სამართალი

მოსამართლე მესხიშვილი ემიჯნება ელჩების კრიტიკის პასუხად მოსამართლეების განცხადებას

4 ნოემბერი, 2021 • 6590
მოსამართლე მესხიშვილი ემიჯნება ელჩების კრიტიკის პასუხად მოსამართლეების განცხადებას

თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან მესხიშვილი აცხადებს, რომ ემიჯნება მოსამართლეების გავრცელებულ განცხადებას აშშ-სა და ევროკავშირის ელჩების კრიტიკის პასუხად.

„ვემიჯნები ადმინისტრაციული კომიტეტის მიერ გაკეთებულ განცხადებას და ვისურვებ, რომ საერთაშორისო პარტნიორებმა დაუღალავად განაგრძონ ჩვენი განვითარებისა და გაძლიერების ხელშეწყობა“, – წერს მესხიშვილი ფეისბუკზე.

„ყველაზე მეტად ვინც ამ საქმეში, ჩვენს გაძლიერებაში შეიძლება წვლილი შეიტანოს, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები არიან. მათი ძალისხმევით, წლებია ვცდილობთ ისეთი სასამართლო შევქმნათ, რომელსაც კიდევ უფრო მეტი ნდობა და პატივისცემა ექნება. ნდობისა და პატივისცემის გარეშე კი კანონის დაცვაც ფიქცია ხდება. ამიტომ, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს მოსამართლეებმა ვესაუბროთ ამ პათოსით, ნიშნავს დაკარგულ შანსს ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი შვილების მომავლისთვის“, – წერს მოსამართლე ფეისბუკზე.

4 ნოემბერს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციულმა კომიტეტმა გაავრცელა განცხადება, სადაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი ახალი წევრის არჩევის გამო ევროკავშირისა და აშშ-ის საელჩოების კრიტიკას „გადაჭარბებულს“ უწოდებს და საელჩოებს „ვენის კონვენციის პატივისცემისკენ“ მიუთითებენ.

ელჩების შეფასება

2 ნოემბერს ევროკავშირის და აშშ-ის ელჩებმა გააკრიტიკეს 31 ოქტომბერს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში  მოსამართლეთა კონფერენციის მიერ  ორი ახალი მოსამართლე წევრის დანიშვნა.

ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის შეფასებით, ეს დანიშვნები მოხდა ადგილობრივი არჩევნების მეორე დღეს; როდესაც მხოლოდ ოთხი დღე იყო გასული მას შემდეგ, რაც კონფერენციის დღის წესრიგი გამოქვეყნდა. ამ თანამდებობებზე აქამდე მომუშავე ორმა ქალმა თავიანთი თანამდებობები მოულოდნელად, უფლებამოსილების ვადის გასვლამდე დატოვა. დანიშვნებამდე კანდიდატების გამოცხადება არ მომხდარა.

მისი თქმით, „დანიშვნები იყო ნაჩქარევი, გაუმჭვირვალე და არაკონკურენტული. შესაბამისად, ისინი ეწინააღმდეგება საქართველოს ვალდებულებებს, რომლებიც მიზნად ისახავს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის, ანგარიშვალდებულების, ხარისხისა და ამ სისტემისადმი ნდობის გაზრდას, ევროკავშირისა და საქართველოს ასოცირების შეთანხმების შესაბამისად“.

აშშ-ის საელჩოს შეფასებითაც,  31 ოქტომბერს, როდესაც ქვეყნის ყურადღება გადატანილი იყო მუნიციპალურ არჩევნებზე, სასამართლომ აირჩია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი ახალი წევრი, მოქმედი ორი წევრის სანაცვლოდ, რომელთა ვადამდელი გადადგომის შესახებ ინფორმაცია წინასწარ არ იყო ცნობილი.

საელჩოს შეფასებით, პროცესი არ ყოფილა არც კონკურენტული და არც გამჭვირვალე. თითოეულ ვაკანტურ ადგილზე წარდგენილი იყო მხოლოდ ერთი კანდიდატი. ვადამდელი გადადგომის შედეგად წარმოშობილი ვაკანტური პოზიციების შევსების თაობაზე განცხადება გაკეთდა მცირე ხნით ადრე. არ ყოფილა კონსულტაციების ან მონაწილეობის შესაძლებლობა ფართო სპექტრის კვალიფიციური კანდიდატებისთვის და არც სამოქალაქო საზოგადოებისა და შესაბამისი დაინტერესებული მხარეების მნიშვნელოვანი ჩართულობის შესაძლებლობა

ვრცლად:

მასალების გადაბეჭდვის წესი