ახალი ამბებისამართალი

ელჩების კრიტიკის პასუხად მოსამართლეების განცხადებას მოსამართლე გეწაძეც ემიჯნება

4 ნოემბერი, 2021 • 3630
ელჩების კრიტიკის პასუხად მოსამართლეების განცხადებას მოსამართლე გეწაძეც ემიჯნება

მოსამართლეების გავრცელებულ განცხადებას აშშ-სა და ევროკავშირის ელჩების კრიტიკის პასუხად თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე, შოთა გეწაძეც ემიჯნება.

„მე არ ვეთანხმები მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის ამ განცხადების პათოსს. ყველა მოსამართლე ასე არ ფიქრობს“, – წერს გეწაძე ფეისბუკზე.

მანამდე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან მესხიშვილმა დაწერა: „ვემიჯნები ადმინისტრაციული კომიტეტის მიერ გაკეთებულ განცხადებას და ვისურვებ, რომ საერთაშორისო პარტნიორებმა დაუღალავად განაგრძონ ჩვენი განვითარებისა და გაძლიერების ხელშეწყობა“.

4 ნოემბერს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციულმა კომიტეტმა გაავრცელა განცხადება, სადაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი ახალი წევრის არჩევის გამო ევროკავშირისა და აშშ-ის საელჩოების კრიტიკას „გადაჭარბებულს“ უწოდებს და საელჩოებს „ვენის კონვენციის პატივისცემისკენ“ მიუთითებენ.

შოთა გეწაძემ 2011 წელს ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევის საქმე განიხილა და კანონიერად ცნო მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა. 2019 წელს გეწაძემ თქვა, რომ მისი გადაწყვეტილება მაშინდელი კანონმდებლობით კანონიერი იყო.

2019 წელს პარლამენტში მოსმენებზე გეწაძემ, – რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი იყო, თქვა, რომ ემხრება, გამონაკლისი შემთხვევების გარდა, აბორტი აიკრძალოს; მან მაშინ ასევე განაცხადა, რომ „სასამართლო სისტემაში პროგრესული განვითარება სახეზეა, თუმცა მოსახლეობას ამაზე მწირი ინფორმაცია აქვს“.

მასალების გადაბეჭდვის წესი