„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის „სწორად ჩამოყალიბებას“ თავის დროზე „ქართული ოცნების“ უმრავლესობა ემხრობოდა, თუმცა დღეს არსებული ფორმით სამსახურის შექმნა „ერთ-ერთი ლიდერის პოლიტიკური ინტერესი“ იყო.
კობახიძე არ აკონკრეტებს იყო თუ არა ეს პოლიტიკური ლიდერი გიორგი გახარია.
„ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ლიდერის პოლიტიკური ინტერესი იყო ამაში. მაშინ იყო განსხვავებული მოსაზრებები გუნდის შიგნით. ამას არ გავშლი. მაშინაც გუნდის უმრავლესობა ემხრობოდა რომ სწორად ჩამოყალიბებულიყო ეს სამსახური. არ ვასახელებ არავითარ გვარს. ჩვენ არავითარი პრობლემა ლონდა თოლორაიას მიმართ არ გვაქვს, აქ საუბარია ინსტიტუციურ რეფორმაზე“, – განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, დღეს სახელმწიფო ინსპექტორს „ორი აბსოლუტურად განსხვავებული ფუნქცია ერთმანეთთან ხელოვნურად“ აქვს გაერთიანებული. როგორც კობახიძე ამბობს, ეს „დაახლოებით იგივეა ერთად რომ ჩამოყალიბდეს შსს და განათლების სამინისტრო“.
„თავის დროზე საყოველთაო რეკომენდაცია იყო ის, რომ ეს სამსახური უნდა ყოფილიყო ჩამოყალიბებული ორ ნაწილად და გამიჯნული ყოფილიყო ერთმანეთისგან გამოძიების და პერსონალური მონაცემთა დაცვის ფუნქციები. თავის დროზე კონკრეტული პოლიტიკური მიზეზების გამო, ეს ასე არ გაკეთდა. ახლა არის დრო იმისთვის, რომ ეს ინსტიტუციური რეფორმა გატარდეს.
ერთი სამსახურის ჩანაცვლება ხდება ორი სამსახურით სინამდვილეში, არავითარი ფუნქციები არ აკლდება ამ სამსახურს მთლიანობაში, პირიქით, ემატება კონკრეტული ფუნქციები გამოძიების ნაწილში”, – განაცხადა კობახიძემ.
“ოცნების” თავმჯდომარემ ასევე კომენტარი გააკეთა იმაზე, თუ რატომ მომზადდა კანონპროექტი ისე, რომ ინსპექტორის სამსახური ამის შესახებ საქმის კურსშიც კი არ ყოფილა.
“როცა მოხდა [კანონპროექტის] დაინიცირება, შემდეგ ჩავაყენეთ სამსახურის ხელმძღვანელი საქმის კურსში, ეს გააკეთა იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელმა. ეს იყო ჩვენი გადაწყვეტილება და ჩვენ დავაინიცირეთ“, – განაცხადა კობახიძემ.
„ქართული ოცნების“ წევრმა დეპუტატებმა მოამზადეს კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გაუქმდება, ხოლო მის ნაცვლად ორი უწყება: სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური შეიქმნება. კანონპროექტი პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება.
სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლარაიას თქმით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს დამოუკიდებლობის გამო სჯიან. ამის შესახებ მან დღეს, 27 დეკემბერს, გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ახალი კანონპროექტით არა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის რეორგანიზაცია, არამედ სამსახურის ლიკვიდაცია ხდება.