სამართალი

16 მოსამართლე ემიჯნება მოსამართლეების მიერ საელჩოების კრიტიკას

5 ნოემბერი, 2021 • 3245
16 მოსამართლე ემიჯნება მოსამართლეების მიერ საელჩოების კრიტიკას

აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩების კრიტიკის პასუხად მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებას რიგი მოსამართლეები ემიჯნებიან. ისინი პოზიციას ძირითადად ფეისბუკზე, პოსტებისა და კომენტარების სახით აფიქსირებენ.

საუბარია 4 ნოემბრის განცხადებაზე, რომელშიც “გადაჭარბებულად” არის შეფასებული ევროკავშირისა და აშშ-ის საელჩოების კრიტიკა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი ახალი წევრის არჩევის გამო. კონფერენციის ადმინისტრაციულმა კომიტეტმა საელჩოებს „ვენის კონვენციის პატივისცემისკენ“ მიუთითა.

ხსენებული განცხადებისადმი პირველი კრიტიკული შეფასებები სოციალურ ქსელში 4 ნოემბრის საღამოს გაჩნდა. მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის გზავნილებს გაემიჯნნენ მოსამართლეები — ქეთი მესხიშვილი და შოთა გეწაძე.

„ვემიჯნები ადმინისტრაციული კომიტეტის მიერ გაკეთებულ განცხადებას და ვისურვებ, რომ საერთაშორისო პარტნიორებმა დაუღალავად განაგრძონ ჩვენი განვითარებისა და გაძლიერების ხელშეწყობა“, – დაწერა მესხიშვილმა ფეისბუკზე.

მსგავსი შინაარსის იყო შოთა გეწაძის გამოხმაურებაც, თუმცა შესაბამისი პოსტი მის პირად პროფილზე, ამჟამად, აღარ იძებნება.

„მე არ ვეთანხმები მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის ამ განცხადების პათოსს. ყველა მოსამართლე ასე არ ფიქრობს“, – წერდა ის.

ამავე პერიოდში, ადმინისტრაციული კომიტეტის განცხადებას შეეწინააღმდეგნენ სხვა მოსამართლეებიც.

ქეთევან მესხიშვილის კრიტიკა გაიზიარეს  თბილისისა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებმა — ეკა არეშიძემ და მადონა მაისურაძემ, ასევე, გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, ლევან დარბაიძემ.

“უკვე ათეულობით წლებია, საქართველოს ნამდვილი მეგობრები – ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები უანგაროდ გვეხმარებიან საზოგადოების მაღალი ნდობით აღჭურვილი, ყოველგვარი შიდა და გარე ზეგავლენისგან თავისუფალი, ანგარიშვალდებული სასამართლო სისტემის შენებაში, რაც ასე აუცილებელია ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისათვის!

ამიტომ მე, როგორც ერთი რიგითი მოსამართლე, მადლიერი ვარ მათი ასეთი თანადგომის და მხარდაჭერის.

რა თქმა უნდა, ვემიჯნები ადმინისტრაციული კომიტეტის ამგვარი შინაარსის წერილს და ძალიან ვწუხვარ ამის გამო, რადგან ნათელია, რომ ასეთი დამოკიდებულება საერთაშორისო პარტნიორების მიმართ ნამდვილად ვერ შეუწყობს ხელს პროგრესს სასამართლო სისტემაში”, — დაწერა დარბაიძემ მესხიშვილის პოსტის კომენტარების ველში.

კომიტეტის განცხადებისადმი კრიტიკული პოზიცია დააფიქსირეს მოსამართლეებმა — ციცინო კიკვაძემ, ბადრი ნიპარიშვილმა, თამარ ხაჟომიამ, გელა ბადრიაშვილმა და ხათუნა ჯინორიამაც.

“განვითარებას არ აქვს ალტერნატივა! ჩვენი შვილები უკუსვლას არ გვაპატიებენ”, — წერს თამარ ხაჟომია.

ამავე პოზიციაზეა ზაზა მარტიაშვილიც, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიაში საქმიანობს. მისი თქმით, საქართველოს დასავლელი პარტნიორები “მხოლოდ მადლიერებას იმსახურებენ სასამართლოს განვითარებისთვის გაწეული უდიდესი წვლილისთვის”.

“სწორედ ქვეყნის “საშინაო საქმეებში” გვიწევენ ისინი ათეული წლების მანძილზე დახმარებას, რაც ჩარევად არასდროს ყოფილა აღქმული და უპრობლემოდ ვიღებდით მხარდაჭერას. როცა რეგიონებში მნიშვნელოვანი რესურსია ჩადებული, შედეგების მიმართ ინტერესი სრულიად ბუნებრივია და ვფიქრობ — ანგარიშგასაწევი და საყურადღებო”, — დაამატა მან.

კოლეგებს ფეისბუკ პოსტით დაეთანხმა თბილისის საქალაქო სასამართლოს კიდევ ერთი მოსამართლე — გიორგი ებანოიძეც.

“…ვერ გავიზიარებ მსგავს პათოსს საერთაშორისო პარტნიორებთან მიმართებით, რომლებსაც წლების მანძილზე მნიშვნელოვანი მონაწილეობა აქვთ მიღებული სასამართლოს რეფორმაში”, — აღნიშნავს ის.

5 ნოემბერს ადმინისტრაციული კომიტეტის განცხადების კრიტიკოსებს შეუერთდა მოსამართლე მამუკა წიკლაურიც. ის ფეისბუკზე წერს:

“ვემიჯნები ჩემი კოლეგების წერილს, რაც აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩების კრიტიკის საპასუხოდ გავრცელდა.

მიმაჩნია, რომ ასევე შეცდომა იყო შარლ მიშელის დოკუმენტის დაგმობა.

ბოლო ოთხი წლის განმავლობაში არ მიმიღია მონაწილეობა არც საბჭოს არჩევნებში და არც შარლ მიშელის დოკუმენტის “შეფასებაში”.

საერთაშორისო პარტნიორების მიმართ მხარდაჭერა დააფიქსირა გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ნინო გერგაულმა:

“შეუფასებელია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების წვლილი და მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. ასეთია ჩემი, როგორც ერთ-ერთი მოსამართლის აზრი”.

კოლეგა მოსამართლეებს, რომლებმაც მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის მიერ ელჩების კრიტიკას გაემიჯნენ, სოლიდარობა გამოუცხადა უზენაესი სასამართლოს ორმა მოსამართლემ: ნინო ბაქაქურმა და ეკატერინე გასიტაშვილმა.

“ასეთი შეფასებები შეურაცხმყოფელია” – მოსამართლეები EU-ს და აშშ-ის საელჩოებს პასუხობენ

მასალების გადაბეჭდვის წესი