ახალი ამბები

11-წლიანი პატიმრობის შემდეგ გვიჩიანი და ჩემია სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

20 თებერვალი, 2017 • 6383
11-წლიანი პატიმრობის შემდეგ გვიჩიანი და ჩემია სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

გია გვიჩიანი და ნიკა ჩემია სააპელაციო სასამართლოში დარბაზიდან გაათავისუფლეს. ისინი ეი ეს თელასის დირექტორის, ნიკა ლომინაძის მკვლელობაში იყვნენ მსჯავრდებულები.

გათავისუფლების შემდეგ გვიჩიანმა განაცხადა, რომ გირგვლიანის საქმის გადასაფარად დააკავეს. მან არ დაასახელა კონკრეტული გვარები, თუმცა განაცხადა, რომ მისი დაკავება წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნების ინტერესებში შედიოდა. მან ასევე განაცხადა, რომ ამ საკითხებზე მალე ისაუბრებს.

პროკურატურამ სააპელაციო სასამართლოს გვიჩიანის და ჩემიას საქმის გადასინჯვის მოთხოვნით 2016 წელს მიმართა.

ეი-ეს თელასის მენეჯერი, ნიკა ლომინაძე  2002 წელს მოკლეს. საქმეზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ ეი-ეს თელასის ფინანსური მენეჯერი გიორგი გვიჩიანი, როგორც მკვლელობის შემკვეთი, ნოდარ გვიჩიანი, როგორც შუამავალი შემკვეთს და შემსრულებლებს შორის, და ნიკა ჩემია, ავთანდილ ხერკელაძე და გიორგი პაპაჩაშვილი, როგორც მკვლელობის უშუალო ჩამდენი. ნოდარ გვიჩიანს ამ საქმეზე საპროცესო შეთანხმების საფუძველზე მოეხსნა პასუხისმგებლობა. სასამართლომ ხერკელაძეს მიუსაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, პაპაჩაშვილს- 5 წელი პირობითი მსჯავრი. ნიკა ჩემიას და გიორგი გვიჩიანს – უვადო თავისუფლების აღკვეთა.

2014 წელს თბილისის სააპელაციო სასამართლომ გვიჩიანსა და ჩემიას უვადო პატიმრობა 15-15 წლით თავისუფლების აღკვეთამდე შეუმცირა.

მასალების გადაბეჭდვის წესი