სამართალი

“არ ვთვლი, რომ შეცდომა დავუშვი” – მოსამართლე, რომელმაც გვიჩიანს და ჩემიას უვადო პატიმრობა მიუსაჯა

26 ნოემბერი, 2021 • 2340
“არ ვთვლი, რომ შეცდომა დავუშვი” – მოსამართლე, რომელმაც გვიჩიანს და ჩემიას უვადო პატიმრობა მიუსაჯა

ნინო სანდოძე, რომელიც უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატია, მიიჩნევს, რომ გვიჩიანის და ჩემიას გახმაურებულ საქმეზე თავის დროზე სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

საუბარია გია გვიჩიანზე და ნიკა ჩემიაზე, რომლებსაც 2006 წელს ნინო სანდოძემ, რომელიც მაშინ საქალაქო სასამართლოს მოსამართლე იყო, უვადო პატიმრობა მიუსაჯა. მათ ბრალად თელასის დირექტორის, ნიკა ლომინაძის მკვლელობა ედებოდათ.

მაშინაც და შემდგომაც გვიჩიანი დანაშაულს არ აღიარებდა და ამბობდა, რომ გირგვლიანის საქმის გადასაფარად დააკავეს. მან არ დაასახელა კონკრეტული გვარები, თუმცა განაცხადა, რომ მისი დაკავება წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნების ინტერესებში შედიოდა.

წლებისა და არაერთი პროცესის შემდეგ, 2017 წელს სააპელაციო სასამართლომ გვიჩიანი და ჩემია სრულად გაამართლა და დარბაზიდან გაათავისუფლა.

დეპუტატების კითხვები და სანდოძის განმარტება

დღეს, 26 ნოემბერს სანდოძეს, როგორც უზენაეს სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი უსმენს. კომიტეტის მიმდინარეობისას გვიჩიანისა და ჩემიას საქმეზე მას თავდაპირველად დეპუტატმა ლევან იოსელიანმა მიანიშნა. შემდეგ კი ჰკითხა, მიაჩნია თუ არა სწორად, მიღებული გადაწყვეტილების გათვალისწინებით, მისი კანდიდატურის არჩევა უზენაეს სასამართლოში.

სანდოძემ ამაზე განმარტა, რომ „არცერთი პროცენტით“ არ მიაჩნია, რომ შეცდომა დაუშვა და არასწორი გადაწყვეტილება მიიღო, ვინაიდან ეს გადაწყვეტილება ეფუძნებოდა 2006 წელს გამოძიების მიერ მოპოვებულ მტკიცებულებებს. სანდოძე აღნიშნავს, რომ იმავე წლებში მისი გადაწყვეტილება გადასინჯა სააპელაციოს სამმა და უზენაესი სასამართლოს სამმა მოსამართლემ.

მისივე თქმით, განაჩენი ასევე გადასინჯეს 2012 და 2014 წლებში. 2014 წელს თბილისის სააპელაციო სასამართლომ გვიჩიანსა და ჩემიას უვადო პატიმრობა 15-15 წლით პატიმრობამდე შეუმცირა.

იოსელიანის კითხვის შემდეგ, მოსამართლეს იგივე კითხვა გაუმეორა დეპუტატმა ფრიდონ ინჯიამ, რომელმაც თქვა, რომ თუ ამის შემდეგ სანდოძე უზენაესის მოსამართლის უვადო პოზიციაზე დაინიშნება, ეს მმართველი გუნდისთვისაც იქნება სირცხვილი.

კითხვის შემდეგ ნინო სანდოძეს ვრცელი განმარტების საშუალება მისცა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა. მოსამართლემ თქვა:

„ჩემს ყველა გადაწყვეტილებაზე ვაგებ პასუხს და ვთვლი, რომ არცერთი მათგანის გამოტანის დროს არ დამირღვევია კანონმდებლობა. რაც შეეხება ამ კონკრეტულ საქმეს, რომელმაც გაიჟღერა… თუ მოსამართლე იმის შიშით იქნება, რომ მომავალში, 5-10 წლის შემდგომ გამოვლინდება ახალი მტკიცებულება და ამის შიშით ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას, სახელმწიფო მიიღებს შეშინებულ მოსამართლეს, რომელიც გადაწყვეტილებას კონკრეტულ მტკიცებულებებზე [დაყრდნობით] არ გამოიტანს, ცალსახად ვაფიქსირებ: მტკიცებულებები, რომლებიც არსებობდა 2006 წელს, დღევანდელი სტანდარტითაც კი იძლევა საფუძველს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი იქნას გამოტანილი ამ საქმეზე.

რა მოხდა 2006 წლის შემდგომ – ჩატარდა ახალი გამოძიება, რომელმაც მოიპოვა ახალი მტკიცებულებები, მოწმეთა ჩვენებები და საექსპერტო დასკვნები, რომლებმაც ერთობლიობაში საფუძველი შეურყია 2006 წელს არსებულ მტკიცებულებებს. ასე რომ, მოსამართლე ვერ გათვლიდა 2006 წელს, რომ შემდგომში ახალი მტკიცებულებები აღმოჩნდებოდა ამ საქმეზე…  მორალურად არცერთ მოსამართლეს შეიძლება არ მოეწონოს, რომ შემდგომში მის მიერ განხილულ საქმეზე აღმოჩნდება გარემოებები, რომელიც შეცვლიდა გადაწყვეტილებას. მე ავიღებდი პასუხისმგებლობას და შენიშვნასაც მივიღებდი, მე რომ მორალური უფლება არ მქონოდა, წარვმდგარიყავი თქვენ წინაშე, იმ შემთხვევაში, თუ მე ჩავთვლიდი, რომ არასწორი გადაწყვეტილება მივიღე წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე”.

სანდოძემ კიდევ ერთხელ დასძინა, რომ 2017 წელს გამოძიებამ ახლად მოპოვებული მტკიცებულებები წარადგინა – „მოგეხსენებათ, ახლად გამოვლენილი მტკიცებულებების გამო განაჩენის გადახედვის ვადა შეუზღუდავია. შეიძლება 50 წლის მერე აღმოჩნდეს ახალი მტკიცებულება“.

„მე ვთვლი, რომ ის მტკიცებულებები, რომელიც ახალი გამოძიების ფარგლებში იქნა მოპოვებული, არამც და არამც მოსამართლის რეპუტაციას და ობიექტურობას არ უქმნის საფრთხეს, რომელმაც აბსოლუტურად კანონიერი გადაწყვეტილება მიიღო 2006 წელს“, – ამატებს სანდოძე.

ეი-ეს „თელასის“ მენეჯერი, ნიკა ლომინაძე 2002 წელს მოკლეს. საქმეზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ ეი-ეს თელასის ფინანსური მენეჯერი გიორგი გვიჩიანი, როგორც მკვლელობის შემკვეთი, ნოდარ გვიჩიანი, როგორც შუამავალი შემკვეთსა და შემსრულებლებს შორის, და ნიკა ჩემია, ავთანდილ ხერკელაძე და გიორგი პაპაჩაშვილი, როგორც მკვლელობის უშუალო ჩამდენები გამოძიების ვერსიით. ნოდარ გვიჩიანს ამ საქმეზე საპროცესო შეთანხმების საფუძველზე მოეხსნა პასუხისმგებლობა. სასამართლომ ხერკელაძეს მიუსაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, პაპაჩაშვილს- 5 წელი პირობითი მსჯავრი. ნიკა ჩემიას და გიორგი გვიჩიანს – უვადო თავისუფლების აღკვეთა. 2017 წელს სასამაართლომ ყველა მათგანი უდანაშაულოდ ცნო. ლომინაძის ოჯახი სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას არ ენდობა. ამ დროისთვის ლომინაძის მკვლელობაში ბრალდებული არ არსებობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი