სამართალი

უნდა დაერთოს თუ არა 26 მაისის საქმეს აშშ–ის დაკვეთით მომზადებული დასკვნა?

19 ნოემბერი, 2013 • • 1318
უნდა დაერთოს თუ არა 26 მაისის საქმეს აშშ–ის დაკვეთით მომზადებული დასკვნა?

თბილისის საქალაქო სასამართლოში 26 მაისის საქმეზე წინასასამართლო სხდომა დღეს, 19 ნოემბერს გაიმართა. სხდომაზე დაცვის და ბრალდების მხარეებმა დასაკითხ პირთა სია და მტკიცებულებების ნუსხა წარმოადგინეს. დაცვის მხარის მტკიცებულებათა ჩამონათვალში “დენსუსის” დასკვნაც მოხვდა.

“აღნიშნული დასკვნა ადასტურებს ბატონი ივანე მერაბიშვილის უდანაშაულობას ე.წ. 26 მაისის საქმეზე, აქ საუბარია მიტინგის დაშლის გადაწყვეტილებაზე, როგორ იყო მომზადებული ბრძანება. ბუნებრივია, ამ დასკვნაში საუბარია კონკრეტული პოლიციელების მხრიდან გადაცდომაზე, მაგრამ მთლიანობაში თავად გადაწყვეტილება მიტინგის დაშლის შესახებ იყო სწორი, ეს არის შეფასება ამ მიუკერძოებელი ორგანიზაციისა. ეს ორგანიზაცია დღესაც თანამშრომლობს შსს–სთან და ასწავლის საერთაშორისო სტანდარტებს, როგორ უნდა მოხდეს მიტინგის დაშლა თუ სხვა ღონისძიებები. პროკურატურა ამ მტკიცებულებებს გვიმალავდა და მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის თხოვნით გადმოგვცა”, – აცხადებს ვანო მერაბიშვილის ადვოკატი ოთარ კახიძე.

პროკურორების განმარტებით, მტკიცებულების დაუშვებლად ცნობა მხოლოდ იმიტომ მოითხოვეს, რომ ის დაცვის მხარემ კანონის ნორმების დარღვევით წარმოადგინა:

“ბრალდების მხარემ მოითხოვა “დენსუსის” დასკვნის დაუშვებლად ცნობა მხოლოდ იმის გამო, რომ დაცვის მხარეს აღნიშნული მტკიცებულება წარნმოდგენილი ჰქონდა კანონის მთხოვნათა დარღვევით, რაც გამოიხატა იმაში, რომ დაცვის მხარემ ვერ წარმოადგინა აღნიშნული დასკვნის შემდგენი პირი დასაკითხ პირთა სიაში და აღნიშნული დაკითხვის გარეშე კი წარმოუდგენელია ვიმსჯელოთ დასაშვებობა–დაუშვებლლობაზე”, – აცხადებს პროკურორი ნათია მეზვრიშვილი.

ვანო მერაბიშვილი სასამართლო პროცესზე
ვანო მერაბიშვილი სასამართლო პროცესზე

“დენსუსის” დასკვნის მტკიცებულების სახით დაუშვებლად ცნობა პროცესზე გააპროტესტა თავად ვანო მერაბიშვილმაც, მან განაცხადა, რომ დოკუმენტის დაუშვებლობა ივანიშვილის ინტერესებში შედის:

“ეს დოკუმენტი არ ყოფილა თავის მართლების დოკუმენტი, არამედ მიზნად ისახავდა იმას, რომ გაერკვია, თუ როგორ დაიგეგმა და განხორციელდა ოპერაცია. ეს დოკუმენტი თუ ჩაიდება ამ საქმეში, პროცესი დასრულდება, რადგან აზრს დაკარგავს. აქ შავით თეთრზე წერია, რომ ბრალდება არის გაუგებარი. პროკურატურას შეუძლია განახორციელოს ზეწოლა, რათა არ დაუშვან ეს მტკიცებულება, რადგან ჩემს ბრალეულობაზე, ორგანიზატორების ბრალეულობაზე ამის შემდეგ ვერც ერთი პროკურორი მსოფლიოში ვერ იმსჯელებს. ივანიშვილისთვის არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, რომ არ დაუშვას ეს დოკუმენტი”, – განაცხადა პროცესზე ვანო მერაბიშვილმა.

რაც შეეხება დასაკითხ პირთა სიას, ბრალდების მხარის ჩამონათვალში ფიგურირებენ “დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი ნინო ბურჯანაძე, ასევე, ირაკლი ბათიაშვილი, ნონა გაფრინდაშვილი და სხვა პირები. დაცვის მხარის სიაში კი შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი უფროსი შოთა უტიაშვილი, შს მინისტრის ყოფილი მოადგილე შოთა ხიზანიშვილი და სხვ. ხოლო შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე შალვა ჯანაშვილი როგორც დაცვის, ასევე ბრალდების მოწმეთა სიაში აღმოჩნდა:

“ჯანაშვილი ბრალდების მხარის მოწმეა, მაგრამ თუკი ბრალდება უარს განაცხადებს მის დაკითხვაზე, მას ჩვენ დავკითხავთ”, – აცხადებს ოთარ კახიძე. მისი თქმით, გარდა ჯანაშვილის ჩვენებისა, საქმეში კონკრეტულად მერაბიშვილის წინააღმდეგ ჩვენება არ არსებობს:

 

“არიან 26 მაისის მიტინგში მონაწილე სხვადასხვა პირები, რომლებიც საუბრობენ მიტინგის დაშლის შესახებ, თუმცა ისინი არ საუბრობენ მერაბიშვილის ბრალდების შესახებ და თავად იმ დაგადაწყვეტილებაზე, რომ მიტინგი უნდა დაშლილიყო. ცალკეულმა პოლიციელებმა შესაძლოა გადაამეტეს ძალას, თუმცა ეს ვანო მერაბიშვილის გადაწყვეტილებას, რომ მიტინგი უნდა ყოფილიყო დაშლილი, არაფერ შუაში არ არის.

 

მერაბიშვილის წინააღმდეგ ცრუ ჩვენება ბატონ ჯანაშვილს აქვს მიცემული, თუმცა ჩვენ ასევე გვაქვს დასკვნა, რომლის მომზადებაშიც მინისტრის მოადგილეობის დროს ჯანაშვილიც იყო ჩართული. საინტერესოა, რას უპასუხებს იმ კითხვებს, რომლებიც უკავშირდება თავად მიტინგის დაშლის გადაწყვეტილებას და იმ არგუმენტებს, რომელიც დასკვნაშია”, – აცხადებს ოთარ კახიძე.

დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარეს ბრალდების მტკიცებულებათა დაუშვებლად ცნობის საკითხი არ დაუყენებიათ, ამისათვის მათ დრო მოითხოვეს და სასამართლოს სხდომის გადადების შუამდგომლობით მიმართეს. მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ შუამდგომლობა დააკმაყოფილა და სხდომა 27 ნოემბრისთვის გადადო.

მასალების გადაბეჭდვის წესი