პრეზიდენტს, პარლამენტის წევრს, მინისტრებსა და მათ მოადგილეებს, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობის თავმჯდომარეებს, უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს ნარკოლოგიური შემოწმების ვალდებულება აღარ ექნებათ. ინიციატივის ავტორები “ქართული ოცნების” დეპუტატები არიან.
ცვლილებები შედის “კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” კანონში. აქამდე მოქმედი წესით აღნიშნული თანამდებობის პირები ვალდებული არიან, “ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის მიერ მისთვის დადგენილ ვადაში” გაიარონ ნარკოლოგიური შემოწმება.
შესაბამისი ცნობა პირმა გაცემიდან 3 დღეში უნდა წარადგინოს ბიუროში. ცნობა საჯაროა და მიღების შემდეგ ბიურო საკუთარ ვებგვერდზე ათავსებს.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე ინიციატივას იმით ხსნის, რომ ნარკოლოგიური ტესტის ჩაბარება შეურაცხმყოფელი იყო.
“მე მგონია, რომ ამ საკითხზე იქნება საყოველთაო კონსენსუსი. იქიდან გამომდინარე, რომ მართლაც შეურაცხმყოფელი ფორმა არის, როდესაც საპარლამენტო სიაში მოხვედრის მსურველებმა უნდა გაიარონ ნარკოტიკული შემოწმება […] როგორც კი ერთი კითხვა დაისმება, პირველი გავვარდები და – არა იმ რაღაც მართლაც უხერხული ფორმით – პირველი მივალ და თმის ღერსაც ჩავაბარებ, ვიღაცებისგან განსხვავებით, რომლებიც გერმანიაში გარბოდნენ თავის დროზე და ცოტა უცნაურ კლინიკებში აბარებდნენ ხოლმე”, – განაცხადა მდინარაძემ.
მან თმის ღერის ჩაბარების მზაობით ექსპრემიერ გიორგი გახარიაზე მიანიშნა, რომელმაც მისი მისამართით გაჩენილი კითხვების საპასუხოდ ნარკოტესტი ავსტრიაში, ვენის ერთ-ერთ კლინიკაში გაიკეთა. ეს საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების წინა პერიოდში, მმართველი პარტიის კანდიდატმა, კახა კალაძემ კოლეგებს ნარკოტესტის ჩატარებისკენ მოუწოდა. მოგვიანებით გახარიას სავარაუდო “ნარკომომხმარებლობაზე” მიანიშნეს “ქართული ოცნების” სხვა ლიდერებმაც. მაშინ გახარია კალაძის კონკურენტი იყო. “ნარკოტიკის მოხმარება არ დადასტურდა” – ეწერა გახარიას მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში.
კოლეგების ინიციატივას მიესალმება ზოგიერთი ოპოზიციონერი დეპუტატი. მათ შორის, ალეკო ელისაშვილი და იაგო ხვიჩია.
“შარდის სიწმინდე მოწმდებოდა აქამდე დეპუტატების და სხვადასხვა თანამდებობის პირების. ჩვენი კოლეგები ამაზე ხშირად აპელირებდნენ ხოლმე, რომ ვის ჰქონდა შარდი წმინდა და ვის არა. ეს დისკუსია რომ მოიხსნას, როგორც ჩანს, “ქოცებმა” გადაწყვიტეს, აწი აღარ შეამოწმონ ერთმანეთის შარდის სიწმინდე და შემოიტანეს კანონი ამის გასაუქმებლად”, – უთხრა ხვიჩიამ TV პირველს და აღნიშნა, რომ ეს ვალდებულება აქამდეც არ უნდა ყოფილიყო.
დეპუტატი თეონა აქუბარდია თვლის, რომ ეს არის ერთგვარი ანგარიშვალდებულება საზოგადოების წინაშე და ნარკოტესტის გაკეთებაში პრობლემას ვერ ხედავს.
აღნიშნული ინიციატივა ერთ-ერთია “კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” კანონში დაგეგმილი ცვლილებებისა, რომლის ავტორები არიან “ქართული ოცნების” დეპუტატები: ანრი ოხანაშვილი, ალუდა ღუდუშაური, ირაკლი შატაკიშვილი, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, მიხეილ სარჯველაძე, გურამ მაჭარაშვილი და ალექსანდრე ტაბატაძე. კანონპროექტმა უკვე მიიღო საბიუჯეტო ოფისისა და იურიდიული დეპარტამენტის დასკვნები.
დარჩენილია საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი, რომლის დადებითი დასკვნა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანისთვის სავალდებულოა.