ახალი ამბები

სააპელაციოდან შვეიცარიაში — მოსამართლე შოთა გეწაძემ თანამდებობა დატოვა

9 ივნისი, 2023 •
სააპელაციოდან შვეიცარიაში — მოსამართლე შოთა გეწაძემ თანამდებობა დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ შოთა გეწაძემ თანამდებობა დატოვა. ინფორმაცია ამის შესახებ „ნეტგაზეთს“ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დაუდასტურეს.

საბჭოში აცხადებენ, რომ გეწაძე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაინიშნა სხვა თანამდებობაზე, რის გამოც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მისთვის მოსამართლის უფლებამოსილების შეწყვეტაზე იმსჯელა და ერთხმად დააკმაყოფილა.

არასამთავრობო ორგანიზაცია „სასამართლოს გუშაგის“ ინფორმაციით, ყოფილი მოსამართლე საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის პოზიციაზე დანიშნეს შვეიცარიის კონფედერაციაში, სადაც საქმიანობას მიმდინარე წლის ივნისის ბოლოდან შეუდგება.

შოთა გეწაძემ 2011 წელს ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევის საქმე განიხილა და კანონიერად ცნო მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა. 2019 წელს გეწაძემ თქვა, რომ მისი გადაწყვეტილება მაშინდელი კანონმდებლობით კანონიერი იყო.

2019 წელს პარლამენტში მოსმენებზე გეწაძემ, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი იყო, თქვა, რომ ემხრობა, გამონაკლისი შემთხვევების გარდა, აბორტი აიკრძალოს; მაშინ ასევე განაცხადა, რომ „სასამართლო სისტემაში პროგრესული განვითარება სახეზეა, თუმცა მოსახლეობას ამაზე მწირი ინფორმაცია აქვს“.

მასალების გადაბეჭდვის წესი