ახალი ამბები

ინსპექტორმა “მწვანე სკოლის” წინააღმდეგ სამინისტროს მიმართა

7 თებერვალი, 2020 • 2336
ინსპექტორმა “მწვანე სკოლის” წინააღმდეგ სამინისტროს მიმართა

სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის განცხადებით, ლუკა სირაძის საქმის გამო “მწვანე სკოლის” წინააღმდეგ რეაგირებისთვის განათლების სამინისტროს მიმართეს.

როგორც ინსპექტორის აპარატის განცხადებაშია ნათქვამი, ამ საქმეზე გამოძიების მიმდინარეობის პარალელურად, პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის მიზნით, სახელმწიფო ინსპექტორის 2019 წლის 18 დეკემბრის ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „თბილისის მწვანე სკოლის“ შემოწმება. სახელმწიფო ინსპექტორის 2020 წლის 6 იანვრის გადაწყვეტილებით შპს „თბილისის მწვანე სკოლას“ დაეკისრა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა პერსონალური მონაცემების კანონის დარღვევით დამუშავებისთვის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე, 46-ე და 48-ე მუხლების საფუძველზე.

“შემოწმების შედეგად, სხვა დარღვევებთან ერთად, დადგინდა, რომ სკოლაში არ იყო განთავსებული ვიდეოთვალთვალის მიმდინარეობის შესახებ შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშნები; ვიდეოთვალთვალი ხორციელდებოდა ჰიგიენისთვის განკუთვნილ ადგილებში (კერძოდ, საპირფარეშოსთვის გამოყოფილი ოთახის შესასვლელ სივრცეში, სადაც განთავსებულია ე.წ. ,,კაბინები“); ვიდეოთვალთვალის სისტემის მეშვეობით მონაცემთა დამუშავებისას სკოლის მიერ არ იყო მიღებული მონაცემთა უსაფრთხოების დასაცავად სათანადო ზომები; სკოლის მიერ შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მოხდა ვიდეოჩანაწერების გამჟღავნება.

როგორც სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიების, ასევე, შპს „თბილისის მწვანე სკოლის“ შემოწმების ფარგლებში გამოვლინდა გარემოებები, რომლებიც მიუთითებს სკოლის მხრიდან არა მხოლოდ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის, არამედ „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესების შესაძლო დარღვევაზე. კერძოდ, სკოლის ადმინისტრაციამ: სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას, პოლიციის თანამშრომლების მოსწავლეებთან გასაუბრების პროცესში მონაწილეობის მიღების მიზნით, დროულად არ გამოიძახა კანონიერი წარმომადგენლები და არ დაასწრო ფსიქოლოგი; ერთ-ერთ მოსწავლეს წარუდგინა სკოლის ვიდეოსამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები მისი ყოფილი კლასელის ამოცნობის მიზნით და არ უზრუნველყო მოსწავლეთა პირადი მიმოწერის ამსახველი ჩანაწერების დაცვა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა მიმართა საქართველოს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს სკოლაში გამოვლენილ დარღვევებზე რეაგირების საკითხის გადაწყვეტის მიზნით”, – ნათქვამია ისნპექტორის აპარატის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი