ახალი ამბები

სახელმწიფო ინსპექტორი მთავრობას სააკაშვილის გადაყვანისკენ მოუწოდებს

19 ნოემბერი, 2021 • 1634
სახელმწიფო ინსპექტორი მთავრობას სააკაშვილის გადაყვანისკენ მოუწოდებს

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა იუსტიციის სამინისტროს წერილობით მიმართა და მოუწოდა, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ისეთ პირობებში მოათავსონ, სადაც უზრუნველყოფილი იქნება მისი ჯანმრთელობის, პატივის, ღირსებისა და უსაფრთხოების დაცვა.

როგორც ინსპექტორის სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი, გამოძიების წარმოების პარალელურად, არსებითად მნიშვნელოვანია დაცული იყოს პროცესის მონაწილის ჯანმრთელობა, სიცოცხლე, მისი პატივი, ღირსება და უსაფრთხოება.

“მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური საქართველოს კანონმდებლობით არ არის აღჭურვილი სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის ბრალდებულის/მსჯავრდებულის ერთი პენიტენციური დაწესებულებიდან სხვა დაწესებულებაში (მათ შორის, სამკურნალო დაწესებულებაში) გადაყვანის იმპერატიული მოთხოვნის უფლებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გამოკითხვის შემდგომ, დაუყოვნებლივ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა (2021 წლის 11 ნოემბერს) წერილობით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიხეილ სააკაშვილის ისეთ პირობებში განთავსების თაობაზე, სადაც უზრუნველყოფილი იქნებოდა მისი ჯანმრთელობის, პატივის, ღირსებისა და უსაფრთხოების დაცვა”, — ნათქვამია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის განცხადებაში.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური აცხადებს, რომ მის ხელთ არ არის პატიმრობაში მყოფი ბრალდებულის/მსჯავრდებულის დაცვის ქმედითი საკანონმდებლო ბერკეტები და ამ კუთხით საკანონმდებლო ცვლილებების საჭიროებაზე საუბარია პარლამენტისთვის წარდგენილ ბოლო ანგარიშში:

“სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში მოცემული პროცესის მონაწილეთა დაცვის არცერთი სპეციალური ღონისძიება არ არის მორგებული პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული პროცესის მონაწილის დაცვაზე. პრაქტიკაში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მიუმართავს პენიტენციური დაწესებულებისთვის პატიმრის/მსჯავრდებულის სხვა დაწესებულებაში გადაყვანის თხოვნით და ეს თხოვნა გაუთვალისწინებიათ, თუმცა ამ თხოვნის გათვალისწინება პენიტენციური დაწესებულების სურვილზეა დამოკიდებული. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საჭიროა მოხელეთა მიერ ჩადენილ შესაძლო დანაშაულებზე მოწმეთა დაცვის ეფექტიანი სისტემის შექმნა და მისი საკანონმდებლო რეგულირება”.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ყველა უფლებამოსილ პირს მოუწოდებს, მიიღონ ყველა საჭირო და აუცილებელი ზომა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის, სიცოცხლის, პატივის, ღირსებისა და უსაფრთხოების დასაცავად. ამასთან, იმედოვნებს, რომ ამ მიმართულებით კანონმდებლობა დაიხვეწება.


17 ნოემბერს სახალხო დამცველმა გამოაქვეყნა მის მიერ შექმნილი მულტიპროფილურ ექსპერტთა ჯგუფის დასკვნა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას და გლდანის მე-18 დაწესებულებაში არსებული პირობების მის საჭიროებებთან თავსებადობას ეხება. დასკვნაში ექიმებმა მიხეილ სააკაშვილის მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანის რეკომენდაცია გასცეს.

ჯანდაცვის სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით ექიმთა ჯგუფი 13 ოქტომბერს შექმნა. 19 ოქტომბერს კი იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე აცხადებდა, რომ თუ მიხეილ სააკაშვილი თანახმა იქნებოდა, ექიმთა კონსილიუმის ყველა რეკომენდაცია შესრულდება. იმავე დღეს, კონსილიუმის ერთ-ერთმა წევრმა განაცხადა, რომ გასცეს მიხეილ სააკაშილის ჰოსპიტალიზების რეკომენდაცია.

14 ნოემბერს კი სააკაშვილის ადვოკატის, შოთა თუთბერიძის განცხადებით, სამინისტროს მიერ შექმნილი კონსილიუმის წევრები მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად გლდანის მე-18 დაწესებულებასი არ შეუშვეს. აღნიშნულს ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან მოჰყვა განცხადებები, რომ კოსილიუმის საჭიროება აღარ დგას. 16 ნოემბერს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე არ არსებობდა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით კონსილიუმის მუშაობის საჭიროება. მანამდე, მსგავსი შინაარსის განცხადება იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემაც გააკეთა. მან თქვა, რომ კონსილიუმი შეიქმნა მაშინ, როდესაც სააკაშვილი რუსთავის მე-12 დაწესებულებაში იმყოფებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი