ახალი ამბები

“პოლიტიკური ანგარიშსწორება” – NGO-ები ინსპექტორის სამსახურის შესაძლო გაუქმებაზე

26 დეკემბერი, 2021 • 1653
“პოლიტიკური ანგარიშსწორება” – NGO-ები ინსპექტორის სამსახურის შესაძლო გაუქმებაზე

საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესაძლო გაუქმების გამო უკიდურეს შეშფოთებას გამოთქვამენ. მათი შეფასებით, ეს არის  ხელისუფლების მხრიდან “დაგეგმილი თავდასხმა” კიდევ ერთი დამოუკიდებელი ორგანოს მიმართ.

“ქართული ოცნების” დეპუტატების მიერ მომზადებული კანონპროექტის შესახებ, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გაუქმდება და მის ნაცვლად ორი უწყება შეიქმნება, 25 დეკემბერს გახდა ცნობილი. ინფორმაცია IPN-მა გაავრცელა.

“მსგავსი მნიშვნელობის და საჯარო ინტერესის მქონე საკითხზე კანონპროექტის აბსოლუტურად დახურულად მომზადება, ისე რომ მის შემუშავების პროცესში ჩართულები არ იყვნენ არც უშუალოდ სამსახურის წარმომადგენლები, არც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები და არც სხვა დაინტერესებული მხარეები, უკიდურესად პრობლემურია და წარმოადგენს საკანონმდებლო თვითნებობას.

ამავდროულად, კანონპროექტის განხილვის დაჩქარებული წესით ინიცირება ცხადყოფს, რომ ხელისუფლების მიზანი არა საკითხის ირგვლივ სიღრმისეული პროფესიული მსჯელობა, არამედ დამოუკიდებელ ინსტიტუტზე გავლენის მოპოვებაა”, – დასძენენ არასამთავრობოები.

მათი განცხადებით, ეჭვს ამყარებს ისიც, რომ ინსპექტორის სამსახურმა პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების მოპოვებისა და გასაჯაროების ფაქტთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახით ჯარიმა დააკისრა.

ხელმომწერი ორგანიზაციები ასევე იხსენებენ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის კრიტიკულ გამოხმაურებებს სამართალდამცავი სისტემის მხრიდან კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევებისადმი.

განცხადებაში ასევე ნახსენებია ინსპექტორის მიერ “TV პირველის” გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერების შესწავლა და ამავე უწყების “მწვავე გამოხმაურება” ფარული მიყურადების/თვალთვალის ფაქტების ამსახველი მასალების გასაჯაროებაზე.

განცხადების ხელმომწერნი ხაზს უსვამენ, რომ სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი დანაშაულების ეფექტიანი გამოძიება ქვეყნისთვის კვლავაც მნიშვნელოვანი გამოწვევაა. მათი თქმით, სწორედ ამ კუთხით არსებული სისტემური ხარვეზების გამო შეიმუშავა სამოქალაქო საზოგადოებამ 2015 წელს  კანონპროექტი, რომელიც დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნას გულისხმობდა.

“ამ გამოწვევების ფონზე, 2018 წლის 21 ივლისს, საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“, რომლის მიხედვითაც, ინსპექტორს მხოლოდ გამოძიების წარმოების უფლება მიეცა და მასზე საპროცესო ზედამხედველობის უფლება საქართველოს პროკურატურამ სრულად შეინარჩუნა.

თუმცა, კანონის ამოქმედება პარლამენტმა ზედიზედ ოთხჯერ გადადო და საბოლოოდ, ინსპექტორის სამსახური 2019 წლის 1 ნოემბრიდან მოქმედებს.

ამოქმედებიდან ორი წლის თავზე, სამსახურის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას დადებითად აფასებენ როგორც არასამთავრობო სექტორი, ასევე საერთაშორისო პარტნიორები.

საქმიანობის ფარგლებში, ამ დრომდე, ინსპექტორის საგამოძიებო სამსახურმა 5523 შეტყობინება მიიღო,ხოლო 8 სამართალდამცავის მიმართ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი.

სამსახური, სწრაფად და ეფექტიანად გაუმკლავდა, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართ განხორციელებული შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტებსაც, რის თაობაზეც უწყებაში გამოძიება კვლავ მიმდინარეობს”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

ორგანიზაციების თქმით, დღეს არსებული საჭიროება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაძლიერება და უწყებისთვის მეტი დამოუკიდებლობის მინიჭებაა, მათ შორის, საგამოძიები მოქმედებების ჩატარებისას.

“უკიდურესი პოლიტიკური პოლარიზაციის, სახელმწიფო ინსტიტუტების მიტაცების, სამართალდამცავი ორგანოებისა და სასამართლოს მიმართ საზოგადოებრივი უნდობლობის ფონზე, დახურულ კარს მიღმა, ფარულად და დაჩქარებული წესით დარეგისტრირებული კანონპროექტი, რომელიც მიზნად ისახავს დამოუკიდებელი ინსტიტუტის გაუქმებასა და სახელმწიფო ინსპექტორისთვის ვადაზე ადრე უფლებამოსილების შეწყვეტას, სხვა არაფერია თუ არა პოლიტიკური ანგარიშსწორება, იმ საგამონაკლისო ინსტიტუტის მიმართ, რომელმაც ბოლო წლებში მეტ-ნაკლებად შეძლო საზოგადოებრივი ნდობის მოპოვება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ხელმომწერი ორგანიზაციები მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეწყვიტოს თავდასხმები დამოუკიდებელი ინსტიტუტების მისამართით და შექმნას ყველა პირობა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შეუფერხებელი საქმიანობისთვის”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

მმართველი გუნდის ზემოხსენებულ ინიციატივას თავად სახელმწიფო ინსპექტორიც გამოეხმაურა. ლონდა თოლორაია ,,წინასაახალწლო სიურპრიზს” უწოდებს ამ კანონპროექტს და ამბობს, რომ ეს ყველაფერი კითხვის ნიშნებს ბადებს.

“ოცნება” სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას აპირებს

მასალების გადაბეჭდვის წესი