ახალი ამბები

“ოპერაში არ შეუშვებენ, არათუ ციხეში” – წულუკიანი ომბუდსმენის წარმომადგენელს აკრიტიკებს

21 იანვარი, 2020 • 2077
“ოპერაში არ შეუშვებენ, არათუ ციხეში” – წულუკიანი ომბუდსმენის წარმომადგენელს აკრიტიკებს

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი სახალხო დამცველის აპარატის ერთ-ერთ წარმომადგენელს, რომელიც ციხეში იმყოფებოდა პატიმართან შესახვედრად, აკრიტიკებს ჩაცმულობისა და ქმედებების გამო.

პარლამენტში, ადამინის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე, სადაც ომბუდსმენის კრიტიკულ ანგარიშს განიხილავენ ციხეებთან დაკავშირებით, წულუკიანმა მიიტანა ვიდეო, სადაც მისი თქმით, ომბუდსმენის წარმომადგენლის პატიმართან შეხვედრაა ასახული.

“ეს არის სახალხო დამცველის წარმომადგენელი, რომელიც ორჯერ ადუღებინებს ყავას პატიმარს, მიირთმევს მის შოკოლადს, ეწევა მის სიგარეტს და შემდეგ სააკანში პატიმრისთვის განთავსებულ სველ წერტილს მოიხმარს და 4 საათი რჩება ე.წ. მონიტორინგის რეჟიმში.

მე არ ვამბობ, რომ ეს არის მასიური შემთხვევა, მაგრამ რასაც ჩემს თანამშრომლებს თქვენ საყვედურობთ, არც ის არის მასიური შემთხვევა. მე მაქვს პრეტენზია ვიყო ობიექტური და განვაცხადო, რომ ეს არის სავალალო მაგალითი, თუ როგორ ხორციელდება ვითომ მონიტორინგი, მასიური არ არის, მაგრამ არის პრობლემა. ასეთ თანამშრომლებს ნუღარ გამოგვიგზავნით, რომელსაც, სხვათა შორის, დახეული ჯინსი აცვია და როცა თქვენ მსაყვედურობთ, შენ თანამშრომელს ფორმა არ ეცვა გეგუთშიო და ვერ განასხვავებ პატიმრისგანო, ამ ვიდეოში მიჭირს გარჩევა, ვინ არის პატიმარი და ვინ სახელმწფო ინსტიტუტის წარმომადგენელი. ერთადერთი იმით შეიძლება მიხვდე, რომ ჩვენ პატიმრებს ქუდის ტარების უფლებას არ ვაძლევთ და ბასკური ბერეტით შეიძლება მიხვდე, მაგრამ ბასკური ბერეტი რატომ უნდა ეხუროს სახალხო დამცველის წარმომადგენელს?! ამ ადამიანს ოპერაში არ შეუშვებენ, არათუ ციხეში”, – განაცხადა წულუკიანმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი