სამართალი

სერგო თეთრაძის წამების ეპიზოდში სასამართლომ მეგის ქარდავა გაამართლა

27 იანვარი, 2014 • • 6160
სერგო თეთრაძის წამების ეპიზოდში სასამართლომ მეგის ქარდავა გაამართლა

თუმცა ამავე მოსამართლის განაჩენით, მეგის ქარდავას დაუსწრებლად მიესაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, ასევე, 3 წლის ვადით აეკრძალა საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავება დავით ლონდარიძის წამებისა და გიორგი ჩიკვატიასთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის საქმეზე.


პროკურატურის ცნობით, სწორედ ლონდარიძის მიერ წამების შედეგად მიცემული ჩვენება გახდა საფუძველი, რომ ჯაშუშობის ბრალდებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცათ პოლკოვნიკი სერგო თეთრაძე და მასთან ერთად კიდევ სამი პირი (თავად დავით ლონდარიძე, გია გორელიშვილი და სერგო ჩაპალკინი).

 

ბრალდების ცნობით, მეგის ქარდავამ 2011 წლის 16 ივნისს, ღამის საათებში თავდაცვის სამინისტროს მოქმედი სამხედრო ოფიცერი, შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების შტაბის დაზვერვის სამმართველოს ოფიცერი, ვიცე-პოლკოვნიკი დავით ლონდარიძე  მოაყვანინა ერთ-ერთ სამხედრო მოხელეს სამხედრო პოლიციის შენობაში, სადაც ალექსანდრე მუხაძესთან, მეტსახელად „ქილერასთან” (სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულების ყოფილი დირექტორი) და ამავე დეპარტამენტის სხვა ოპერატიულ თანამშრომლებთან ერთად  4-5 საათის განმავლობაში  საშინლად სცემა და აწამა.

 

პროკურატურის ვერსიით, აღნიშნულ ძალადობებში ასევე აქტიურად მონაწილეობდა მაშინდელი საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბაჩანა ახალაია, თუმცა ამ საქმეზე მისთვის საბოლოოდ ბრალი არ წარუდგენიათ.

 

პროკურატურის ცნობით, სქესობრივი ძალადობის განხორციელების მუქარით მათ მიიღეს ლონდარიძის  ე.წ. აღიარებითი ჩვენება, თითქოსდა ის ჯაშუშობდა რუსეთის სასარგებლოდ, ვინაიდან ვერ ეგუებოდა საბჭოთა კავშირის დაშლას და სურდა მისი აღდგენა. პროკურატურის ცნობით, ლონდარიძის ამგვარი ჩვენების საფუძველზე თეთრაძე და კიდევ სამი პირი მიეცნენ სისხლის სამართლის პასუხისგებაში ჯაშუშობის ბრალდებით.

 

პოლკოვნიკი სერგო თეთრაძე და კიდევ ზემოთ აღნიშნული სამი პირი 2011 წლის 18 სექტემბერს მისცეს პასუხისგებაში ჯაშუშობის ბრალდებით, რის საფუძველზეც ისინი მოათავსეს სასჯელაღსრულების  მე-8 დაწესებულებაში. სერგო თეთრაძე აღნიშნულ დაწესებულებაში მოთავსებიდან მე-4 დღეს გარდაიცვალა.

 

სერგო თეთრაძის გარდაცვალების ფაქტზე 2011 წლის სექტემბერში დაიწყო გამოძიება, რომელიც შეწყდა 2011 წლის 31 დეკემბერს მისი გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებით დანაშაულის არარსებობის მოტივით.

 

2012 წლის 14 ნოემბერს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გააუქმა  თეთრაძის გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების შეწყვეტის დადგენილება და მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის მიერ განახლდა გამოძიება.

 

პროკურატურის ინფორმაციით, პატიმრობაში ყოფნის 4 დღის განმავლობაში სამხედრო პოლიციისა და სასჯელაღსრულების დაწესებულების სხვადასხვა თანამდებობის პირებისა და მოხელეების, ასევე მათი დავალებით სხვა პატიმრების  მონაწილეობით,  სერგო თეთრაძე აღიარებითი ჩვენების მიღების მიზნით არაერთხელ ცემეს სასტიკად, აწამეს, შეულახეს ღირსება, რის შედეგადაც სერგო თეთრაძე ძალადობის განხორციელების პროცესში გარდაიცვალა გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკამრისობით.

 

პროკურატურის ცნობით, გამოძიებით, ასევე, დადგინდა მე-8 დაწესებულებაში სერგო თეთრაძის  ცემა-წამების, ძალადობის უშუალო აღმსრულებლები. მათ შორის სხვა დანაშაულებებისთვის მრავალჯერ ნასამართლვი მსჯავრდებული პატიმრები. ბრალდებით ინფორმაციით, ამ პირებმა აღიარეს ს. თეთრაძის მიმართ ჩადენილი წამებისა და ძალადობის გარემოებები და აღნიშნეს, რომ ს. თეთრაძის ე.წ. „დამუშავება” მათ დაავალა ვიქტორ ყაჭეიშვილმა (მე-8 დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების უფროსი)  და ოლეგ ფაცაციამ (ამავე დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფროსი), რათა მიეღოთ სერგო თეთრაძის აღიარება. ისინი სცემდნენ და აწამებდნენ მას გარკვეული დროის განმავლობაში, შემდეგ  განსაკუთრებული სისასტიკით ჯგუფურად იძალადეს მასზე, რის შემდეგაც პატიმარმა დაკარგა გონება  და დაახლოებით ნახევარ საათში გონსმოუსვლელად გარდაიცვალა.

 

2013 წლის 14 იანვარს მეგის ქარდავას, სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულების ყოფილი დირექტორს ალექსანდრე მუხაძეს, სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფროსს ოლეგ ფაცაციას, ამავე დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების უფროსს ვიქტორ ყაჭეიშვილს წარედგინათ ბრალდება წამების, წამების ორგანიზებისა და სხვა ძალმომრეობითი მოქმედებების ორგანიზების მუხლებით.

 

მოსამართლის გადაწყვეტილებით, მუხაძეს, ყაჭეიშვილსა და ფაცაციას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ, ასევე, აეკრძალათ 3 წლის ვადით საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავება. 

 

თეთრაძის, ლონდარიძის, გორელიშვილის, ჩიკვატიას და ჩაპალკინის საქმეზე ბრალდებული ხუთი პირის (რატი მგელაძე, მერაბ მეტრეველი, ალექსანდრე კუჭუაშვილი, მამუკა წურწუმია, გიორგი სამუშია) მიმართ დღეს სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა. 

სერგო თეთრაძე
სერგო თეთრაძე

რაც შეეხება სხვა ბრალდებულებს, მათი სასჯელები შემდეგნაირად განისაზღვრა: თორნიკე გუნავას  6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ზვიად პატარიძეს – 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, სერგო ბიწაძეს – 1 დღით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო კოხტა კოდუას – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

მოსამართლის მიერ დღეს გამოტანილ განაჩენს არ ეთანხმება სერგო თეთრაძის მეუღლე ნანა თეთრაძე:

 

“ბაჩო ახალაია და მეგის ქარდავა იყვნენ ის პირები, რომელთა შესახებაც ჩემი მეუღლე ჯერ კიდევ მაშინ საუბრობდა, სანამ ცოცხალი იყო, იმ ერთი კვირის განმავლობაში, და ისინი აუცილებლად უნდა დაისაჯონ,” – განაცხადა მან.

 

თეთრაძის ადვოკატი მაგდა კოტრიკაძე ამბობს, რომ კიდევ სხვა პირებიც უნდა მიეცნენ სისხლის სამართლის პასუხისგებაში თეთრაძის საქმეზე:

 

“დღეს ვინც დაისაჯა, ესენი არიან პაიკები თეთრაძის საქმეში, უნდა დაიწყოს გამოძიების მესამე ეტაპი და უნდა დაისაჯონ ლევან გაბუნია, ზაზა მჭედლიძე, გეგეჭკორი, ასევე სხვა პირები, რომლებიც მონაწილეობდნენ თეთრაძის წამებაში, ისინი თავდაცვის სამინისტროში და პროკურატურაში მაღალ თანამდებობებს იკავებენ. მივმართავ მთავარ პროკურორს, დაიწყოს მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა. როგორც ვიცი, პროკურატურის წერილის საფუძველზე, რომელსაც ხელს ვინმე კვარაცხელია აწერს, ირაკლი ალასანიამ ეს პირები აღადგინა სამსახურში. თეთრაძე მომაკვდავ მდგომარეობაში მიიყვანეს ციხემდე. სწორედ ის ადამიანები, ვინც ის სიკვდილამდე მიიყვანა, ახლა თანამდებობაზე არ უნდა მუშაობდნენ”, – აცხადებს ადვოკატი. მისივე თქმით, გიორგი ჩიკვატიას საქმე თეთრაძის საქმესთან არავითარ კავშირში არ არის:

 

“ჩიკვატიას ეპიზოდი ეხება მისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთას, მის მიმართ ადგილი ჰქონდა წამებასაც თავდაცვის სამინისტროს რიგი თანამშრომლების მხრიდან, ეს საქმე თეთრაძის საქმესთან გაერთიანდა მეგის ქარდავას ბრალდების კუთხით, მიუხედავად იმისა, რომ ამ საქმეებს ერთმანეთთან არანაირი კავშირი არ ჰქონია. დღეს წარმოდგენილი პირთა ნაწილი სწორედ ჩიკვატიას ეპიზოდზე იყო ბრალდებული, თეთრაძის წამების პროცესზე ფაქტიურად იძიებდნენ ჩიკვატიასთვის უკანონოდ თავისუფლების აღკვეთას. მიგვაჩნია, რომ ეს არის სრული აბსურდი”, – განაცხადა მაგდა კოტრიკაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი