეტოვებინათ.
იმ მუხლზე, რომელზეც სასჯელს იხდიდნენ, ამნისტია წესით არ უნდა გავრცელებულიყო. საინტერესოა, სხვა რა საფუძვლით მიიღეს მათ შეღავათები. ამ კითხვით საჯაროდაც მივმართავთ სასჯელაღსრულების დეპარტამენტს და დამატებით წერილობითაც მივწერთ.
ევროკავშირში გაწევრიანების ერთ-ერთი პირობა 5 ივლისის მოვლენების სრული გამოძიება იყო და არა უკვე დასჯილი პირების შეღავათები. ძალადობის ორგანიზატორები ისევ დაუსჯელები არიან“, – წერს Facebook-ზე ნონა ქურდოვანიძე.
„ტვ პირველის“ ინფორმაციით, 2021 წლის 5 ივლისის ძალადობის საქმეზე დაკავებულ პირებს ამნისტია შეეხოთ და პატიმრობიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს.
საუბარია ამნისტიაზე, რომელიც პარლამენტმა, „ქართული ოცნების“ ინიციატივით, 26 ოქტომბრის არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე მიიღო.
„ტვ პირველის“ ცნობით, ამნისტიით გათავისუფლებულთა შორის არიან ოპერატორ ლექსო ლაშქარავაზე თავდასხმისთვის მსჯავრდებულები დავით კუტალაძე და თორნიკე დავლაშერიძე.
2021 წლის 5 ივლისის ძალადობის საქმეზე 6 მსჯავრდებულს 4-წლიანი პატიმრობა ჰქონდათ შეფარდებული. თავდაპირველად მათ პირველი ინსტანციის სასამართლომ 5-წლიანი პატიმრობა შეუფარდა, თუმცა სააპელაციო სასამართლომ მათ სასჯელი შეუმცირა.
მეორე ინსტანციის გადაწყვეტილებით, ექვსივე მსჯავრდებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225 მუხლის მეორე ნაწილში გამართლდა, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს და პირველი ინსტანციის მიერ შეფარდებული 5 წლის ვადით პატიმრობა 4-მდე შეუმცირდათ.
მსჯავრდებულებს შორი იყვნენ: დავით კუტალაძე, ოთარ გელაშვილი, ცოტნე ჩიხლაძე, გია გიგუაშვილი, თორნიკე დავლაშერიძე და აკაკი ნაკაშიძე. მათ ბრალი დაუდგინდათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118 მუხლის მესამე ნაწილსა და 154, 156, მუხლებით, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლას და დევნას გულისხმობს.