ახალი ამბები

რა გამოავლინა გამოძიებამ ლუკა სირაძის საქმეზე მარიანა ჩოლოიანის გარდა სხვა პოლიციელების მიმართ

7 თებერვალი, 2020 • 1744
რა გამოავლინა გამოძიებამ ლუკა სირაძის საქმეზე მარიანა ჩოლოიანის გარდა სხვა პოლიციელების მიმართ

სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი 15 წლის ლუკა სირაძის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

განცხადების მიხედვით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებლის, მარიანა ჩოლოიანის ბრალდების სისხლის სამართლის საქმე სასამართლოში გადაიგზავნა. გარდა ამისა, ინსპექტორის აპარატის განცხადებით, დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პირველი განყოფილების სხვა თანამშრომლების (მათ შორის, მენეჯერულ პოზიციაზე მყოფი პირის) მხრიდან არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსისა და პოლიციის ეთიკის კოდექსის სავარაუდო დარღვევების ფაქტები გამოვლინდა, თუმცა სხვა პოლიციელებთან მიმართებაში ინსპექტორმა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ვერ გამოკვეთა და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით შსს-ს გენინსპექციას მიმართა.

ინსპექტორის აპარატის განცხადებით, აღნიშნული სისხლის სამართლის საქმეზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის მიერ ჩატარდა 400-ზე მეტი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, ჩოლოიანს გენერალური პროკურატურის მიერ წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლის (ჩვენების მიცემის იძულება) ორ ეპიზოდში.

“მ.ჩ.-სთვის წარდგენილი ბრალდების თანახმად, 2019 წლის 10 დეკემბერს შპს „თბილისის მწვანე სკოლის“ კედლებისა და ინვენტარის მოხატვის ფაქტთან დაკავშირებით გამომძიებელმა მ.ჩ.-მ გამოკითხვის მიზნით დაიბარა 15 წლის ლ. ს. და მისი კანონიერი წარმომადგენელი. ნაცვლად იმისა, რომ მ.ჩ.-ს ემოქმედა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით დადგენილი პრინციპების საფუძველზე, საგამოძიებო მოქმედების დაწყებამდე და უშუალოდ საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობისას, შექმნა არასრულწლოვნისთვის მაქსიმალურად დამთრგუნველი გარემო და მუქარით, ასევე ძმისთვის ეროვნული თავდაცვის აკადემიაში პრობლემების შექმნის შანტაჟით, მოსთხოვა დანაშაულის აღიარება და საკუთარი თავის მამხილებელი ჩვენების მიცემა. აღნიშნულზე უარის მიღების შემდეგ, სასურველი ჩვენების მიღების მიზნით, გამომძიებელმა მ.ჩ.-მ არასრულწლოვნის გამოკითხვა განაგრძო ამავე განყოფილებაში მოწმის სახით დაბარებულ პირებთან (მათ შორის არასრულწლოვნებთან) მისი დაპირისპირების გზით.

მითითებულ სისხლის სამართლის საქმეზე წარმოებული გამოძიების პროცესში გამოვლინდა გარემოებები, რომლებიც მიუთითებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პირველი განყოფილების სხვა თანამშრომლების (მათ შორის, მენეჯერულ პოზიციაზე მყოფი პირის) მხრიდან არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსისა და პოლიციის ეთიკის კოდექსის სავარაუდო დარღვევაზე. კერძოდ, შეკრებილი მტკიცებულებებით იკვეთება, რომ პოლიციის ერთ-ერთმა თანამშრომელმა განყოფილებაში ყოფნის დროს აგრესიულად, ხმამაღალი ტონით უცენზურო სიტყვებით მიმართა არასრულწლოვან ლ.ს-ს, ხოლო აღნიშნული განყოფილების მენეჯერმა არ უზრუნველყო პოლიციის შენობაში არასრულწლოვანთათვის შესაფერისი გარემო და არასრულწლოვანს გაესაუბრა კანონიერი წარმომადგენლის დასწრების გარეშე. შესაბამისად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, საქმის სასამართლოში წარმართვის პარალელურად, მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას, პოლიციის ზემოაღნიშნული მუშაკებისთვის შესაძლო დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის გადაწყვეტის მიზნით”, – ნათქვამია ინსპექტორის აპარატის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი