ახალი ამბები

უზენაესი მოსამართლეობის კანდიდატი ამბობს, რომ ივანიშვილს მოქალაქეობა სამართლიანად ჩამოართვა

25 სექტემბერი, 2019 • 1678
უზენაესი მოსამართლეობის კანდიდატი ამბობს, რომ ივანიშვილს მოქალაქეობა სამართლიანად ჩამოართვა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა მიმდინარეობს, დღეს შოთა გეწაძეს უსმენენ.

გეწაძემ 2011 წელს ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევის საქმე განიხილა და კანონიერად ცნო მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა გეწაძეს სწორედ ამ საქმის ირგვლივ დაუსვეს კითხვები და დაინტერესდნენ, დღევანდელი გადმოსახედიდან მიიჩნევს თუ არა, რომ მისი გადაწყვეტილება იყო სამართლიანი და კანონიერი.

“ეს იყო მაშინდელი კანონმდებლობით კანონიერი გადაწყვეტილება. მოქალაქეობა არ არის ის უფლება, ჩვენ რომ სამართლიანობაზე ვისაუბროთ. ამიტომ, სამართლიანი და კანონიერი ამ შემთხვევაში ერთმანეთს ემთხვეოდა”, – განაცხადა გეწაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ირაკლი (დაჩი) ბერაიას თქმით, საზოგადოების ნახევარზე მეტის განწყობა მაშინ იყო, რომ ეს იყო უსამართლო გადაწყვეტილება და ინსტრუმენტი, რათა “ქართულ ოცნებას” რაც შეიძლება ნაკლები ხმა მიეღო.

“ხომ არ ფიქრობთ, რომ თქვენი გადასვლა რეპუტაციას შეულახავს უზენაეს სასამართლოს?” – ჰკითხა ბერაიამ გეწაძემ, რაზეც მოსამართლემ უპასუხა, რომ ეს არ იმოქმედებს რეპუტაციაზე.

გეწაძის თქმით, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით მასზე ზეწოლა არ ყოფილა და ამის დასტურია, რომ ეკატერინე ხვედელიძეს დაუკმაყოფილა სარჩელი.

“დღეს რომ მოქმედებდეს ის კანონმდებლობა, დღესაც იგივე გადაწყვეტილებას მივიღებდი. ეს გადაწყვეტილება მაშინდელ  კონსტიტუციასთან შესაბამისობაში იყო”, – განაცხადა გეწაძემ.

საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 11 ოქტომბრის ბრძანებულებით, ბიძინა ივანიშვილსა და მის მეუღლეს, ეკატერინა ხვედელიძეს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდათ. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში 2011 წლის დეკემბერში გასაჩივრდა. ბიძინა ივანიშვილისა და ეკატერინა ხვედელიძის ადვოკატები საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 11 ოქტომბრის ბრძანებულების გაუქმებასა და მოსარჩელეთათვის მოქალაქეობის აღდგენას ითხოვდნენ. მოსამართლე შოთა გეწაძემ სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა. მან დაადგინა, რომ უკანონოა ბრძანებულების ის ნაწილი, რომლითაც ეკატერინა ხვედელიძეს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა და მას მოქალაქეობა უნდა აღუდგეს. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას, სასამართლომ ამ ნაწილში პრეზიდენტის ბრძანებულება ძალაში დატოვა.

საქმის მიმდინარეობისას ბიძინა ივანიშვილისა და ეკატერინა ხვედელიძის ადვოკატები იყვნენ შალვა თადუმაძე, რომელიც გეწასთან ერთად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატია, აგრეთვე -ეკა ბესელია, ალექსანდრე ბარამიძე, ზაქარია ქუცნაშვილი, არჩილ კბილაშვილი.

შოთა გეწაძის პორტფოლიო შეგიძლიათ იხილოთ აქ:

მასალების გადაბეჭდვის წესი