სამართალიხელოვნება

წიგნები, რომლებსაც ცენზურა ემუქრება – ლევან ბერძენიშვილის სია

23 მაისი, 2018 •
წიგნები, რომლებსაც ცენზურა ემუქრება – ლევან ბერძენიშვილის სია

კლასიკური ფილოლოგიისა და მსოფლიო ლიტერატურის სპეციალისტის, საქართველოს რესპუბლიკური პარტიის დამფუძნებლისა და ლიდერის, ლევან ბერძენიშვილის შეფასებით, წიგნების მცირე ჩამონათვალი, რომლებიც ბესელია-გოგიჩაიშვილის კანონპროექტით შესაძლოა ცენზურას დაექვემდებაროს:

1. „შუშანიკის წამება“

შუშანიკის სიტყვები, რომ ვარსქენმა აღიარა არტოშანი და შეერთო იგი უღმრთოთა შეურაცხყოფს მაზდეანთა რელიგიურ გრძნობებს.

ვითარცა ესმა ნეტარსა შუშანიკს, დავარდა იგი ქუეყანასა ზედა და თავსა დამართ სცემდა და ცრემლითა მწარითა იტყოდა: “საწყალობელ იქმნა უბადრუკი ვარსქენ, რამეთუ უვარ-ყო ჭეშმარიტი ღმერთი და აღიარა არტოშანი და შეერთო იგი უღმრთოთა”.

2. „ვეფხისტყაოსანი“

„ვეფხისტყაოსანი“, სტროფი 357 („ამბავი ტარიელის გამიჯნურებისა, პირველ რომ გამიჯნურდა“); ტარიელის სიტყვები მაჰმადიანური რჯულის მოძღვრებზე („მუყრნი და მულიმნი“) — „არ ვიცი, რას ჩმახვიდიან“ შეურაცხყოფს მუსულმანების რელიგიურ გრძნობას.

სრულნი მუყრნი და მულიმნი მე გარე შემომცვიდიან;
მათ ხელთა ჰქონდა მუსაფი, ყოველნი იკითხვიდიან;
მტერ-დაცემული ვეგონე, არ ვიცი, რას სჩმახვიდიან.
სამ დღემდის ვიყავ უსულო, ცეცხლნი უშრეტნი მწვიდიან.

3. დოსტოევსკი, „ძმები კარამაზოვები“, „დიდი ინკვიზიტორი“

„ძმებ კარამაზოვებში“ არის ვრცელი ეპიზოდი, რომელშიც ივანე კარამაზოვი ძმას, ალიოშას აცნობს თავისი პოემის, „დიდ ინკვიზიტორის“ შინაარსს. ეს პოემა გადმოგვცემს დედამიწაზე ქრისტეს ჩამოსვლის ამბავს, რომელსაც თითქოსდა ადგილი ჰქონდა შუა საუკუნეების სევილიაში. ამ ჩამოსვლის დროს მთავარმა ინკვიზიტორმა, ოთხმოცდაათი წლის კარდინალმა ქრისტე დააპატიმრა და პატიმარს აუხსნა, რომ ეკლესიას ქრისტე არაფერში სჭირდება, რომ ეკლესია ყურს უგდებს არა ქრისტეს, არამედ სატანას და ქრისტე კოცონზე დაწვის ღირსია. ბუნებრივია, ეს ეპიზოდი შეურაცხყოფს არა მხოლოდ კათოლიკურ ეკლესიას, არამედ ყველა მორწმუნის რელიგიურ გრძნობებს.

4. ჯოან როულინგი, „ჰარი პოტერი“

წიგნი ეძღვნება ყმაწვილ ჯადოქარს და, ბუნებრივია, შეურაცხყოფს ყველა იმ მორწმუნის რელიგიურ გრძნობებს, რომელთაც ჯადოქრობა დაუშვებლად მიაჩნიათ. საიტზე orthodoxy.ge გამოქვეყნებულია ნანა ბოკუჩავას ვრცელი ნარკვევი „ცოცხზე ამხედრებული „ბიჭუნა“ ჰარი პოტერი ანუ ჰოპლა… ჯოჯოხეთში“, რომელშიც ცხადად არის წარმოდგენილი მოსაზრება, რომ როულინგის წიგნების სერია შეურაცხყოფს კეთილ ქრისტიანთა რელიგიურ გრძნობებს. მასალას წინ უძღვის ზ. ცხოვრებაძის იმავე ხასიათის წინასიტყვაობა.

5. ჟოზე სარამაგუ, „იესოს სახარება“

ფინალურ სცენაში იესო, ათეისტი მწერლის პერსონაჟი, ხალხს მიმართავს და მამა ღმერთზე ამბობს, რომელიც ღიმილით დაჰყურებს თავისი შვილის ტანჯვას, შეუნდეთ, ხალხო, რამეთუ არც კი იცის, რას აკეთებსო. — ბუნებრივია, ეს სიტყვები ღრმად შეურაცხყოფს ყველა ქრისტიანის რელიგიურ გრძნობებს.


საქართველოში 1997 წლიდან არსებობს კანონი, რომლის მიხედვითაც შემოქმედებით ნაწარმოების გავრცელების აკრძალვა შესაძლებელია, როდესაც ეს ლახავს სხვა ადამიანის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, აღვივებს ეროვნულ, ეთნიკურ, რელიგიურ და რასობრივ შუღლს, ქადაგებს ომსა და ძალადობას, პროპაგანდას უწევს პორნოგრაფიას. თუმცა გამოხატვის თავისუფლების საკითხებზე მომუშავე  იურისტების, გიორგი მშვენიერაძისა [GDI] და გიორგი გოცირიძის (საია) ინფორმაციით, ამ მუხლს პრაქტიკაში არასდროს უმუშავია, რადგან მისი აღსრულების ეფექტური მექანიზმი არ არსებობდა. გოცირიძის თქმით, ამ მუხლის აღსრულების პრეროგატივა სავარაუდოდ კულტურის სამინისტროს ჰქონდა, მაგრამ არასდროს გამოუყენებია.

ამ მოწვევის პარლამენტმა მიიღო კონსტიტუციის ახალი რედაქცია, რომელიც ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ ამოქმედდება და რომლის მე-20 მუხლის მე-3 პუნქტში წერია:

შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელების აკრძალვა დასაშვებია მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუ ნაწარმოების გავრცელება ლახავს სხვათა უფლებებს

ცოტა ხნის წინ პარლამენტის წევრებმა, ლევან გოგიჩაიშვილმა და ეკა ბესელიამ პარლამენტში განსახილველად დაარეგისტრირეს კანონპროექტი, რომელიც მათი თქმით, ზემოხსენებული საკონსტიტუციო ნორმის კანონმდებლობაში გადმოტანას ითვალისწინებს.

ამ კანონპროექტით სასამართლოს ენიჭება უფლება, რომ სამოქალაქო წესით განიხილოს შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელების აკრძალვასთან დაკავშირებული საქმეები, თუ ნაწარმოების გავრცელება ლახავს სხვათა უფლებებს.

კანონპროექტით, ძალაში რჩება 1997 წლიდან არსებული ნორმა, რომლის მიხედვითაც ახლა უკვე სასამართლოს ექნება უფლებამოსილება აკრძალოს შემოქმედებითი ნაწარმოები, რომელიც აღვივებს ეროვნულ, ეთნიკურ, რელიგიურ და რასობრივ შუღლს, ქადაგებს ომსა და ძალადობას, პროპაგანდას უწევს პორნოგრაფიას და ა.შ.

იურისტები გიორგი გოცირიძე და გიორგი მშვენიერაძე ამ იდეაში საფრთხეს ხედავენ გამოხატვის თავისუფლებისთვის. გიორგი მშვენიერაძის განმარტებით, უკვე არსებული აკრძალვა, რომელიც ვერ ხორციელდებოდა, რადგან მისი აღსრულების მექანიზმი არ იყო ეფექტური, ახლა შესაძლოა რეალობად იქცეს.

„ამ ახალი კანონპროექტით ჩნდება მექანიზმი, რომ სასამართლომ განიხილოს ეს საქმეები და კონსტიტუციისგან განსხვავებით (კონსტიტუციაში მხოლოდ ადამიანის უფლებები წერია) აქ ჩნდება სხვა ჩამონათვალი, სხვა ლეგიტიმური მიზნები, როცა შეიძლება შეიზღუდუოს გამოხატვის თავისუფლება”,- ამბობს მშვენიერაძე “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

გიორგი გოცირიძის განმარტებით, 1997 წლიდან უკვე მოქმედი და ახლად ინიცირებული ჩანაწერიც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებისთვის პრობლემურია, რადგან ის არ შეიცავს მყისიერი საფრთხის ტესტს. ანუ იურისტის განმარტებით, გამოხატვის თავისუფლება შუღლის გაღვივების მოტივით შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის ძალადობის მყისიერ საფრთხეს შეიცავს, ამ შემთხვევაში კი ასეთი დათქმა არც დღეისათვის უკვე მოქმედ და არც ინიცირებულ კანონპროექტში არ გვხვდება. მისივე თქმით, პრობლემურია პორნოგრაფიის პროპაგანდის ნაწილიც, რადგან ჯერჯერობით განსაზღვრული არ არის, რა არის პორნოგრაფიის პროპაგანდა.

მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ გამოხატვის თავისუფლებას რაიმე საფრთხე შეიძლება შეექმნას, არ იზიარებს მისი ერთ-ერთი ავტორი ლევან გოგიჩაიშვილი. დეპუტატი ნეტგაზეთთან ამბობს, რომ პირიქით, სტანდარტი ბევრად უფრო მაღლა იწევს, რადგან ამ საკითხზე მსჯელობა ახალი კანონპროექტის მიხედვით სასამართლოს პრეროგატივა ხდება, მაშინ როდესაც დღეს ჯერ კიდევ ძალაშია 1997 წელს მიღებული ნორმა, ეს ნებისმიერმა უწყებამ შეიძლება გააკეთოს. მისი თქმით, მათი კანონპროექტი მხოლოდ ტექნიკური ხასიათისაა და კონსტიტუციაში მიღებული ნორმის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციას ითვალისწინებს.

ლევან გოგიჩაიშვილი არ თვლის, რომ ეს არის “მკვდარი ნორმის” გაცოცხლების პროცესი. მიუხედავად ამისა, ლევან გოგიჩაიშვილის თქმით, თუ ვინმეს შენიშვნები აქვს ჯერ კიდევ 1997 წელს დამტკიცებულ ჩანაწერთან და არა ახალთან, რადგან აკრძალვის ახალი კრიტერიუმები მას არ დაუწესებია, ის დისკუსიისთვის მზად არის. დეპუტატს ასევე უკვირს, ამდენი ხნის განმავლობაში რატომ იყვნენ ჩუმად უფლებადამცველები ამ ნორმასთან დაკავშირებით, თუ ისინი მასში საფრთხეს ხედავდნენ. უმრავლესობის დეპუტატი ამბობს, რომ ეს არ არის ცენზურა და კრიტიკას მის ინიციატივაზე “თითიდან გამოწოვილს” უწოდებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი